იმის მიუხედავად რომ არჩევნებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი, საარჩევნო გარემო ჯერჯერობით, საკმაოდ მშვიდად გამოიყურება. იმის გარდა, რომ თვალს ვადევნებთ ახალი პრემიერის მიერ განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს, ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში დიდი წინასაარჩევნო მარათონია გაჩაღებული. როგორც ჩანს, პოლიტიკური სპექტრი ძალებს ზაფხულისა და შემოდგომის დასაწყისისთვის ინახავს, თუმცა მოლოდინი, რომ პოლიტიკური სუბიექტები შეეცდებიან, უფრო ეფექტურად წარსდგნენ ამომრჩევლის წინაშე, მაინც არსებობს.
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე for.ge-ს ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრება.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მმართველი ძალის შიგნითაც, ასე თუ ისე, იზრდება დუღილის ტემპერატურა. თუნდაც ცოტა ხნის წინანდელი დაპირისპირება „მრეწველებისა“ და „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებისა, შეიძლება განვიხილოთ პროდასავლური და პრორუსული ძალების კონფლიქტის კონტექსტში, რომელიც კიდევ უფრო მომწიფდება, თუ ეს არის ჩვეულებრივი აზრთა სხვადასხვაობა რომლის მსგავსსაც შემოდგომამდე კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ?
- ყველა პოლიტიკური პროცესი, რაც მიდის ქვეყანაში, მაინც უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ წელს საარჩევნო წელია და ყველა ცდილობს, ქულები მოიპოვოს, პოზიციები გაიმყაროს. ვერ გეტყვით თოფაძის განცხადება იქნება თუ ნებისმიერი სხვა ფიგურისა, რამდენად წაადგება პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ არ მგონია, აქ განხეთქილება იყოს პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის.
მეოთხე წელია, კოალიცია არსებობს და თუ არ ჩავთვლით ცალკეულ განცხადებებს, რომელიც კონტექსტიდან არის-ხოლმე ამოვარდნილი, ცალკეული პიროვნებების შეფასებები უფროა და არ მგონია, იდეოლოგიურ კონფლიქტთან გვქონდეს საქმე. რეალურად, ქვეყანაში პროდასავლური პროცესები მიმდინარეობს, ამიტომ არ მგონია, ეს დაპირისპირებაც დიდ ყურადღებად ღირდეს.
ვარაუდობენ იმასაც, რომ არჩევნებისთვის შესაძლოა, კოალიციას ზოგიერთი სუბიექტი გამოეთიშოს, მაგრამ „რესპუბლიკელები“ და „ქართული ოცნება“ აუცილებლად დარჩებიან ერთად. რამდენად დასაშვებია ასეთი გადალაგება?
- ნებისმიერი გადალაგება შეიძლება მოხდეს - შესაძლოა, კოალიცია დაიშალოს და პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ვთვლი, რომ კოალიცია თუ შეინარჩუნებს დღევანდელ სახეს, ამასთან, თუკი მოხდება უბრალოდ, კადრების განახლება, ბევრად უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კონფიგურაცია ამ კოალიციისა.
კოალიციამ ასე თუ ისე, დაამტკიცა, რომ სიცოცხლისუნარიანია, ანუ, კოალიციაში შესაძლოა, ზოგი რადიკალური მემარჯვენე იყოს, ზოგი - რადიკალური მემარცხენე, მაგრამ თანაარსებობა შეუძლიათ. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურია - ეფექტური არის, თუმცა ამ ეფექტის გამოვლინება ვერ ხდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ეს ცალკე პრობლემაა.
ბევრს ლაპარაკობენ ახალ სახეებზე, პოპულარულ ადამიანებზე და ა.შ. რისი გათვალისწინებით უნდა შედგეს საარჩევნო სიები, რომ პოლიტიკური ძალისთვისაც სასარგებლო იყოს და ქვეყნისთვისაც?
- დღევანდელი კოალიცია უკვე საჭიროებს საკმაოდ მნიშვნელოვან პერსონალურ ცვლილებებს, მაგრამ პრობლემაა, საიდან უნდა მოვიდნენ ეს ახალი სახეები. ისეთი ხალხის მოყვანა, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს, თუნდაც პროფესიონალები იყვნენ, არაფრის მომტანი იქნება, მაგრამ ისეთი სახეები, რომლებსაც საზოგადოებაც იცნობს და პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილებაც აქვთ, დეფიციტურია. ამიტომ კოალიციის წინაშე სერიოზული პრობლემა დგას.
ამის გარდა, რაღაც დოზით აუცილებელია ისეთი სახეებიც, რომელსაც საზოგადოება იცნობს და მისი სჯერა. არ ვიცი, როგორ შეძლებს ამ რთული ამოცანის გადაჭრას, მაგრამ ეს ერთ-ერთი გამოწვევა იქნება კოალიციისთვისაც და მასში შემავალი პარტიებისთვისაც.
რამდენად სერიოზული მოწინააღმდეგე ეყოლება კოალიციას? ვგულისხმობ იმ ალიანსებს, რომელიც შესაძლოა, შექმნას ერთი მხრივ, არასაპარლამენტო ოპოიციამ, მეორე მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ყველა პროგნოზით, რაც აქამდე კეთდება, ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიებს გაუჭირდებათ საარჩევნო მარათონში წარმატების მოპოვება...
- საკმაოდ რთული სიტუაციაა. ნაციონალებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გააკეთონ ბლოკი იმ პარტიებთან, რომლებიც 2012 წლამდეც ასოცირდებოდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვგულისხმობ „ევროპელ დემოკრატებს“ და მსგავს პარტიებს...
მაგალითად, „გირჩს“?
- „გირჩი“ გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ მგონია, მასთან ალიანსში მოინდომოს არჩევნებში მონაწილეობა. ალბათ, მხოლოდ პაატა დავითაიას და ზურაბ ხარატიშვილის პარტიების მსგავს პარტიებთან ერთად თუ გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსს... მით უმეტეს, მას თავისი პრობლემებიც საკმარისად აქვს. ამიტომ, არ მგონია, უფრო დიდ გაერთიანებაზე იყოს ლაპარაკი.
მეორე მხრივ, კარგი იქნება, თუ არასაპარლამენტო ოპოზიციაც გაერთიანდება, რადგან ასეთ შემთხვევაში ხმების დანაკარგი იქნება ძალიან მცირე. ალბათობაც იმისა, რომ პარლამენტში უფრო დიდი დოზით იყოს წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი, უფრო მაღალია.
დღევანდელი მდგომარეობით, ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის რეალური შანსი აქვთ ნაციონალებს, ბურჯანაძეს, „თავისუფალ დემოკრატებს“ და „პარტიოტთა ალიანსს“. ანუ დღევანდელი პროგნოზით, ოთხ ოპოზიციურ სუბიექტს გააჩნია ბარიერის გადალახვის შანსი, თუმცა ვერ გეტყვით, რა სიტუაცია იქნება მაისში ან არჩევნების წინ.
თუ მთელი ოპოზიცია, რაღაცნაირად, ორ გჯუფად გაერთიანდება, მაშინ უფრო კონკურენტული საარჩერვნო გარემო შეიქმნება არა მხოლოდ პროპორციული, არამედ მაჟორიტარული წესით არჩევნების ნაწილშიც.
ანუ „თავისუფალი დემოკრატები“- ნაციონალებთან, ბურჯანაძე - ინაშვილთან?
- არა, ამას არ ვგულისხმობ - არ ვიცი, როგორ დაჯგუფდებიან, მაგრამ არ მგონია, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და ნაციონალებმა გაერთიანება მოინდომონ. გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მგონია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან ეს არ იქნება სწორი ნაბიჯი. ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პარტია, რომელთანაც მოსახლეობას ჰქონდა და აქვს პრეტენზია. ნაციონალებთან ბლოკში ყოფნა იძლევა შანსს, რომ მოხვდე მომავალ პარლამენტში, მაგრამ ეს პარალერლურად, ნიშნავს იმასაც, რომ პოლიტიკურ მომავალზე თქვა უარი. მგონია, რომ ოთხ წელიწადში „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად დაასრულებს თავის პოლიტიკურ კარიერას.
იმ პარტიებს, რომლებიც ვთქვი, რომ შესაძლებელია, გაერთიანდნენ ნაციონალებთან, მაინც არ აქვთ შანსი, რომ ბარიერი გადალახონ ან ოთხი წლის შემდეგ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელონ.
ამიტომ ვთვლი, რომ თუ „თავისუფალი დემოკრატები“ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას აპირებენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება მათთვის იქნება ის ლაქა, რომელსაც ვეღარ მოიშორებენ.
ბურჯანაძე და ინაშვილი ერთად რამდენად წარმოსადგენია?
- დანარჩენ პარტიებს რაც შეეხება, ეს იქნება „პარტიოტთა ალიანსი“, ბურჯანაძის პარტია, „ახალი მემარჯვენეები“ თუ სხვა პარტიები, თუკი მათი გაერთიანება შესაძლებელი გახდება, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, თანაც სერიოზულ ძალად იქნება წარმოდგენილი. მგონია, რომ ოპოზიციური პარტიები ამას უნდა ხვდებოდნენ - ასეთ გაერთიანებაში დანაკარგი არავის არ ექნება. თანაც, თუ რომელიმე თვლის, რომ ცალკე ხმების უმრავლესობას აიღებს, ძალიან ცდება. ამიტომ ურჩევნიათ, სერიოზული ალიანსის შექმნაზე იფიქრონ, რომელიც შესაძლოა, ხელისუფლებაში მოვიდეს არა 2016 წლის არჩევნებით, არამედ 2020 წელს.
ახალი სუბიექტებიც გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგალითად, პაატა ბურჭულაძე, ითქვა, რომ შესაძლოა, პატარკაციშვილების ოჯახიც კვლავ ჩაერთოს პოლიტიკაში და ა.შ. იმდენად, რამდენადაც კეთდებოდა შეფასებები, რომ ქართულ პოლიტიკას ახალი ძალა თუ მესამე პოლიტიკური ცენტრი სჭირდება, არსებობს შანსი, რომ ეს ახალი სუბიექტები ხელშესახებ ცვლილებებს მოახდენენ დღეს არსებულ სურათში?
- ვფიქრობ, ამ ახალმა სუბიექტებმაც უნდა ეძებონ ადგილი რომელიმე კოალიციათან, თუკი გადაწყვეტენ არჩევნებში მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მგონია, ბარიერის გადალახვის დიდი შანსი ჰქონდეთ.