ტყემალაძემ მეჭიაური „შეაცდინა“ - რეგლამენტი დაირღვა!

ტყემალაძემ მეჭიაური „შეაცდინა“ - რეგლამენტი დაირღვა!

პარლამენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურას ჩააგდებს თუ მხარს დაუჭერს, ეს ამ დრომდე მმართველ გუნდში არ იციან. იმის გამო, რომ უმრავლესობაში გვენეტაძესთან დაკავშირებით მთავრობიდან მესიჯი არ მისულა, ზურაბ ტყემალაძისა და თამაზ მეჭიაურის კომიტეტებმა პროცედურები რეგლამენტის გვერდის ავლით წარმართეს.

კერძოდ, რეგლამენტის 46-ე მუხლში აღნიშნულია, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. რეგლამენტის მიხედვით, დასკვნა ფარული კენჭისყრით მიიღება. ანუ, რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატები კანდიდატებს ფარული კენჭისყრით ან მხარს უჭერენ, ან ხმას წინააღმდეგ აძლევენ, თუმცა, კომიტეტებმა კითხვის ფორმულირება შეცვალეს და საკითხს კენჭი შემდეგნაირად უყარეს - „უჭერთ თუ არა მხარს საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას?“. გამოდის, რომ დეპუტატებმა კენჭი უყარეს არა გვენეტაძეს, არამედ საკითხის სხდომაზე განხილვას.

16 თებერვლის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ ამ კითხვის ფორმულირებას ხაზი განსაკუთრებით გაუსვა და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა ინტერპრეტაცია არ მოეხდინათ.

ის, რომ კითხვის ფორმულირება ადეკვატური არ არის, ამას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძეც ადასტურებს. როგორც for.ge-ს ებანოიძემ განუცხადა, დეპუტატები ამ საკითხს მხარს დაუჭერდნენ თუ არა, სხდომაზე საკითხი მიანც გავა.

„ვფიქრობ, რომ ფორმულირება ადეკვატური არ იყო. რას ქვია, ვინ შემოგვთავაზა? - როცა ხმა მივეცი, მხარი კანდიდატს დავუჭირე, თუმცა, კითხვის ფორმულირება სხვანაირი უნდა ყოფილიყო. რა ფორმულირებაც შემომთავაზეს, მხარი მას დავუჭირე“, - განაცხადა ებანოიძემ, რომლის მსგავად განმარტებების გაკეთება მოვთხოვეთ კომიტეტის თავმჯდომარეს, თამაზ მეჭიაურს.

for.ge-სთან საუბარში მეჭიაური ამბობს, რომ კითხვის ფორმულირების საკითხით ისიც დაინტერესდა, კონსულტაციები ტყემალაძესთანაც გაიარა და მის პოზიციას დაეყრდნო.

„სხვათა შორის, ამ საკითხით მეც დავინტერესდი. კონსულტაციები ტყემალაძესთანაც გავიარე და მან თქვა, რომ ეს ყველაფერი - ფორმულირება წარმდგენთანაც იყო შეთანხმებული და საჭიროდ აღარ ჩავთვალე, რომ ეს ფორმულირება შემეცვალა. წამყვანი კომიტეტიდან ეს ფორმულირება მოვიდა და მას კენჭი ვუყარეთ. პარლამენტის წევრებს ამით კონსულტაციებისთვის უფრო მეტი საშუალება მივეცით, რომ თავის პოზიციებში გარკვეულიყვნენ. ძირითადად, ტყემალაძის მიერ გავლილ კონსულტაციებს დავეყრდნე“, - დასძინა მეჭიაურმა.

დეპუტატი გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე დაფიქრდება და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს.

„კანდიდატი ცდილობდა, დიპლომატიური იყო და ის სიღმეში ჩასვლას ერიდებოდა. ის უდაოდ გამოცდილი და განათლებულია, მაგრამ კითხვების საპასუხოდ კონკრეტიკას ერიდებოდა. საკითხზე ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ ვარ და ვიფიქრებ. მასში დადებითი მომენტებიც დავინახე და კითხვის ნიშნებიც დამრჩა“, - განაცხადა მეჭიაურმა.

ზურაბ ტყემალაძე კი, კითხვის ფორმულირების შეცვლაში პრობლემას ვერ ხედავს. for.ge-სთან საუბარში ტყემალაძე აღნიშნავს: თუკი პარლამენტმა საკითხს არასწორად უყარა კენჭი, მაშინ კომიტეტი სხდომას თავიდან ჩაატარებს.

„საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დავუჭირეთ. ყველაფერი ვიცი. კანდიდატურის პლენარულ სხდომაზე განსახილველად საკითხი მომზადებულად ჩავთვალეთ. კენჭი ისე ვუყარეთ, როგორც ვუყარეთ და თუ მიგაჩნიათ, რომ არასწორად ვუყარეთ, მაშინ ნუ მიიღებენ და კომიტეტის სხდომას თავიდან ჩავატარებ“, - ამბობს ტყემალაძე, რომლის მსგავსად, კითხვებით for.ge-მ პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მიმართა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე for.ge-სთან საუბარში მეჭიაურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას უარყოფს, რომ კითხვის ფორმულირება შეთანხმებული გვენეტაძის წარმდგენთან, ანუ, პრეზიდენტის წარმომადგენლებთან იყო.

„ეს საკითხი თავად კომიტეტებს ჰკითხეთ, რადგან მათი საქმეა. ეს საკითხი კომიტეტებმა პრაქტიკიდან გამომდინარე, თავად უნდა იცოდნენ. ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის? - ეს მათი შიდა დოკუმენტია და ვერაფერს გეტყვით. ეს საკითხი ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, მას კენჭს პირველად ხომ არ ვუყრით?“, - აცხადებს კვერენჩხილაძე.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, ნაციონალებს გვენატაძის კანდიდატურა ხიბლავთ და მის წარსულსაც იხსენებენ, მაგრამ მხარდაჭერის თაობაზე პარტიულ კონსულტაციების გამართვას გეგმავენ.

როგორც for.ge-ს მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, როგორც ჩანს, არაფორმალური მმართველისგან უმრავლესობას გზავნილი არ მიუღია, რომელიც დაკავებულია ხეების გადარგვით.

„როცა ის კანდიდატი გამოდის, რომელიც მათ უნდათ, მისი გასვლა ტაშა-ტუშით უნდათ და კითხვის ფორმულირებაც ნათელია. არ მომწონს, რომ უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭიროს. ჩვენ გვენეტაძის კომპეტენცია მოგვეწონა, მაგრამ მისი პასუხები უფრო დიპლომატიური იყო, ვიდრე მკაფიო და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. მნიშვნელოვანია ის, რამდენად შეძლებს კობა იმ პრობლემებთან გაბრძოლებას, რომელიც არაფორმალურ მმართველობას შეეხება. კობა პრინციპული ადამიანია და მახსოვს, ის შევარდნაძის მთავრობაში როგორ მოიქცა, როცა მან საქართველოსთვის წამგებიან კონტრაქტს ხელი არ მოაწერა. წლები მიდიან და ვნახოთ, რაიმე გარიგება ხომ არ არის პრეზიდენტსა და ივანიშვილს შორის“, - ამბობს მაჭავარიანი.

პარლამენტის დღის წესრიგში კობა გვენეტაძის კანდიდატურის კენჭისყრის საკითხი შეტანილი ჯერჯერობით არ არის და როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, ამ საკითხზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ - გიორგი კვირიკაშვილს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, საბოლოო სიტყვის თქმა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.