პოლიტსაბჭოს სხდომაზე თოფაძეს შესაძლოა, პარლამენტის დატოვება მოსთხოვონ

პოლიტსაბჭოს სხდომაზე თოფაძეს შესაძლოა, პარლამენტის დატოვება მოსთხოვონ

„მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის არსებული დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ არ მოსწონთ და კონფლიქტის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილვას გეგმავენ. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე შესაძლოა, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარეს, გოგი თოფაძეს გაცემული დაპირების შესრულება და პარლამენტის დატოვება მოსთხოვონ.

გოგი თოფაძის დაპირება დეპუტატის მანდატის მოხსნას უკავშირდება, თუმცა, პოლიტსაბჭოს სხდომა როდის გაიმართება, ეს ამ დრომდე არ კონკრეტდება და სხდომისთვის ყველა თავისი ინტერესების შესაბამისად ემზადება.

როგორც for.ge-ს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, თოფაძემ გადაწყვიტა, რომ მას დაარტყას. მისი თქმით, თოფაძის ნაბიჯები გასაგებია, რადგან ხიდაშელი ევროპასთან ურთიერთობას აწამოებს, ხოლო ის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა.

„როგორც ჩანს, თანამდებობების გამო გვერჩის. შემიძლია, მას თინასთან გადაღებული სურათი ვაჩუქო და მუზად ვყავდეთ. ბრალდებებს პასუხს ვერ გავცემ, რადგან ის ადამიანობის ზღვარს გასცდა და ბევრი ტყუილი თქვა. მნიშვნელოვანია ის, რომ კოალიციის ლიდერებს წინააღმდეგობას ნუ გაუწევენ. მათ ეგონათ, რომ რესპუბლიკელი მინისტრები დაუცველი დარჩებოდნენ“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

კანონმდებელო ფრაქცია „მრეწველების“ წევრის, ზურაბ ტყემალაძის პოზიციებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ის თოფაძის მეგობარია და როგორც ჩანს, მას ყველგან გაჰყვება.

„ტყემალაძეს მეგორბობას ვერ დავუშლი, მაგრამ მათ პრემიერთან ლაპარაკი და საკითხის გაირკვევა მოუწევთ. ვგულშემატკივრობ, რომ „მრეწველები“ კოალიციაში დარჩნენ. ზოგი კაცი სიტყვის კაცია, ზოგი - არა. საქართველოში ნატოსა და ევროპის წინააღმდეგ ყველა მცდელობა განწირულია, რადგან ეს ქართველი ხალხის ისტორიული გადაწყვეტილებაა. ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ. კატასტროფას ხატავს, ნატო თუ შემოვა, დავიღუპებითო, მაგრამ თან ამბობს, რომ არ შემოვაო. არ ვიცი, ეს ბატონ გოგის ესიზმრება თუ ვინმესთან რაიმე ვალდებულება აქვს. ამ პიროვნებამ ჩემთვის ყველანარი მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ ალბათ, ოჯახში პატივს სცემენ და უყვართ“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

დავით ბერძენიშვილი თოფაძეს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. for.ge-ს ბერძენიშვილი არწმუნებს, რომ არ სურს, „მრეწველებს“ და ზურაბ ტყემალაძეს კოალიციასთან რაიმე ტიპის პრობლემა ჰქონდეთ და დასძენს, რომ არსებულ კონფლიქტში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ძალიან კომპრომისული და შემრიგებლური ნაბიჯი გადადგეს.

„გოგი თოფაძეს შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ პირობა შეასრულოს, ხოლო „მრეწველებს“ - თანამშრომლობის გაგრძელების. როდესაც ტყემალაძე ამბობს, რომ კოალიციის ლიდერის პოზიციებს კატეგორიულად არ ეთანხმება, ეს კოალიციის ლიდერთან ურთიერთობის პრობლემაა და უმრავლესობას არ წაადგება“, - განაცხადა ბერძენიშვილმა, რომლის მსგავსად, პრემიერის განცხადებას ეხმაურება ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე, რომელიც დაპირისპირების შეფასებისგან თავს იკავებს და მცირე კომენტარით შემოიფარგლება. for.ge-სთან საუბარში სანიკიძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ პრემიერის განცხადებებს აბსოლიტურად ეთანხმება.

„მის სულისკვეთებას, მის განწყობებსა და გილისტკივილსაც. ეს ყველაფერი კოალიციურ რეჟიმში უნდა გადაწყდეს“, - ამბობს სანიკიძე.

კონფლიქტს აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი. დეპუტატის ცნობით, ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე უნდა დადგეს, რადგან თემის ღია სიბრტყეში განხილვა, არასწორია. მისი მოსაზრებით, აღნიშნული საკითხი მთლიანად კოალიციას ეხება და არა - ფრაქციებს, მით უმეტეს - პიროვნებებს შორის დაპირისპირებას.

„კურსთან და საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებული საუბრები აცდენილია და ამაზეა საუბარი და არა „მრეწველებისა“ და „რესპუბლიკელების“ პიროვნულ შეკამათებაზე. საკითხი გაცილებით ღრმაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. საზოგადოება უნდა მიეჩვიოს იმას, რომ ბევრი თემა სცენაზე გამოვიდა და ფარდის უკან არ არის. პოლიტიკური საქმიანობა უხერხულობით ხასიათდება“, - განუცხადა for.ge-ს ვოლსკიმ.

„მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის არსებულ კონფლიქტს პიროვნულ დაპირისპირებას უკავშირებს ნუკრი ქანთარია. როგორც for.ge-ს ქანთარიამ განუცხადა, პიროვნული დაპირისპირებები სახეზეა, თუმცა, პარტიული შუღლი და ომი არ მიმდინარეობს.

„განსახვავებული ურთიერთობების შედეგად, ამან თქვა, იმან უპასუხა და ახლა, უკვე, მედიაც ჩართულია, ვინ რა თქვა. ეს კოალიციურ რეჟიმში მოგვარდება, რადგან ასეთ საკითხებზე კუდების გამობმა არ ღირს, რადგან დიდია ის ამოცანები, რომელიც კოალიციას აქვს“, - დასძენს ქანთარია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გაჟღერებული განცხადებები დაგმო და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები მთავრობის წინააღმდეგ მუშაობს.