„ქართული ოცნება“ თოფაძეს და მის გუნდს უფრო ადვილად გაწირავს, ვიდრე „რესპუბლიკელებს“

„ქართული ოცნება“ თოფაძეს და მის გუნდს უფრო ადვილად გაწირავს, ვიდრე „რესპუბლიკელებს“

როგორ დასრულდება „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის არსებული დაპირისპირება, ეს კვირას პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. დაპირისპირებული მხარეები პრემიერ-მინისტრის ვერდიქტის მოლოდინში არიან. მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა, ექსერტის სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ ხუთსუბიექტიანი კოალიცია საპარლამენტო არჩევნებზე იმავე შემადგენლობით წარსდგება, რაც დღეს არის.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია „ქართული ოცნება“ არავის გარიცხვას არ აპირებს საკუთარი რიგებიდან. ნიშანდობლივია, რომ ამ განხეთქილებით ყველაზე შეწუხებული არიან „ქართული ოცნების“ კონკურენტები. არ გამოვრიცხავ, რომ ბატონი თოფაძე იმ დეპუტატთა შორისაა, რომელთაც განსხვავებული ხედვა აქვთ, იმასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება მოხვდნენ მომავალ პარლამენტში. ჩვენ მოწმენი ვიყავით, ამ სავარძლის შესანარჩუნებლად, როგორ მოიხსენიებდნენ ქვეყნის პრეზიდენტს და ფიქობდნენ, რომ ამით ერთგულებას უმტკიცებდნენ „ქართული ოცნების“ მამამარჩენალს. როგორც ჩანს, ახალი „რესპუბლიკური პარტიის“ ჯერია.

რამდენიმე გაზეთს თვალს თუ გადავავლებთ, ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ, ვინ არის მიჭირხვნის რიგში. ეს გახლავთ ერთი ადამიანის ტვინში მოხარშული სცენარი, გამხმოვანებელი კი, საკმარისზე მეტი ჰყავს ამ იდეის ავტორს. რაც უფრო პიონერული შემართებით და კომკავშირული ერთგულებით მოახერხებენ ამ ფრაზეოლოგიის დანერგვას საზოგადოებაში, მით უფრი დიდი შანსია, რომ ეს ადამიანები მუდმივად იყვნენ მომავალი პარლამენტის წევრები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ კოალიცია აუცილებლად დაიშლება, მაგრამ არა წინასაარჩევნოდ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის ეკა ბესელიას შეფასებით, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე გამოთქმული მოსაზრება, საინტერესოა. დეპუტატის განცხადებით, ამით საკუთარ შესაძლებლობებზე გადამეტებულ წარმოდგენებს პასუხი გაეცემა.

„ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას კოალიციურ ფორმატში ვგეგმავთ. ჯერჯერობით მოცემულობა ეს არის, მაგრამ საინტერესოა ფორმულა, როცა ექსპერტები ამბობენ, რომ კოალიციის თითოეულმა სუბიექტმა დამოუკიდებლად სცადოს ბედი და მოიპოვოს ამომრჩევლის ნდობა. ეს გადამეტებული წარმოდგენები საკუთარ შესაძლებლობებზე, მე ვფიქრობ, პასუხგაცემული იქნება. არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ ზოგადად, ვფიქრობ, რომ ესეც საინტერესო სვლაა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ „ქართული ოცნება“ გოგი თოფაძეს და მის გუნდს უფრო ადვილად გაწირავს, ვიდრე „რესპუბლიკელებს“ და ეს მხოლოდ საგარეო ფაქტორებით იქნება განპირობებული. მისივე თქმით, იმ ფონზე, რაც დღეს საერთაშორისო არენაზეა შექმნილი, კოალიცია ეცდება განამტკიცოს თავისი ევროპული კურსი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ადრეც სულ იდგა კოალიციის დღის წესრიგში.

„თუკი „ქართული ოცნება“ თოფაძეს გაუწევს უფრო მეტ ანგარიშს, ვიდრე ხიდაშელს, ისევ დაიწყება საუბარი თემაზე, რომ შესაძლოა, საქართველომ რუსეთისკენ შეიცვალოს ორიენტაცია, ამ ფონზეც არის გასააზრებელი ის, რაც ხდება თოფაძე-ხიდაშელის კონტექსტში. მე არ გამოვრიცხავ, რომ თოფაძესა და „რესპუბლიკელების“ დაპირისპირება შერიგებით დასრულდეს.

თოფაძემ „რესპუბლიკელებთან“ დაპირისპირებით საკმაოდ ჭკვიანური სვლა გააკეთა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა. არის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი „რესპუბლიკელების“ მიმართ. თოფაძემ ფაქტიურად გაინაღდა ამ ნაწილის მხარდაჭერა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ამ ვითარებში სახელმწიფოებრივად სწორი იქნება კოალიციის დაშლა და ყველა პარტიამ ცალ-ცალკე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

„ეს დაპირისპირება არ არის მარტო „რესპუბლიკურ პარტიასა“ და თოფაძეს შორის. ჩვენ ვიცით, რომ თოფაძეს ძალიან ბევრი უთანაგრძნობს „ქართულ ოცნებაში“ და თუნდაც სხვა პატარ-პატარა პარტიებში. არც ერთ პარტიას არ აქვს ლეგიტიმაცია. ისინი ძალაუფლების წყაროს ბიძინა ივანიშვილის მხრებზე ეძებენ. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ვერც ერთი პარტია ვერაფერს ვერ მატებს. ვფიქრობ, რომ ეს არის რთული გადაწყვეტილება, მაგრამ სახელმწიფოებრივად გამართული გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება ახალი სტარტი მისცეს ქვეყნის განვითარებას. „რესპუბლიკური პარტია“ იწყებს თავისი ბედის დაკავშირებას პოლიტიკურ არჩევანთან, ეს უკვე არაჯანსაღი მიდგომაა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.