„დღეში 100-მდე დოკუმენტს ვაწერ ხელს და ყველას პირადად ვერ შევამოწმებ, შეცდომა ყველას მოსდის“, - ასე ახსნა დავით ნარმანიამ პროკურორის შვილის, თამარ გერგედავას მძიმე სოციალური მდგომარეობის მიზეზით საფრანგეთში სწავლის დაფინანსება და პასუხისმგებლობაც მოიხსნა. ნარმანიას მიერ ხელმოწერილ სკანდალურ დოკუმენტს, განათლების განყოფილების უფროსი, ვერიკო ხელისუფალი შეეწირა.
for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ნარმანიას ბედი გადაწყვეტილია და 2016 წლის ოქტომბრამდე ნომინალურად შეინარჩუნებს - „ნარმანიას არ აქვს მართვის ბერკეტები“.
ბატონო გია, ნარმანიას განცხადება, რომ დღეში 100-მდე დოკუმენტს აწერს ხელს და ყველას პირადად ვერ შეამოწმებს, ეს არგუმენტია თქვენთვის?
გია ხუხაშვილი: ერთის მხრივ გასაგებია და რაღაცა ლოგიკა დევს ამაში. ამ განცხადების მიზანი მარტივია. ნარმანია ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებს. კითხულობს, თუ არ კითხულბს, ეს არავის არ აინტერესებს. ის არის პასუხისმგებელი პირი, რომელიც ხელს აწერს დოკუმენტს. ელემენტარულია, როდესაც დოკუმენტს აწერ ხელს და მერე ამტკიცებ, რომ არ წაგიკითხავს, ეს არ განთავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, პირიქით, აორმაგებს შენს პასუხისმგებლობას. გარდა იმისა, როდესაც არასწორ დოკუმენტს აწერ ხელს, აჩვენებს, რომ საერთოდ აგდებულად ეპყრობი შენი პასუხისმგებლობის საკითხს. დავუშვათ, ხელმოსაწერად შეუტანეს დოკუმენტი პარლამენტის დანგრევის შესახებ და რომ დაიწყება დანგრევა, მერე რას იტყვის, არ წამიკითხავსო? ხომ გესმით, როგორი აბსურდია ეს განცხადება.
არ ვარ წინააღმდეგი, რომ სახელმწიფომ ინვესტიცია ჩადოს ახალგაზრდების განათლებაში, რადგან ეს ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდება. არ ვთვლი, რომ ეს არის ცუდი საქმე, მაგრამ სხვა საკითხია მოტივაცია - სოციალურად დაუცველი - ეს მოტივაცია იწვევს აღშფოთებას და არა ის, რომ ვიღაცის სწავლა დააფინანსა მერიამ. ახლაგაზრდების სწავლას აქტიურად უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო, იმისდა მიუხედავად, სოციალურად დაუცველია თუ არა. ძალიან ცუდი ისტორიაა, მაგრამ ამ ისტორიაში თანავუგრძნობ თვითონ იმ ბავშვს, რომელიც ლამის ჯვარს აცვეს იმის გამო, რომ სოციალურ სტატუსში გაიყვანეს.
მაგრამ დოკუმენტში, არსად არ წერია, რომ გერგედავა სოციალურად დაუცველია. პრეზიდენტის ფონდიდან შეიძლება გერგედავას სწავლის დაფინანსება და სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა, როტომ არ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ის, რომ დაფინანსება მერიისგან მიიღო, ეს იყო გააზრებული გადაწყვეტილება?
- თქვენ კიდევ ერთ არაჯანსაღ მიმართულებას გაუსვით ხაზი - თვითონ ხელისუფლების შტოებს შორის დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის ფონდი აუცილებლად დააფინანსებდა ამ ბავშვის სწავლას, მაგრამ პროკურორს შეეშინდა მიემართა პრეზიდენტის ფონდისთვის, რომ შემდეგ ვიღაცას პროკურატურაში არ ჩაეთვალა, რომ მას რაღაცა ურთიერთობა აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. აი, ასეთ არაჯანსაღ ვითარებაში ვიმყოფებით. ეს ფაქტი არ მიმაჩნია იმდენად დრამატულად, რამდენადაც მერის მხრიდან შემდგომი რეაგირება. ეს ხელის შეხოცვა რა უბედურებაა?!
გამოდის, რომ პასუხისმგებლობას იხსნის დავით ნარმანია?
- ეს არის ძალიან ცუდი. ხელმძღვანელს უნდა ესმოდეს, რომ თუ მას არ ექნა ავტორიტეტი სისტემაში, მაშინ მისი მხრიდან არ შეიძლება ლაპარაკი იყოს ეფექტურ მართვაზე. მერიის ყველა თანამშრომელს გაუჩნდება განცდა, რომ ნარმანიას შეუძლია ყველას შეახოცოს ხელი. შესაბისად, ამის მიხედვით ყალიბდება სისტემის შიგნით მისდამი დამოკიდებულებაც.
მერის არგუმენტი, რომ ყველაფერს არ კითხულობს, ეს სრული აბსურდია. მიუხედავდა იმისა, წაკითხული ჰქონდა თუ არა, ის არის პასუხისმგებელი, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ მერის იმპიჩმენტის აუცილებლობა შეიქმნას. თუ აღმოჩნდება, რომ გერგედავა ნარმანიას მეგობარია და მერის პირადი გადაწყვეტილებით მოხდა დაფინანსებაც, ეს უფრო დაამძიმებს ნარმანიას მდგომარეობას.
თქვენ არ ფიქობთ, რომ ნარმანიას პირადი გადაწყვეტილებით მოხდა ამ სტუდენტის დაფინანსება და არა განათლების განყოფილების უფროსის?
- სიმართლე გითხრათ, ნარმანიასა და იმ თანამშრომელს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. თქვენ რა გგონიათ, ნარმანია არის რეალური ხელმძღვანელი? ნარმანიაც არაფერს არ წარმოადგენს მერიაში, ის ვერ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. ნარმანიას შესაძლებლობებზე ცოტა გადაჭარბებული აზრის ხართ. ნარმანია რომ იყოს ისეთი მერი, როგორიც უგულავა იყო, რომელიც რეალურად მართავდა სიტუაციას, ამ შემთხვევაში შეიძლება გველაპარაკა მის პასუხიმგებლობაზე, მაგრამ ნარმანიაზე საუბარი, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირზე, არასერიოზულია. გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ უწესო ადამიანია და შეუძლია ასეთი რამ გააკეთოს, მაგრამ ძალიან ცუდი მენეჯერია, ვერ მართავს მერიაში სიტუაციას.
თუკი ვერ მართავს მერიას, მაშინ უნდა დატოვოს თანამდებობა?
- ეს გარდაუვალი პროცესია. ძალიან მაღალი ალბათობით საპარლამენტო არჩევნების პარალელურად მერის არჩევნებიც ჩატარდება. გამოვრიცხავ, რომ მერის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარდეს. ამის ფუფუნება „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნებოდა მათი მხრიდან და ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ვითარებას საპარლამენტო არჩევნებამდე გაწელავენ. ნარმანიას ნომინალურად შეინარჩუნებენ 2016 წლის ოქტომბრამდე და ეს მანაც მშვენივრად იცის.
ანუ, ნარმანიამ იცის, რომ მისი ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია?
- რა თქმა უნდა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ არ იყო იმ მასშტაბის მენეჯერი, რომ ქალაქი ემართა. მისი მერად არჩევა გარკვეული ახირება იყო, რაც არ შეესაბამებოდა ისეთ სტანდარტებს, რაც ამ პროცესს უნდა ახლდეს. სამწუხარო რეალობაა და ნარმანიამ ყველაზე კარგად იცის, რომ მასზე არაფერი არ არის დამოკიდებული, რასაც ეტყვიან იმას აკეთებს. ნარმანია დიდი ხანია ნომინალურად ხელმძღვანელობს ქალაქს.
და ვინ მართავს ქალაქს რეალურად?
- სისტემა. ანუ, ადამიანთა ერთი ჯგუფი. მერიას ხელმძღვანელობს სისტემა და არა ნარმანია. ამით ირღვევა მმართველობითი ვერტიკალი და შესაბამისად, სისტემა კარგავს ეფექტურობას და ეს იგრძნობა ქალაქში. საკამოდ რთული ვითარებაა. ხელისუფლებას სერიოზული საფიქრალი აქვს. თუ ხელისუფლებამ სწორი კრიტერიუმებით არ აარჩია ქალაქის მერი, სავსებით შესაძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერის არჩევნები წააგოს. სერიოზული საფიქრალი აქვს ხელისუფლებას, მით უმეტეს, რომ მერის არჩევნებზე იქნება მიბმული 22 მაჟორიტარის ბედიც. ასე რომ, ეს არ არის მარტივი ამოცანა ხელისუფლებისთვის.