აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება, მხოლოდ მოსკოვზეა დამოკიდებული. თურქეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, თურქეთმა სცადა ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარება, მაგრამ ყველა მცდელობა, მოსკოვის მხრიდან, იგნორირებული იყო. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვია და თურქულმა ავიაგამანადგურებელმა რუსული მოიერიშე ჩამოაგდო, რასაც ერთი მფრინავის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თუმცა, რუსული ავიაგამანდგურებლის ჩამოგდებას წინ უსწრებდა რუსეთის ღია ჩარევა სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ოფიციალური მოსკოვი საკუთარი შეიარაღებული ძალების ჩართულობას სირიის ტერიტორაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში „ისლამური სახელმწოფოსთან“ დაპირისპირებით ხსნით, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ოფიციალური ანკარა და კრემლს ტერორისტების მფარველობაში სდებს ბრალს. ბრალდებას კი იმით ამყარებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეები და ასადის ოპოზიციაა. ანკარას პოზიციას იზიარებენ მსოფლიო ლიდერებიც, რომელთა განცხადებით, მოსკოვის ქმედებაში არ ჩანს, რომ იგი რეალურად, „ისლამურ სახელმწიფოს“ უპირისპირდება.
მსოფლიოს ლიდერები უკვე ხმამაღლა საუბრობენ რუსეთ-თურქეთს შორის მოსალოდნელ სამხედრო დაპირისპირებაზე და თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ, ქურთული ავტონომიის შექმნაზე, რასაც რუსეთი აქტიურად უწყობს ხელს. ეს ფაქტობრივად ნიშნავს თურქეთის სახელმწიფოს რღვევის მრავალწლიანი, სისხლისმღვრელი პროცესის დაწყებას.
„საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ თურქეთი უკიდურესად მძიმე არჩევანის წინაშეა. ან შეეგუოს ქურთული ავტონომიის შექმნას საკუთარ საზღვრებთან, რითიც საფუძველს დაუდებს მრავალწლიან კონფლიქტს ქურთებთან საკუთარ ტერიტორიაზე, ან დაიწყოს სამხედრო ოპერაცია სირიაში, რაც რუსეთთან კონფრონტაციის ტოლფასია.
„ევროკავშირი, რომელიც ვერაფრით უმკლავდება მიგრანტთა უზარმაზარ ნაკადებს, დაჩქარებული წესით განიხილავს მიგრანტთა ახალი თურქული ტალღის გაჩენის შესაძლებლობას კონფლიქტის თურქეთის ტერიტორიაზე შეღწევის შემთხვევაში და ევროკავშირის მოსალოდნელ რეაქციას ამ უზარმაზარ გამოწვევაზე. აღარაფერს ვამბობთ, რუსეთსა და ნატოს წევრ თურქეთს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, ნატოს წინაშე მდგარ გამოწვევაზე. აზერბაიჯანი, რომელიც კარგად აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეებს, ცდილობს შუამავლის როლი ითამაშოს რუსეთსა და თურქეთს შორის“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
მისივე განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას უფლება აქვს იცოდეს რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება, რადგან ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა, ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა და შესაბამისად, აუცილებელია პროფესიონალთა აქტიური ჩართვა ამ პროცესში, თუნდაც კონსულტირების და მოსაზარებათა ურთიერთგაცვლის დონეზე.
„არის რაღაცა საჯარო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, შესაბამის სპეციალისტებთან უნდა გადიოდნენ კონსულტაციებს - დაწყებული ემიგრაციის სამსახურებიდან, დამთავრებული უსაფრთხოების ასპექტებით. ეს ყველაფერი მაქსიმალურ კოორდინაციაში უნდა იყოს მოყვანილი ნატოს და ევროკავშირის სირთულესთან. მართალია, მათაც ვერ გაურთმევიათ თავი, მაგრამ შენ რას იზამ მარტო?
ვითარება, რომელიც ახლა ვითარდება თურქეთში, მთელი მსოფლიოსთვის არის ცუდი, რადგან ეს რეალურად ნიშნავს თურქეთის სახელმწოფოს ნგრევას. როგორც უკვე აღვნიშნე, თურქეთს აქვს ორი არჩევანი - ან დაელოდოს საკუთარი სახელმწიფოს ნგრევას და მრავალწლიან კონფლიქტებს, ან სამხედრო ძალით შევიდეს სირიაში, რაც რუსეთთან დაპირისპირებას ნიშნავს. ორივე არჩევანი დამანგრეველია თურქეთისთვის.
თუ პირდაპირ სამხედრო ძალით შეიჭრა და მერე ამ კონფლიქტმა უშუალოდ თურქეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა, ეს მერე ნატოს ჩართულობას ითვალისწინებს და მერე თანმდევი პრობლემებია და ამიტო შეიძლება, იგივე ამერიკის ზეწოლით თურქეთი დათანხმდეს გრძელვადიან პროცესში ამ დარტყმების გადატანას. ანუ შეგუება მოუწევს ქურთულ ავტონომიასთან საკუთარ საზღვრებთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, მოვლენების განვითარების დეტალური პროგნოზი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის ძალები, რომლებიც თურქეთის ინტერესებს უპირისპირდებიან, შეეცდებიან ქურთული კარტის გათამაშებას.
„უნდა გავითვილისწინოთ, რომ ქურთთა ეთნოსი ერთგვაროვანი და ერთნაირად მოაზროვნე მასა როდია. სირიის, ერაყის და თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთები განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის, მოსაზრებებისა თუ პერსპექტივაში დამოუკიდებელი ქურთული ერთეულის სხვადასხვაგვარი მოდელის მხარდამჭერნი არიან. ამიტომ მათი ერთსულოვნება ცოტა რთული წარმოსადგენია.
მეორე მომენტი გახლავთ ის, რომ ქურთულ ავტონომიას მხარს დაუჭერს რუსეთი. რუსეთი შეეცდება მხარი დაუჭიროს თურქეთთან დაპირისპირებულ ძალებს, მაგრამ ამგვარი კონფიგურაციის სტრუქტურული და გეოპოლიტიკური ცვლილება, რუსეთის ძალებს აღემატება. იმ ცდების მიუხედავად, რასაც რუსეთი ახლა აღმოსავლეთში ახორციელებს, ეს პროცესი მთლად მარტივი არ არის. სცენარი, რომლის თაობაზეც თქვენ მეკითხებით, ასე ადვილად განსახორციელებელი არ გახლავთ“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.
თუმცა, აქვე აცხადებს, რომ დაპირისპირება რუსეთსა და თურქეთს შორის, კიდევ დიდხანს გაგრძელდება და შეიძლება უფრო მწვავე ხასიათიც მიიღოს. მენაღარიშვილის განცხადებით, თურქეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქურთული ავტონომიის შექმნა არ დაუშვას მის საზღვართან.
„თურქეთის დღევანდელი ლიდერები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მათ საზღვართან ქურთული ავტონომიის შექმნას, რადგან ამ პროცესში თურქეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სერიოზულ საფრთხეს ხედავენ. მით უმეტეს, რომ ეს არ ეხება მხოლოდ თურქეთის საზღვართან სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, ეს ეხება თვითონ თურქეთის ტერიტორიის ძალიან სერიოზულ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, რომელიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული. ეს წარმოადგენს სწორედ თურქების შეშფოთების საგანს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.