ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის, ფაქისო მოჩოჩოკოს განცხადებით, ჯერჯერობით არ შეიძლება გადაჭრით იმის თქმა, ითანამშრომლებს თუ არა რუსეთი გამოძიებასთან. რუსეთის უარის შემთხვევაში გამოძიება გაგრძელდება და, როგორც პროკურორი ამბობს, საკუთარი საშუალებებით მოიპოვებენ სამხილებს. მისივე თქმით, ეს უფრო გაართულებს პროცესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამხილების მოპოვებისთვის მუშაობა გაგრძელდება.
აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით, for.ge ექსპერტს სამართლის საკითხებში, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
ვალდებულია თუ არა რუსეთი ითანამშრომლოს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან?
ლია მუხაშავრია: რუსეთს არ აქვს ვალდებულება ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რადგან რუსეთი არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი მხარე და მათ უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ თანამშრომლობას. ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბერში, მათ მიმართეს ჰააგის ტრიბუნალს და მოითხოვეს, რომ გამოძიება დაწყებულიყო, მაგრამ მათ მიმართვებზე ტრიბუნალმა არანაირი რეაგირება არ მოახდინა. შესაბამისად, რუსეთი თვლის, რომ მათ არ უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
ამ ეტაპზე როგორ ფიქრობთ, აპირებენ თუ არა პროკურორის ოფისის წარმომადგენლები რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლას?
- პროკურორის ოფისის წარმომადგენლები აპირებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლას, რადგან თვლიან, რომ ის არის ჩვენი ტერიტორია და მასზე ვრცელდება ჩვენი იურისდიქცია. შესაბამისად, მათ აქვთ უფლება აწარმოონ გამოძიება ამ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ისინი რუსეთში ვერ ჩავლენ, რადგან მათ უნდა მიიღონ სახელმწიფოდან გარანტიები, რომ ხელს შეუწყობენ და ყველანაირ პირობას შეუქმნიან გამოძიების ჩასატარებლად, რისი პირობაც რუსეთს არ მიუცია. რუსეთს არ აქვს ვალდებულება, რომ მის ტერიტორიაზე მსგავსი ფაქტებისგან დაიცვას საკუთარი თავი და მოსახლეობა. გამოძიება ჩატარდება საქართველოს ტერიტორიაზე და, მათ შორის - ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
დაცვის პროგრამაში მოწმეების ჩართვასთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, ომის ძალადობის თვითმხილთა დაცვა როგორ უნდა მოხდეს?
- საქართველოს პროკურატურას გააჩნია მოწმეების დაცვის პროგრამა, შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია დაეხმაროს ჰააგის ტრიბუნალის პროკურორს. სწორედ ამაზე საუბრობს ფაქისო მოჩოჩოკოც. მოწმეებს შეუცვლიან ვინაობას, საცხოვრებელ ადგილს და გადაიყვანენ უსაფრთხო ტერიტორიაზე. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მათ საფრთხე არ დაემუქროს იქამდე, სანამ ისინი მოწმის სტატუსით მოქმედებენ.