2016 წლის 9 ივლისს, ვარშავაში ნატოს სამიტზე, თურქეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს დააყენებს. თუმცა, თურქეთის მხარდაჭერა სავარაუდოდ, გავლენას ვერ მოახდენს ისეთი მძიმეწონიანი ქვეყნის პოზიციაზე, როგორიც გერმანიაა. ექსპერტების განცხადებით, ევროპის ლიდერი ქვეყანის პოზიცია მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენი იქნება საქართველოს მხარდაჭერის დინამიკაზე.
რაც შეეხება გერმანიის მხარდაჭერის შანსებს, დღეს გერმანიაში სიტუაცია შეცვლილია რუსეთთან მიმართებაში. ძალიან ცალსახად ფიქსირდება, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული ნაბიჯები, აშკარად ურტყამს მსოფლიო უსაფრთხოებას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. თუმცა, ჯერჯერობით ანალიტიკოსებს უჭირთ პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანია.
საქართველოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ყველა პარტნიორთან და ნატო-ს ყველა წევრ ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრაზე თურქეთი ყოველთვის აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.
„მინისტერიალზეც, შეხვედრაზეც ყოველთვის ვაყენებთ ამ საკითხს. ბოლო შეხვედრაზეც პირადად მე დავაყენე ეს საკითხი. ვარშავის ნატო-ს სამიტზეც დავაყენებთ ამ საკითხს, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამაში“, -განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ნატო-ს წევრ ქვეყნებში დღეს არის მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას, მაგრამ ქვეყანაში ამის გამო მცდარი მოლოდინები არ უნდა შეიქმნას. საქართველომ ინტეგრაციისკენ სწრაფვა და რეფორმები უნდა გააგრძელოს და ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს.
„დღეს ნატო-სთან უნდა ვილაპარაკოთ წევრობაზე და ეს არის მთავარი ამოცანა ყველასთვის. არ არსებობს მინისტერიალი, ან რამე ფორმალური, ან არაფორმალური შეკრება ნატო-ს ფარგლებში, სადაც თურქეთის ორივე მინისტრი, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრიც, ცალსახად არ აყენებდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს. ბატონი მევლუთი ჯერ კიდევ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იცავდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და მე მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა მას ამისთვის. მინისტრმა პირდაპირ თქვა, სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ჩვენი მოთხოვნა.
ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ჩვენი ამოცანა, ოცნება, არ არის MAP-ის მიღება. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ნებისმიერ სტუდიაში დავუჯდები და დავუმტკიცებ დოკუმენტურად, რომ არც ერთ ქვეყანას დედამიწის ზურგზე, ვისაც MAP ჰქონია, ან დღეს აქვს, არა აქვს იმდენი ინსტრუმენტი, რაც საქართველოს აქვს ნატო-სთან ურთიერთობაში. არა აქვს თანამშრომლობის იმდენი ტიპის ფორმატი, რამდენიც საქართველოს აქვს ნატო-სთან ურთიერთობაში“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო ნატო-ს წევრი მაინც გახდება და ამ მოსაზრებას ალიანსის ყველა წევრი იზიარებს. მისივე განცხადებით, 2008 წლის კონფლიქტი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხს ართულებს.
„რა თქმა უნდა, ეს ხვალ არა, მაგრამ მაინც მოხდება. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჩვენი ურთიერთობის გაფართოებაზე და იმედი გვაქვს, რომ კონფლიქტი მალე გადაწყდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. ამჟამად ჩვენ ურთიერთობის გაღრმავებაზე ვმუშაობთ დასაქართველოს ნატო-ში შესაძლო წევრობისთვის ვამზადებთ“,- აცხადებს ჯეიმს აპატურაი.
ანილიტიკოსების განცხადებით, საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა წარმატებულად ვითარდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. თუმცა, რადენად დაეხმარება საქართველოს მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადება დაარწმუნოს ის სკეპტიკოსი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ბარიერს უქმნიან, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.
ექსპერტი საგერო ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და „არსებითი პაკეტის“ განხორციელებაში თურქეთს სერიოზული წვლილი შეაქვს.
„თურქეთს უნდა, რომ საქართველოს ამ პროცესში ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებიც ეხმარებოდეს. ვფიქრობ, რომ თურქეთი შეძლებს საქართველომ ნატო-ს წვერი სახელმწიფოებისგან მიიღოს მეტი დახამრება. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, მარტო თურქეთის მხარადჭერაზე რომ იყოს დამოკიდებული, საქართველო უკვე იქნებოდა ნატო-ს წევრი სახელმწიფო.
საერთოდ ერთი რამ ფაქტია, რომ ჩვენთვის გაცილებით საფრთხეა რუსეთ-თურქეთის ერთმანეთთან შერიგება, ვიდრე მათ შორის კოფლიქტი. გვახსოვს 1920-21 წლები, როდესაც თურქეთ-რუსეთის შერიგებას მთელი კავკასიის ოკუპაცია მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატო-ს წევრია და ევროკავშირისკენ მიისწრაფის, ჩვენთვის უმჯობესია კონფლიქტში იყოს რუსეთთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა, მაგრამ მისივე თქმით, არიან სერიოზული სკეპტიკ ური ქვეყნები დასავლეთ ევროპაში, მათ შორის არის გერმანია და სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ.
„სამწუხაროდ ამ მიმართულებით საკმარისი ძალისხმევა არ არის. გერმანია ყოველთვის იყო ლიდერი სახელმწიფო, მის პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - უმრავლეს შემთხვევაში მისი პოზიცია გადიოდა. დიახ, მე ასე ვფიქრობ, რომ გერმანიის მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს შანსები საგრძნობლად გაიზრდება“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
რაც შეეხება თურქეთის პოზიციას, მუჩაიძის განცხადებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპონენტია, მაგრამ რთული სათქმელია, რამდენად შესაძლებელია, თურქეთის პოზიციამ გავლენა იქონიოს სხვა სკეპტიკური ქვეყნების გადაწყვეტილებაში.
„იმისათვის, რომ ამ ქვეყნების მხარდაჭერა მივიღოთ, უნდა შევასრულოთ საშინაო დავალება. რადგან ჩვენს სკეპტიკურ ქვეყნებს ძალიან ბევრი რამე აქვთ დასაძრახი რეფორმირების კუთხით, რომელსაც იყენებ იმისთვის, რომ ხაზი გაუსვან საქართველოს გაწვერიანების პროცესის გადადებას. ასე რომ, ჩვენს ხელშია მნიშვნელოვანი ბერკეტები. ნელ-ნელა გავანეიტრალოთ ყველა კონტრარგუმენტი, რომ საქართველოს გაწევრიანების შესაფერხებლად აღარ დარჩეს არგუმენტები, როგორც ეს მოხდა ბალტიის ქვეყნებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.