„კვირიკაშვილის გამოჩენამ ცვლილებების მოლოდინი გააჩინა“

„კვირიკაშვილის გამოჩენამ ცვლილებების მოლოდინი გააჩინა“

„შანსი იმისა, რომ მოსახლეობამ არჩევნებზე წასვლას, სახლში დარჩენა ამჯობინოს, ძალიან დიდია“, - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდს წინ საკმაოდ დიდი მარათონი ელოდება, სადაც ყველა დეტალი ძალიან ცხარე დაპირისპირების საგანი იქნება.

რამდენად დიდია რისკი იმისა, რომ მოსახლეობა არ წავიდეს არჩევნებზე? ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

საარჩევნო წელი დაწყებულია, თუმცა პრობლემები, რომლის წინაშე მოსახლეობა იდგა, ისევ მოუგვარებელია და ამას ემატება შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარება. აქედან გამომდინარე, რამდენად არის რისკი იმისა, რომ მოსახლეობა არ წავიდეს არჩევნებზე?

რამაზ საყვარელიძე: იმ სურათის შედეგად, რაც რეიტინგებმა შექმნა - არც სახელისუფლო პარტიას და არც სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდათ მაღალი რეიტინგი, დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება არჩევნები ნიჰილისტური დამოკიდებულების ფონზე წარიმართოს. თუმცა, ეს საკითხი ბოლო ხანებში ცოტა ჩრდილში მოექცა.

რა მოტივით მოექცა საკითხი ჩრდილში?

- ჩემი აზრით, კვირიკაშვილის გამოჩენამ გარკვეული სიახლე შეიტანა სახელისუფლებო პარტიის შიგნით. ამდენად, სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში, ეს არის საკადრო ცვლილება. თუმცა, რამდენად ეყოფა ეს საკადრო ცვლილება სახელისუფლებო გუნდს იმისთვის, რომ საზოგადოებაში ისევ აქტუალური არ გახდეს კითხვა - წავიდეს თუ არა არჩევნებზე, ეს ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ სახელისუფლებო გუნდს წინ საკმაოდ დიდი მარათონი ელოდება, სადაც ყველა დეტალი ძალიან ცხარე დაპირისპირების საგანი იქნება და ამის მაგალითებს უკვე ვხედავთ.

ეს ვითარება გავლენას მოახდენს არჩევნებზე, ანუ რამდენად არის შანსი იმისა, რომ ამომრჩეველი არ წავიდეს არჩევნებზე?

- შანსი იმისა, რომ მოსახლეობამ არჩევნებზე წასვლას სახლში დარჩენა ამჯობინოს, ძალიან დიდია.

ბოლო კვლევით, რომელიც დეკემბერში ჩატარდა, 16% ხმასძლევდაქართულ ოცნებას“, 10% „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. როგორ ფიქრობთ, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღოს? ამომრჩევლისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებსა, თუ სამართლიანობის აღდგენა?

- არ ვიცი, მთავარია თუ არა, მაგრამ საზოგადეობის დიდ ნაწილში ძალიან ხშირად ისმოდა უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ არ მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა. აღმოჩნდა, რომ დღემდე მაღალ თანამდებობებს იკავებენ ის ადამიანები, რომლებიც ადრე უსამართლოდ იქცეოდნენ. ამგვარი მდგომარეობა უფრო ბუნდოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ეკონომიკური პრობლემები, რადგან ეკონომიკურ პრობლემასთან ბრძოლას, მეტ-ნაკლებად, შეჩვეული ვართ.

2012 წლის არჩევნებში უფრო ხშირად ისმოდა სამართლიანობის აღდგენის პირობა, ამ პირობაზე უფრო მგრძნობიარე იყო ხალხი, ვიდრე ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მოსახლეობამ იცის, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არც ისე იოლი საქმეა, მაგრამ რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ამ თვალსაზრისით, გაცილებით მკაცრია საზოგადოება, ვინაიდან ამ პუნქტის გამოსწორება დიდ დროს და ეკონომიკურ რესურსებს არ ითხოვს. ამ შემთხევაში ალბათ, ლოგიკურია საზოგადოების რეაქცია.

საზოგადოების ამ რეაქციის სათავისოდ გამოყენებას შეძლებს იგივენაციონალური მოძრაობა“, რომელსაც დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია?

- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის პოლიტიკური ბძოლა, ასე რომ, ამ მხრივ ძალიან სერიოზული მეტოქეა, მაგრამ თქვენ მიერ ნახსენებ კვლევებში ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, კერძოდ, მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ ვის რამდენი ხმა აქვს, არამედ რამდენმა პროცენტმა არ იცის, ვის მისცეს ხმა. წესით, ბრძოლა უნდა გაჩაღდეს იმ ამომრჩევლის გარშემო, ვისაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია. ეს პროცენტი იმდენად მაღალია, რომ ამისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს, რადგან სწორედ ამომრჩევლის ეს რაოდენობა გადაწყვეტს არჩევნების ბედს.

დღეს რომ არჩევნები იყოს, დაახლოებით რამდენ პროცენტს მიიღებს მმართველი ძალა?

- შანსები მაღალი აქვს „ქართულ ოცნებას“, დაახლოებით 60% ან მეტი, სწორედ იმ მოსახელობის არსებობის გამო, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტია ვის სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს. მე მგონია, რომ შანსები საკმაოდ მაღალი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციასაც. მეეჭვება, რომ შანსები გაეზარდოთ ნაციონალებს - მათი რეიტინგი არ მატულობს. ძალიან ცოტა რამ გააკეთეს იმისათვის, რომ შეცვლილიყო მათი მდგომარეობა.

მაგალითად, კვირიკაშვილის გამოჩენამ ცვლილებების მოლოდინი გააჩინა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში. ანალოგიური ცვლილება სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობასაც“. ვნახოთ, შეიძლება მოგვიანებით გადაწყვიტონ საკარდო სტრატეგიის შეცვლა. თუმცა, მეეჭვება, რომ საკადრო ცვლილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონის არჩევნების შედეგებზე.