„თუ არაფერ შუაში ხარ, ბრძოლის ველზე რომ შევდივარ, იარაღს რატომ მართმევ?“

„თუ არაფერ შუაში ხარ, ბრძოლის ველზე რომ შევდივარ, იარაღს რატომ მართმევ?“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტიდან ის კანონპროექტი გაიწვია, რომლის გათვალისწინებითც, რელიგიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა ფულად სანქციებს გამოიწვევდა. ჯარიმის რაოდენობა 300 ლარიდან იწყებოდა და 1000 ლარამდე მერყეობდა. ცვლილებების ავტორმა გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა და პროექტი პარლამენტიდან გაიწვია.

თუ რა იყო კანონპროექტის „დაბლოკვის“ მიზეზი, ამის თაობაზე for.ge დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს ესაუბრა:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშითქვენს მიერ მომზადებული ცვლილებები პოლიტიკური ვნებათაღელვის საფუძველი გახდა, თუმცა, გადაწყვეტილება შეცვალეთ, რატომ?

- ქართველები ტოლერანტები ვართ და ამის დამადასტურებელი რომელი ერთი მაგალითი ჩამოვთვალო?! ჩემი კანონპროექტი ევროპულ გამოცდილებას ეყრდნობოდა და ცვლილებების მომზადებისას ყველაზე რბილი ფორმა შევარჩიე, რაზეც საზოგადოებაში ერთი ამბავი ატყდა. პროექტს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები ჰყავდა. კანონპროექტი პარლამენტიდან იმიტომ გავიტანე, რომ მხარეების აზრის შეჯერება მოხდეს, რათა ნაწყენი არც ერთი მხარე არ იყოს. ყველა კონფესიის აზრი აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს. მეუბნებიან, სოსო, ეს კანონპროექტი რატომ შეიტანეო და იცით, რატომ შევიტანე? - საუკუნეების განმავლობაში, საქართველოში, ტოლერანტობა და შემწყნარებლობა იყო და ახლა მავანნი და მავანნი მეჩეთზე ღორის თავს აჭედებს. სწორედ ეს, ქვეყნის არევისთვის გადადგმული ნაბიჯია და ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს. ცხენის თავი რატომ არ მიაჭედეს? - ღორის თავი მიაჭედეს, რადგან ღორი მუსლიმანებში სხვანაირად აღიქმება და ესაა ზუსტად შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც ქართული სიბრძნე გვეუბნება. ჩვენი უწმინდესის მოგონებები თუ გახსოვთ, გეცოდინებათ, მის ოჯახში როგორ ემზადებოდნენ, როცა მუსლიმანები ჩამოდიოდნენ - პატივისცემაც ესაა.

იმის თქმას თავს არიდებთ, კანონპროექტი უკან რატომ გაიწვიეთ?

- იმიტომ გამაქვს, რომ ყველა კონფესიის შეჯერებული პოზიცია იყოს. საქმე ისე არ არის, სოსომ ასე თქვაო. გავიტანე, რომ ცვლილებები დავხვეწო. რომის პაპზე დიდი კათოლიკე ვერ გავხდები.

ბატონო სოსო, გისმენთ და ვფიქრობ, რომ გულწრფელი არ ხართ, რადგან ამ ცვლილებებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით შენიშვნებითურთ მხარი დაუჭირა და თქვენს პროცესის ბოლომდე მიყვანას აპირებდით. კონფენსიების აზრი ახლა გაგახსენდათ?

- თქვენ ელაპარაკებით ადამიანს, რომელსაც თუ დაარწმუნებენ რაღაცაში, ის ბოდიშსაც იხდის. აქედან გამომდინარე, როცა გეტყვიან, სოსო მოდი, დავილაპარაკოთო, შენ ისეთი ადამიანი არ უნდა იყო, რომ რაღაცას ჯიქურ აწვებოდე.

თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენარესპუბლიკელებისპოზიციამ ხომ არ მოახდინა, რომლებმაც თქვეს, რომ ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ და ამ პროექტს პარლამენტი არ მიიღებდა?

- ქულების დაწერა რომ მინდოდეს და ზოგიერთების მსგავსად, პოპულისტურ განცხადებებს ვაკეთებდე, ამ პროექტს არ გავიტანდი. გუნდურობა ცოტა სხვანაირად ვიცი. თუ ამას ამბობენ, არავის არ შევეკითხები, საკითხს კენჭისყრაზე დავაყენებ და იქ გამოჩნდება - შავი და თეთრი. საზოგადოების გასარკვევია, ვინ იქნება შავი და ვინ თეთრი. გულწრფელად რომ გითხრათ, ისევ იმ აზრზე ვარ, რაც თავიდანვე გავაკეთე, მაგრამ როცა ოჯახში გეუბნებიან, მოდი ვილაპარაკოთო, მათი აზრიც უნდა გაითვალისწინო.

ანუ, პროექტის გატანა უმრავლესობაში მოგთხოვეს?

- საპატრიარქოს განცხადება წაიკითხეთ?

საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებების მიუხედავად, მსგავსი პროექტის მომზადება მათი ინიციატივა არ ყოფილა. საპატრიარქოს განცხადებამ გარდატეხა მოახდინა?

- რა თქმა უნდა, მოახდინა. ჰოდა, თუ არაფერ შუაში ხარ, ბრძოლის ველზე რომ შევდივარ, იარაღს რატომ მართმევ? იარაღწართმეული რომ არ ვიყო, მოდი ვილაპარაკოთ.

საპატრიარქოს განცხადების გამო ნაწყენი ხართ?

- ნაწყენი არ ვარ. როგორ შეიძლება საპატრიარქოზე და პატრიარქზე ნაწყენი იყო? - მისთვის ყველა შვილი შვილია და მან თქვა, რომ მე ესე მგონიაო და ასეთი ადამიანი ამას რომ გეუბნება, შენც ხო უნდა დაფიქრდე?!

თქვენ ჩემს კითხვაზე პასუხი არ დააფიქსირეთ, ცვლილებების გატანა უმრავლესობაში მოგთხოვეს?

- უმრავლესობას არაფერი უთქვამს. ჩემთვის არავის არაფერი არ ურჩევია, მე ჩემი აზრი მაქვს. საპატრიარქოს წერილი რომ წავიკითხე, მერე დავფიქრდი და ამაში ლოგიკა ხომ არის?!

რომ დააკონკრეტოთ, ამ პროექტის პარლამენტში დაბრუნებას აღარ აპირებთ?

- ისევ თავდაპირველ აზრზე ვარ და სადაც გინდათ, იქ გამოვალ და ვიტყვი, არ მინდა, რომ საქართველოში, ვინმე ვინმეს ტალახს ესროდეს. როცა ბრძოლაში შევდივარ, შენ კი არ უნდა განმაიარაღო, პირიქით, იარაღი უნდა მომცე.

ვინ განგაიარაღათ?

- შინაარსიდან ეგრე იყო. ის შინაარსი წაიკითხეთ. ბრძოლაში შესვლას ვაპირებდი და ამ წერილის შინაარსი ასე იყო - სოსო ბიჭო! არ გინდა, მოდი და ამ საკითხზე ვისაუბროთო.

ეს კანონპროექტი ზვიად ტომარაძემ მოამზადა, ხოლო თქვენ მისი ინიცირება მოახდინეთ. ცვლიელებები უკან რომ გაიტანეთ, ეს საკითხი მასთან შეათანხმეთ?

- მისთვის არ შემითანხმებია, მაგრამ შემდეგ ველაპარაკე და ისიც ჩემს აზრზე იყო.