„შერიგების სამინისტრო შესაძლებელია გაუქმდეს, მით უმეტეს, რომ 25 წელია, ვერ შევრიგდით“

„შერიგების სამინისტრო შესაძლებელია გაუქმდეს, მით უმეტეს, რომ 25 წელია, ვერ შევრიგდით“

არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ბედნიერების მინისტრი აკლდათ და მალე ამის დანაკლისსაც აინაზღაურებენ. ცოტა ხანში არაბებს ბედნიერების მინისტრი ეყოლებათ, რომელიც მოქალაქეების ბედნიერების უზრუნველყოფაზე იმუშავებს.

საქართველოში, მართალია, მოქალაქეთა ბედნიერების უზრუნველსაყოფად არცერთი სამინისტრო თავს არ იკლავს, მაგრამ უამრავი ფუნქციური თუ უფუნქციო სამინისტროს მოხელე საკუთარ ბედნიერებას მაინც იწყობს. შედეგად, ასეთ გაბერილ შტატებს მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყნაში ვერ შეხვდებით.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიის უკანასკნელმა დანაბარებმა ჩვენი მინისტრები საგონებელში ჩააგდო. ქადაგიძე სამინისტროების განახევრებაზე, ანუ ბიუროკრატიის შემცირებაზე ალაპარაკდა, რადგან საქართველო დღეს 19 სამინისტროს მეშვეობით იმართება, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა სიპ-ებსა თუ სტრუქტურებზე. ამ დროს კი შვეიცარია, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში, იმართება 8 სამინისტროს მეშვეობით. ქადაგიძე კონკრეტიკამდეც მიდის და აცხადებს, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო. მაგალითად - ევროინტეგრაციის სამინისტრო შესაძლებელია შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცალკე დეპარტამენტად, ასევე, შეიძლება გაუქმდეს სასჯელაღსრულების სამინისტრო, რადგან ასეთი სამინისტრო არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ გვხვდება.

ქადაგიძის რეკომენდაციები კულტურის სამინისტროს, ამ „საბჭოთა გადმონაშთსაც“ გადასწვდა. მთლიანობაში, გაბერილი უწყებების განახევრებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასეულობით მილიონი ლარის დაზოგვას ვარაუდობს, რაც, თავის მხრივ, ქვეყანას საშუალებას მისცემს, ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებელზე გავიდეს.

აღნიშნული ინიციატივის თანახმად, საჯარო სამსახურს 30 000 ადამიანი დატოვებს.

ქადაგიძის რეკომენდაციას მიმდევრებიც გაუჩნდა. ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ არსებული 19 სამინისტროს ნაცვლად უნდა დარჩეს 8, რადგან საჯარო სამსახური არ არის დასაქმების ბიურო, სადაც ადამიანები უნდა საქმდებოდნენ და შემდეგ არაფერს აკეთებდნენ.

„მაგალითად, უნდა გაუქმდეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ასევე, ევროინტეგრაციის მინისტრის აპარატი. ამ ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისედაც ასრულებს. ენერგეტიკის, რეგიონული და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროები რომ გაერთიანდნენ, რა პრობლემაა? ეკონომიკის სამინისტროს დღეს რეალურად საქმე არ აქვს. ქონება, რომელიც მის ბალანსზეა, იმას გაყიდის და მისი საქმე ამით დამთავრდება“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც ანალოგიური პოზიციისაა და მიიჩნევს, რომ შერიგების სამინისტრო შესაძლებელია გაუქმდეს, მით უმეტეს, რომ 25 წელია, ვერ შევრიგდით.

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ სამომავლოდ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული ოპტიმიზაცია, თუმცა ამას კარგი ანალიზი სჭირდება.

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმება შესაძლებელია, თუმცა არის ერთი რისკიც - როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის ავტონომიის მინიჭება არ უნდა მოხდეს, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შვეიცარია იმიტომ იმართება რვა სამინისტროს მეშვეობით, რომ შვეიცარია განვითარებული ქვეყანაა. იქ ისეა აწყობილი საქმე, რომ შესაძლოა, შვეიცარია სამინისტროების გარეშეც იმართებოდეს. ამდენად, მთლად ლოგიკური არ არის გიორგი ქადაგიძის განმარტება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სამინისტროების შემცირება.

„რა თქმა უნდა, არის სამინისტროები, რომლებიც შეიქნა ტაქტიკური მოსაზრებებით - იმავე ევროინტეგრაციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროები. შეიძლება, ისინი შეერწყას სხვა სამინისტროებს, რადგან გარკვეული ხელოვნურობა ახასიათებთ, მაგრამ სამინისტროების განახევრება საკამათო საქმეა. რაც შეეხება სასჯელაღასრულების სამინისტროს, მე ვფიქრობ, ესეც ზედმეტია და დეპარტამენტის დონეზე იუსტიციის სამინისტროს უნდა დაუბრუნდეს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს, ან მუნიციპალიტეტებში გადავიდეს ეს ფუნქციები, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობები ახორციელებდნენ მსგავს პროექტებს. მასშტაბური ნაციონალური პროექტი კი ეკონომიკის სამინისტრომ უნდა განახორციელოს. გარდა ამისა, ევროინტეგრაციის სამინისტრო, ეს ერთჯერადი ამოცანის სამინისტრო, არ უნდა არსებობდეს. ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირდაპირი კომპეტენციაა“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა და განმარტა, რომ სპორტის სამინისტროს ფუნქციებს შესაძლოა, ფედერაციებმა მიხედონ, გამაჯანსაღებელი და ფიზკულტურული საკითხები კი შეიძლება გადავიდეს მუნიციპალიტეტების დონეზე. კულტურის სამინისტროს კი გია ხუხაშვილი არასწორ სამინისტროს უწოდებს, რომლის ნაცვლადაც, ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს კულტურის ფონდი, სადაც კულტურის მოღვაწეების მეურვეობით განხორციელდება კულტურული პროექტები. ფაქტობრივად, კულტურა უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკისგან.

„პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა შექმნა რაღაც რგოლი, რომელმაც მონიტორინგი უნდა გაუწიოს სამინისტროების მუშაობას. ეს საკმაოდ კარგი იდეაა, თუმცა ამან შეიძლება სახიფათო განვითარება მიიღოს და კიდევ ერთი ბიუროკრატიული მექანიზმი შექმნას. თუ აქ საუბარია ადამიანთა მცირე ჯგუფზე, რომლებიც სამინისტროების ეფექტურობის ტესტირებას მოახდენენ, ეს სხვა საქმეა“.

ოპტიმიზაციის აუცილებლობის მიუხედავად, გია ხუხაშვილი თვლის, რომ არჩევნებამდე ხელისუფლება ამ ნაბიჯებს არ გადადგამს, თუმცა შესაძლოა, ზოგადი დაპირება იყოს, რომ არჩევნების შემდეგ მმართველობითი სისტემის სერიოზულ რეფორმას ჩაატარებენ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 1993 წელს პირადად იგი პარლამენტში მუშაობდა, როდესაც პარლამენტში შეიტანეს პირველი პროექტი საქართველოს მთავრობის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. ვახტანგ ძაბირაძე დღესაც მიიჩნევს, რომ საქართველოს არ სჭირდება გაბერილი ბიუროკრატია, ბიუჯეტის უსაგნო ხარჯვა. თუმცა აქ მეორე პრობლემაცაა, რომ ეს ხალხი დღეს დასაქმებულია და ვაკანსიების შეკვეცის შემდეგ ისინი ჰაერში აღმოჩნდებიან.

„ამ ნაბიჯების გადადგმას როცა დავიწყებთ, უნდა გავითვალისწინოთ დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა და მათ გარკვეული პერიოდი უნდა მივცეთ. დღეს როდესაც ადამიანს ათავისუფლებ, ერთი წლით მაინც უნდა შეუნარჩუნო ხელფასის 90%, მეორე წელს ხელფასის 70% უნდა დაუტოვო, ხოლო მესამე წელს - 50 %. თუკი მან ერთი წლის განმავლობაში მოახერხა სხვაგან დასაქმება, ცხადია, ხელფასს შეუწყვეტ და მას ორმაგი ხელფასი აღარ ექნება. ორი სამინისტროს მექანიკური გაერთიანება კი არ შეიძლება, ამას სერიოზული მომზადება სჭირდება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას აუცილებლად მიიჩნევს უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აღნიშვნავს, რომ ეს ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის და ლარის სტაბილიზაციისთვის აუცილებელია. მისი მოსაზრებით, თუკი მთავრობამ საკუთარი თავის ხარჯები არ შეამცირა, პრემიაზე უარი არ თქვა და ბიუროკრატიის ხარჯი არ შეამცირა, ამ ქვეყანაში ეკონომიკის წინსვლას და ლარის სტაბილიზაციას არავინ არ უნდა ელოდოს.

„საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება აუცილებელია და ეს ნაწილია იმ რეცეპტის, რომელსაც ვცდილობთ, მთავრობას წარვუდგინოთ და დავაჯეროთ. მთავრობის კომენტარები აბსოლუტურად ამის საპირისპიროა, რადგან შარშან, პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შექმნეს და ახალი მინისტრის პოსტი დაამატეს. ანუ, არათუ რაიმე გააუქმეს, არამედ პირიქით, ახალი პოსტი დაამატეს. ასევე მომავალ წელს მთის სამინისტროსაც ქმნიან. თბილისის მერიაში თანამშრომლების რაოდენობა გასამმაგებულია და იქ დღეს, ოთხჯერ მეტი ადამიანია გაფორმებული, ვიდრე ეს გიგი უგულავას დროს იყო“, - აღნიშნავს უმცირესოის ლიდერი.

ოპოზიიცსგან განსხვავებით, უმრავლესობაში სამინისტროების რაოდენობის შემცირების საკითხს სიფრთხილით უყურებენ და აქცენტს კადრების შემცირების უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ.

როგორც for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განუცხადა, ხარჯების თემა უნდა გადაიხედოს და სწორი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ხარჯების ოპტიმალიზაცია მოხდეს, მაგრამ ხელაღებით იმაზე საუბარი, რომ რაოდენობა უნდა შემცირდეს და ადამიანები სამსახურის გარეშე დარჩნენ, მთავრობას ამის გეგმა არ გააჩნია და ამ თემაზე განხილვა მიმდინარეობს.

ვოლსკი ფიქრობს, რომ ქადაგიძის განცხადება უფრო პოლიტიკური ნიშნების მატარებელია და საზოგადოებაში დაძაბულობა შემოაქვს, თითქოს, დასაქმებული ხალხი მტრის ხატად არის წარმოდგენილი, მაშინ, როცა ბევრი ადამიანი წარმატებით მუშაობს და ოჯახებს ინახავს.

„არ მგონია, რომ კადრების შემცირებაზე ხელაღებული ლაპარაკი სწორი და დროული არ არის. დაწყებულია იმაზე კონსულტაციები, რისი შემცირება შეიძლება და რისი - არა. ხედვაზე ჩამოყალიბებული არ ვარ, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ“, - აცხადებს ვოლსკი, რომლის მსგავსად, სამინისტროების შემცირების საკუთარ ხედვაზე არ საუბრობს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.

for.ge-სთან საუბარში ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სასაცილოა ლაპარაკი, თითქოს ვიღაცამ ეს ინიციატივა ადრე გაახმაურა.

მისი მტკიცებით, ამაზე დიდი ხანია მთავრობა მუშაობს და თუკი 2011 წელს, მმართველობითი ხარჯები ბიუჯეტის 48 პროცენტი იყო, დღეს 40 პროცენტზეა დაყვანილი.

„მცირე მთავრობაზე საუბარი სისულელეა, მთავარია, მმართველობითი ხარჯები შემცირდეს და არა ზოგადად სამთავრობო ხარჯები, რომელიც ძალიან ცოტაა. რა თქმა უნდა, მმართველობას სერიოზული ცვლილება სჭირდება, რადგან ნაციონალებმა არასწორი მმართველობა შექმნეს. ამას გონივრულად და გააზრებით გავაკეთებთ. ჩემს ვარიანტს არ გეტყვით, რადგან ესაა საბავშვო ბაღი, პოპულიზმი და თამაში. ცხრა წლის მანძილზე მთავრობაში იყვნენ და ისეთი კანონები მიიღეს, რომელმაც ქვეყანა დაღუპა“, - დასძენს ჟორჟოლიანი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე კი მიიჩნევს, რომ გარკვეული სამინისტროების შემცირება სავსებით შესაძლებელია. როგორც for.ge-ს ხმალაძემ განუცხადა, შემცირება არ ნიშნავს, რომ ეს სფერო მოუწესრიგებელი დარჩეს, მაგრამ გარკვეული ცვლილებები შეიძლება გაკეთდეს და სამინისტროები თემატურად გადანაწილდეს.

„ეს მართვასაც უფრო ოპტიმალურს გახდის და ალბათ, ხარჯით შემცირდება. ხარჯების ეკონომია როგორი იქნება, ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ თუკი რეგულირებას გარკვეული ადამიანების მუშაობა სჭირდება, ისინი რომელ სამინისტროში იქნებიან, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მინისტრები ნაკლები გვეყოლება, ისევე როგორც მათი მოადგილეები და ბუღალტერია“, - განაცხადა ხმალაძემ.