„ხიდაშელი თავს ნუ იმართლებს!!! ათჯერ მეტს მიიღებს, რადგან ბევრი მაქვს სათქმელი - თუ ჯარი მაგის გარეშე ჩავიდა, აბა, რისი მინისტრია?!“

„ხიდაშელი თავს ნუ იმართლებს!!! ათჯერ მეტს მიიღებს, რადგან ბევრი მაქვს სათქმელი - თუ ჯარი მაგის გარეშე ჩავიდა, აბა, რისი მინისტრია?!“

ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე, გოგი თოფაძე „რესპუბლიკური პარტიის“ მოთხოვნის საფუძველზე პარლამენტის დატოვებას არ აპირებს და, პირიქით, ფიქრობს, რომ თუკი კოალიციიდან ძმები ბერძენიშვილები წავლენ, კოალიციის საქმე კარგად წავა, წინაღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ბევრ ხმას დაკარგავს.

დეპუტატი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა, ნატო საქართველოს არ იღებს.

„ეს უსინდისოები, რომ ქაქანებენ, ნატოში შევდივართო, ე.ი. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ? რაც არ უნდა იქაქანონ, რუსეთი არ დაუშვებს, რომ ნატო საქართველოში შემოვიდეს. თუ მოუსმინეთ, პუტინი ორჯერ გამოვიდა და თქვა, მოდით, დავილაპარაკოთ, რადგან ქართველ ხალხთან სადავო არაფერი გვაქვსო. ზოგიერთი ჩვენი მრჩეველი ლაპარაკსაც კი გვიშლის“, - აცხადებს თოფაძე.

„რესპუბლიკელებისა“ და „მრეწველების“ დაპირისპირებაზე for.ge დეპუტატ გოგი თოფაძეს ესაუბრა:

 „რესპუბლიკელები“ პარლამენტის დატოვებისკენ მოგიწოდებენ. რას აპირებთ?

- დააყენონ ეს საკითხი, მას მთელი კოალიცია განვიხილავთ და მათ ვანახებ, პარლამენტი დასატოვებელი ვის აქვს. ამ საკითხს ძალიან მარტივად დავაყენებ. იბრალებენ, მთავარი ჩვენ ვიყავითო და ვისთან ერთად მოვიდნენ? - პარლამენტში ერთხელ იყვნენ და „ნაცმოძრაობას“ მიეკედლნენ, შემდეგ, როცა „ქართული ოცნება“ გაჩნდა, იმ წუთში შემოვიდნენ, რადგან ისინი ქართველი ხალხისთვის იმდენად მიუღებლები არიან, რომ საკუთარი ძალებით პარლამენტში ვერასოდეს მოხვდებიან, როგორც არ უნდა დაიცვან უცხოელმა ელჩებმა თუ სხვებმა. საკუთარი ისტორია ნახონ. მე წავალ თუ არა, ეს ჩემი გადასაწყვეტია. პრაქტიკულად, უკვე ეს კანონიც გავიტანე და კიდევ რამდენიმე კანონი მაქვს მომზადებული, რომელიც სურსათის უვნებლობას და ქიმიკატებს ეხება. ადრეც ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც ამ ცვლილებებს მივიღებთ, გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ-თქო. ეგენი მოგვცილდნენ და ისეთი კარგი კოალიცია გვექნება. ზოგიერთი მათზე საკუთარი აზრის გამოთქმას ვერ ბედავს.

დავით ბერძენიშვილმა for.ge-სთან საუბარში თქვა, რომ იმის გამო, რომ თოფაძე საეჭვო ადამიანი იყო, კოალიციის დეკლარაციაზე მას ჯერ ხელი მოვაწერინეთ და შემდეგ მივიღეთო. ეს მართალია?

- ჩემ შეყვანას მაგას ვინ ეკითხებოდა?! ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა გამოაცხადა თუ არა, მეორე დღესვე მასთან მივედი, რადგან მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს. ვუთხარი, რომ დროებით მასთან ვერ ვიქნებოდი, რადგან ჩემ ობიექტებზე ფინანსური პოლიცია იჯდა და მას შემდეგ, რაც ამას მოვათავებდი, თავიდან ბოლომდე გვერდით დავუდგებოდი. ნატოსთან დაკავშირებით დეკლარაციას ხელი 2011 წელს მოვაწერე, მაგრამ ნატოში არ გვღებულობენ და თავს რატომ ვიმცირებთ? აპატურაის ბოლო განცხადება ნახეთ? ვიღაცა გვატყუებს, რომ MAP-ს შეგვპირდნენ, მაგრამ რამდენი წელი გვპირდებიან? აპარტურაიმ დიპლომატიურად და გამოკვეთილად თქვა - არ მიგიღებთ, რადგან ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას თქვენი მიღება არ უნდა და თქვენს უსაფრთხოებასაც ვუფრთხილდებითო. რა აგრესიული მეზობელი გვყავს, იციან. რუსეთი ამას არ დაუშვებს. მე არ მითქვამს, რომ ნატოში არ გვინდა. თუმცა, ჩემი ოცნებაა, საქართველო დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი იყოს და არცერთ აგრესიულ სამხედრო ბლოკში არ იყოს შესული.

როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენ რეგიონში ნეიტრალური ქვეყნის არსებობა? თუ არა ნატო, რა ალტერნატივა აქვს საქართველოს?

- მომრიგებელი ყველას ჭირდება. ამიერკავკასიაში არის ყარაბაღის პრობლემა და ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს. რომ ქაქანებენ ეს უსინდისოები, ნატოში შევდივართო, ე.ი. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ?

ამას ვინ ამბობს? ლევან ბერძენიშვილმა for.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ოკუპირებულ ტერიტორიას ნატოს ხათრით კი არა, სიცოცხლის ფასადაც ვერ დავთმობთო“...

- მეც ამას ვლაპარაკობ და თუ მეთანხმება, მაშინ რატომ მედავება? იმას კი არ ვამბობ, რომ ნატოში არ მინდა, არამედ იმას ვამბობ, რომ არ გვღებულობენ. ჩემი ოცნებაა, რომ ავსტრია და შვეიცარია გავხდეთ. მე ჩემი იმიჯი, ხალხის ნდობა მაქვს და საზოგადებას ვერ მოვატყუებ. ყველა დონეზე გამოაცხადეს, ნატოში არ გვღებულობენ. შვიდი წლის მანძილზე, ხან MAP-ს გვპირდებიან და იმას მიაღწიეს, რომ ჩვენი ბიჭები ავღანეთში იღუპებიან. ახლა ჩვენი ბიჭები აფრიკაში წავიდნენ. თუ ნატო დაგვიცავს, გადაგვარჩენს და ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, ამაზე კი არ ვამბობ უარს! ჩემ ხალხს ვერ მოვატყუებ და ვერ ვიტყვი, რომ ნატოში ხვალ ან ზეგ შევალთ-თქო.

სწორედ ამ ტიპის განცხადებების გამო, თქვენ თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ კამპანიის დაწყებაში გადანაშაულებენ და ეჭვობენ, რომ თქვენ ვიღაცის ინტერესებს ახმოვანებთ...

- ეს, ძმები ბერძენიშვილები როშავენ. არავის ვემხრობი - არც ამერიკა მინდა და არც საფრანგეთი. ევროპული გეზი აღებული გვაქვს, სადაც ათასი პრობლემაა. ევროპაში ღარიბი ქვეყნის სტატუსით არ უნდა შევიდეთ. დღეს ევროკავშირს ჩვენ უფრო ვუნდივართ, რადგან ჩინეთიდან ევროპაში ყველაზე მოკლე აბრეშუმის გზა საქართველო გახდა. ჩვენი პირობები უნდა დავიცვათ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეგვაგდეს და მალე-მალეს გვეძახდნენ. თავი უნდა დავიფასოთ და ჩვენი პირობები უნდა დავაყენოთ, რადგან ევროპას ვჭირდებით.

თქვენ თქვით, რომ ამერიკა და საფრანგეთი არ გინდათ. რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საქართველოს?

- რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა მაშინ იქნება, თუკი ჩვენ ჩვენს ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ. იმაზე არ ვლაპარაკობ, რომ თუ ჩავეხუტებით, ეს გარანტირებულია-თქო. ეს ნომერ პირველი ამოცანაა. თუ მოუსმინეთ, პუტინი ორჯერ გამოვიდა და თქვა, მოდით, დავილაპარაკოთ, რადგან ქართველ ხალხთან სადავო არაფერი გვაქვსო. ზოგიერთი ჩვენი მრჩეველი ლაპარაკსაც კი გვიშლის.

რომ დავაზუსტოთ, თქვენ რუსეთთან დიალოგის დაწყების მომხრე ხართ?

- რა თქმა უნდა. ერთი კვირის წინ ლავროვი გამოვიდა და ძალიან თბილად ილაპარაკა, ჩვენ ქართველ ხალხთან მოსადავებელი რა გვაქვს, დავჯდეთ, დავილაპარაკოთ, ჩვენ სააკაშვილს ვებრძოდით, ურთიერთობა მან გაგვიფუჭაო.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული რომ აქვს, ეს ქართველ ხალთან ბრძოლა არ არის?

- ომით მოვიგებთ? ნატო ჩვენს გამო რუსეთთან ომს დაიწყებს? ეს ხომ ზღაპარია! დიალოგი ერთადერთი გზაა, მაგრამ გარანტირებული არ არის, რადგან რუსი მტაცებელია... კურილის კუნძულებში ასობით მილიონებს უხდიან, მაგრამ ვერ თმობს. ველაპარაკოთ, რაღაცა იქნებ მოვთაფლოთ. საქართველო 70-იან წლებში, როგორი იყო?

ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოს რუსეთმა გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე რაიმე სიკეთე მოუტანა...

- აგრესორი და მტაცებელი რომ არის, ვიცი. ყველა დიდი ქვეყანა ასეა. ამერიკამ ინდიელები გაანადგურა. ხუთი წლის შემდეგ აჭარის პრობლემა დგება, რადგან ყარსის ხელშეკრულებაში ორი მთავარი მხარეა - თურქეთი და რუსეთი. ამ ვეებერთელა ქვეყანას რომ აღიზიანებ, რომელმაც საკითხი ხუთი წლის შემდეგ უნდა გადაგიწყვიტოს, ამაზე არ ფიქრობ?! ჭკუა დაუშლის თუ რა?! თუ აჭარა იქით გადავიდა, ესეც დაცვაა ჩვენი და ამაზე ხომ უნდა ვიფიქროთ? არც რუსებს აწყობთ, რომ მათ ქვეყანას თურქეთი მოუახლოვდეს, რადგან ნატოს წევრია. ამხელა აგრესიული ქვეყნის წინაშე ჩხუბი და ლანძღვა რას მოგიტანს?

რადგან რუსეთ-თურქეთს შეეხეთ, გკითხავთ. ამ კონფლიქტში საქართველომ რა ადგილი უნდა დაიკავოს?

- იგივე დასავლეთს და დიდ ქვეყნებს რუსეთ-თურქეთის დაჯახება აწყობს. „ისლამური სახელმწიფო“ ვისი შექმნილია და ამდენი იარაღი და ფული საიდან აქვს? ღმერთმა არ ქნას, რომ ეს ომი დაიწყოს. თურქეთი ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც ნატოს წევრია და შიში მაქვს, მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყოს. დიპლომატიური გზები უნდა ვნახოთ. ამ ომში ჩვენ ხომ ძალიან დავიჩაგრებით? ამიტომ, ომი თავიდან უნდა ავიცილოთ. რუსეთს რომ ვლანძღავთ, 2021 წელზე ხომ უნდა ვიფიქროთ?

თქვენ თქვით, რომ რუსეთთან დიალოგის დაწყების მომხრე ხართ, თუმცა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ სანამ ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება და დიალოგი ვერ განახლდება...

- არ ველაპარაკოთ და გამოსავალი არ ვეძებოთ? ვიდგეთ და ისინი ვლანძღოთ? გაბრაზებული რუსი - ჩემს მტერს! ერთი რამ ვიცი, რომ ტერიტორიებს ომით ვერ დავიბრუნებთ. ე.ი. სხვა გზები უნდა ვეძებოთ.

თქვენი ხედვით, ეს „სხვა გზები“ რა არის?

- რაც არ უნდა იქაქანონ, რუსეთი არ დაუშვებს, რომ ნატო საქართველოში შემოვიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტანკები შემოვარდეს. ამას თავის განცხადებაში აპატურაი გეუბნებათ, რომელიც ამბობს, რომ გვიფრთხილდება, რადგან აგრესიული მეზობელი გვყავს. ამიტომ, ამ საკითხს რაღას ამწვავებენ და ხალხი სანამდე უნდა ვატყუოთ? არ გვღებულობენ და MAP სანამდე უნდა ვიძახოთ? თუ - ნატო გვიშველის? ეს არარეალურია.

თქვენი და „რესპუბლიკური პარტიის“ დაპირისპირებაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ჩაერთო და თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას. მის პოზიციას იზიარებთ?

- პრემიერი ძალიან დადებითი პიროვნებაა, რომელიც ეკონომიკის დიდი მცოდნეა. ყველას შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეს. პრემიერმა ძალიან დიპლომატიური განცხადება გააკეთა.

„რესპუბლიკელები“ ამბობენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე თქვენს საკითხს სერიოზულად განიხილავენ. გამორიცხავთ, რომ თქვენ კოალიციის დატოვება მოგიწიოთ?

- ასე ნამდვილად არ მოხდება. კოალიციიდან ძმები ბერძენიშვილები რომ გავიდნენ, ჩვენი კოალიციის საქმე კარგად წავა. იმის გამო, რომ ესენი ჩვენთან არიან, ბევრ ხმას დავკარგავთ და ამას არჩევნებზე ვნახავთ. ესენი საქართველოში სძულთ, რადგან ორივეს ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი. ბერძენიშვილი სადაც ასწავლის, იქ ჩემი მეზობლები სწავლობენ და ისინი მიყვებიან, ილია ჭავჭავაძეს და ვაჟა-ფშაველას აკრიტიკებსო. თუკი ილია და ვაჟა არ გიყვარს, მათ აკრიტიკებ და პროვინციელ მწერლებს უწოდებ, ესენი თუ წავლენ, გაცილებით უკეთ ვიქნებით.

ანუ, თქვენ კოალიციას ურჩევთ, რომ ძმები ბერძენიშვილები გაუშვან?

- ძმები ბერძენიშვილები გაუშვან და ეს ჩვენი კოალიციის დიდი წარმატება იქნება. თავდაცვის მინისტრმა ჩემს მიმართ ირონიული განცხადება გააკეთა და ამას არავის არ შევარჩენ. ათჯერ ვუპასუხებ, ეს უნდა იცოდნენ და ამიტომ კანკალებენ. ნახეთ, სოციალურ ქსელებსა და რამდენიმე ტელევიზიაშ რა ხდება.

გულწრფელები ვიყოთ და სიმართლე ვთქვათ. სოციალურ ქსელებში თქვენც გაკრიტიკებენ. ამას არ კითხულობთ?

- ამათ დაქირავებული ადამიანები ჰყავთ. თავდაცვის მინისტრმა საარჩევნო კანონი დაარღვია და იქ 525 კაცი ჩაყარა. ბერძენიშვილი რომ ლაპარაკობს, ერთი წელია, რაც ჯარი იქ არისო, ხალხს ატყუებს.

თქვენ მტკიცებულება გაქვთ, რომ თინა ხიდაშელმა საგარეჯოს არჩევნების მოგების მიზნით, ადგილზე 525 კაცი „ჩაყარა“?

- როგორ არ მაქვს?! არჩევნების წინ სპეციალური სხდომა ჩატარდა, სადაც ითქვა, რომ მუხროვანში უბნის გახსნა არ გვინდა და 25 კაცი სოფლებში გადავანაწილოთო. რომ ლაპარაკობს, არავის გაუყალბებიაო...

ანუ, თინა ხიდაშელმა არჩევნები გააყალბა?

- კი არ გააყალბა, კანონი დაარღვია. ვინ საიდან ჩამოიყვანა, სია მაქვს. ოქმი მაქვს და თუ გინდათ, გაჩვენებთ.

არ ფიქრობთ, რომ ამ თქვენი ბრალდებებით ოპონენტებს იმის საფუძელს აძლევთ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭქვეშ დააყენონ?

- რაც ფაქტია, იმას ვამბობ. ერთი კვირის შემდეგ ამას ყველა წერდა და დოკუმენტები არსებობს. თუ უნდათ, თვითონ გამოიძიონ. ის ოქმი შექმნილია არჩევნების წინ, ნომერ მესამე ოქმია, სადაც პირდაპირ ნათქვამია - „უბნის გახსნა არ გინდათ“. ამას თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრებოდა და ეს ყველაფერი მაინც გაკეთდა. ვინ გააგზავნა? თუკი თინა ხიდაშელი იტყვის, მე არ გამიგზავნიაო, მაშინ რის მინისტრი ხარ? ამდენი ხარჯები გაიწია და დისლოცირება მოხდა.

თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ თინა ხიდაშელმა კანონი დაარღვია და არჩევნებში ისე ჩაერთო, თქვენ მას გასული წლის დეკემბერში ნდობა რატომ გამოუცხადეთ და მაშინ, ამ ყველაფერზე რატომ არ ილაპარაკეთ?

- თინა ხიდაშელს ჩემი კრიტიკა რომ არ დაეწყო, როგორც კოალიციის წევრი, თავს შევიკავებდი, მაგრამ რადგან გაბედა, ათჯერ მეტს მიიღებს, რადგან ბევრი მაქვს სათქმელი. თავს ნუ იმართლებს, რომ იქ თურმე, ჯარი მაგის გარეშე ჩავიდა. აბა, რისი მინისტრია?