აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ, გიორგი ბარათელის შესახებ, ჩვენი განაცხადი ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
”ზემოხსენებულ საჩივარს სასამართლო განიხილავს შესაძლებლობისთანავე, თქვენს მიერ წარმოდგენილი საბუთებისა და ინფორმაციის საფუძველზე. სასამართლო პროცედურა, უმეტესად, წერილობითი გახლავთ და თავად თქვენ და მომჩივანი მოწვეულნი იქნებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ამას საჭიროდ მიიჩნევს. სამდივნო დაუყოვნებლივ გაცნობებთ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ...” - ამგვარი შინაარსის წერილი მიიღო სტრასბურგის სასამართლოდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ნათია კაციტაძემ, რომელიც ევროსასამართლოში ჩვენს უფლებებს იცავს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 10 სექტემბერს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37–ე, 38–ე მუხლების საფუძველზე, განცხადებით მივმართეთ სასჯელაღსრულების იმჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს და ვთხოვეთ ჩვენთვის მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, თუ სად, რომელ საპყრობილეში იხდიდა სასჯელს აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი. უარი იმ მოტივით გვითხრეს, რომ ეს იყო საიდუმლო ინფორმაცია.
ამის შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს დამხარებისთვის მივმართეთ - სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ადმინისტრაციული სარჩელი შევიტანეთ, რასაც მოჰყვა პროცესები საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. საქალაქომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, სააპელაციომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი ჩვენი საკასაციო საჩივარი არ განიხილა.
სამივე ინსტანციაში ჩვენს უფლებებს იცავდნენ, მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები: თათული თოდუა, თამარ გურჩიანი და ანა შალამბერიძე. მათ კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას გაწეული დახმარებისა და გულისხმიერებისთვის.
ევროპულ სასამართლოში საჩივარი 15 მარტს გაიგზავნა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტრასბურგში ჩვენს უფლებებს საია-ს იურისტი, ნათია კაციტაძე იცავს. ევროპულ სასამართლოს ვთხოვთ დაადგინოს კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა, რომელიც შეეხება ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლებას.
”სტრასბურგიდან ამ წერილის მიღება ნიშნავს, რომ ყველა მასალა ევროპულ სასამართლოში ჩავიდა, ამ საქმემ რეგისტრაცია გაიარა და კონკრეტული ნომერი მიენიჭა, რომლის შემდგომ ეტაპზე, რაღაც საბუთების გაგზავნა იქნება, თუ სხვა პროცედურების განხორციელება, ეს მითითებული ნომრით მოხდება. საქმეს ჰქვია - ”ნინო მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, რომლის ნომერია № 18865/11”, - ამბობს ნათია კაციტაძე.
მისივე განმარტებით, ამის შემდეგ სასამართლო დასაშვებობის ეტაპს ამოწმებს და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ჩვენთვის ცნობილი ეს საქმე დასაშვებად ცნო სასამართლომ, თუ დაუშვებლად. თუ ჩვენს მიერ გაგზავნილ საჩივარსა და დოკუმენტაციაზე დაყრდნობით სასამართლო ჩათვლის, რომ კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა იკვეთება, საქმეს დასაშვებად ცნობს და საქართველოს მთავრობას კითხვებს გამოუგზავნის, რომელსაც პასუხი ორი თვის განმავლობაში უნდა გაეცეს. არსებული პროცედურის მიხედვით, ამ კითხვების შინაარსი მომჩივან მხარესაც ეგზავნება.
მთავრობის მიერ გაცემული პასუხების შემდეგ თავისი მოსაზრებები მომჩივანმა მხარემ ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთხელ უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც სასამართლო ყველა არგუმენტს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
ინფორმაცია აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ არა მარტო ჩვენ გვაინტერესებს - ეს ინფორმაცია საზოგადოებრივი, საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს. ჩვენ სწორედ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის ლეგიტიმური გზით მოპოვებას ვცდილობდით, სანამ ჯერ ქართულ და შემდეგ ევროპულ სასამართლოს მივმართავდით.
სასამართლო პროცესების პარალელურად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დახმარებით, წერილობით მივმართეთ, რათა ამ უწყებას ერთგვარი შუამავლის ფუნქცია შეესრულებინა - ჩვენ ვითხოვდით გიორგი ბარათელის წერილობით თანხმობას, ან უარს, იმაზე, უნდოდა თუ არა თავად მას, რომ გაგვეგო ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ამგვარი შინაარსის პასუხი გაგვცა - თქვენ ერთხელ ხომ გითხარით, რომ ეს ინფორმაცია საიდუმლოაო?!
იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოპოვებაში ხელი შეგვიშალა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი სახელმწიფო, პროფესიულ, ან კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავენ. აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია, არც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, არც პროფესიულს და არც კომერციულს. ამ ინფორმაციის გასაიდუმლოებით კი უფრო ბუნდოვანი ხდება 2008 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე მოკლული გურამ შარაძის საქმე. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მისი ოჯახი და საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღემდე დარწმუნებულია იმაში, რომ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს.