კახა შარტავა აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება

კახა შარტავა აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა შარტავა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. for.ge-ს ინფორმაციით, კახა შარტავა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩართვას აპირებს და ის პარტიის სიის სათავეშიც იქნება. წყაროს ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ შარტავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სიმპატიით სარგებლობს, „ეროვნული ფორუმი“ შარტავას სახით პარტიის თამასის აწევას შეეცდება.

for.ge-სთან საუბარში ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე წინასაარჩევნო პერიოდში შარტავას გააქტიურებას არ გამორიცხავს, ვინაიდან თვლის, რომ შარტავა პოლიტიკაში ყოველთვის აქტიურად იყო და პარტიულ სტრუქტურებში მუშაობდა.

„არაფერი გამორიცხული არ არის. ტელევიზორში ხშირი არგამოსვლა, პოლიტიკიდან წასვლას არ ნიშნავს. მართალი გითხრათ, მისი განწყობაც ასეთია“, - ამბობს სანიკიძე, რომლის პათოსს იზიარებს „ეროვნული ფორუმის“ წევრი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანი მიროტაძე.

როგორც for.ge-ს მიროტაძემ განუცხადა, პარტია რიგგარეშე ყრილობისთვის ემზადება, რომელიც მარტში გაიმართება და ყრილობაზე გადაწყდება, „ეროვნული ფორუმი“ რას გააკეთებს.

მიროტაძის ცნობით, შარტავა პოლიტიკაში აქტიურად ჩართულია და პარტიული ღონისძიებებით არის დაკავებული.

„თავის დროზე, შარტავამ გადაწყვიტა, რომ ეს პერიოდი „ეროვნული ფორუმის“ სტრუქტურების გამყარებისთვის და გაძლიერებისთვის გამოეყენებინა. ეს ასეც მოხდა. 2016 წლის არჩევნებში აქტიურად ჩართული იქნება, თუმცა, ამ ეტაპზე იმის თქმა, სიაში იქნება თუ არა, ძალიან ჭირს. ყრილობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა დაემორჩილება და ყველა წევრი ფუნქციას თავის თავზე აიღებს“, - აცხადებს მიროტაძე.

კახა შარტავა 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა, მან კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, თანამდებობის დაკავების სურვილი არ გამოხატა და პოლიტიკურ კულისებში გადაინაცვლა.

ის, რომ კახა შარტავა ბიძინა ივანიშვილის სიმპატიით სარგებლობს, ამის თაობაზე პარლამენტის ტრიბუნიდან გუბაზ სანიკიძემ ისაუბრა და აღნიშნა - „ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია: კახა შარტავამ მასტერ-კლასი ჩაგვიტარა“-ო. იქნება თუ არა მომავალი მოწვევის პარლამენტში შარტავა და დეპუტატებს ჩაუტარებს თუ არა „მასტერ-კლასს“, ამას დრო აჩვენებს, თუმცა, ამ მოწვევის უწყებაში „ეროვნული ფორუმი“ ისეთი აქტიური არ არის, როგორც ის ოპოზიციაში ყოფნის დროს იყო. ამის მიზეზებზე პარტიის წევრები ღიად არ საუბრობენ, თუმცა, ისინი ამ რეალობას ამჩნევენ და გააქტიურებას გეგმავენ.