იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთი წევრობაზე უარს იტყვის, ევროკავშირს დაშლის რეალური რისკი შეექმნება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებების პროცესში ახლა გადამწყვეტი მომენტი დადგა. მისივე თქმით, ბრიუსელი ლონდონთან მოლაპარაკებას განსაკუთრებული სიფრთხილით აწარმოებს.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი რეფერენდუმის ჩატარებას ოფიციალურად 22 თებერვალს დააანონსებს და შესაძლოა, რეფერენდუმი მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდეს. ევროკავშირში დარჩენის სანაცვლოდ ბრიტანეთი რამდენიმე მოთხოვნას აყენებს.
ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაა. გარდა ამისა, ბრიტანეთი თვლის, რომ ძალიან ბევრს იხდის საწევროს და შესაბამისად, თანხის განახევრებას ითხოვს. თავის მხრივ, ევროკავშირი თვლის, რომ ბრიტანეთი იმდენ სარგებელს ღებულობს საერთო ბაზრით და ვაჭრობით, რომ მეტი უნდა გაიღოს.
ექსპერტები თვლიან, რომ კომპრომისი შედგება და დიდი ბრიტანეთი წევრობაზე უარს არ იტყვის. მათი განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირი ბრიტანეთის მთავარი იმპორტ-ექსპორტიორია. ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების შედინებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ფაქტიც, რომ კაპიტალის თავისუფალი ბრუნვის პირობებში, ბრიტანეთს ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე უფრო ლიბერალური ბიზნეს გარემო აქვს. საერთო ბაზრის დატოვება კი, ქვეყნისთვის ფინანსური კატასტროფის ტოლფასი იქნება.
ექსპერტი, საერთაშორისი საკითხებში, სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ კონსენსუსი შედგება.
„როგორც ჩანს, ყველაფერს დიპლომატია გადაწყვეტს. მთავარია ისიც, რომ ამერიკას არ აწყობს ეროკავშირიდან ინგილისის გასვლა. მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირში, მისცემენ მას იმ შეღავათებს, რასაც ითხოვს, რადგან ევროკავშირიდან გასვლა ძალიან რადიკალური ნაბიჯი იქნებოდა. კომპრომისი შედგება, ვინაიდან ამას ხელს უწყობს საერთაშორისო ვითარებაც. რაც უნდა უცნაურად გამოიყურებოდეს, კონტინეტური ევროპისა და ბრიტანეთის ერთობის ხელშემწყობ ქვეყანათა შორის, პირველ რიგში, არის რუსეთი და პუტინი. საერთო საფრთხე, რომელიც ერთდროულად ემუქრება კონტინეტურ ევროპას და ბრიტანეთს, ეს არის რუსეთი. ცხადია, რომ ერთობლივი თავდაცვის მექანიზმი გამაერთიანებელი ფაქტორია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ვიქტორ დოლიძე თვლის, რომ ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლა განსაკუთრებით წევრ ქვეყნებს დააზარალებს, თუმცა ფიქრობს, რომ ბრიტანელები რეფერნდუმზე ევროზონიდან გასვლის წინააღმდეგ არ წავლენ.
„საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ არ გვინდა ევროკავშირი, ჩვენ თვითონ მივხედავთ უსაფრთხოების საკითხსო, მაგრამ უმრავლესობა და მათ შორის პარლამენტის წვერები არ იზიარებენ ამ მოსაზრებას. პირიქით, თვლიან, რომ ევროპული უსაფრთხოება ბრიტანეთის მოსახლეობას უფრო უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს. ისინი ამბობენ, რომ შეიძლება ეკონომიკა ცალკე განავითარო და წინ წახვიდე, მაგრამ საერთაშორისო უსაფრთხოებას და გამოწვევას ერთად უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან მარტო ვერაფერს გავხდებითო. ძალიან საინტერესო და კომპლექსური თემაა. ჯერჯერობით რთულია წინასწარ პროგნოზის გაკეთება, რა მოხდება, თუმცა როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, გამოვრიცხავ ევროკავშირის დაშლას“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
მისივე თქმით, ევროკავშირი არ არის მხოლოდ 50-იან წლებში წარმოშობილი ეკონომიკური კავშირი, რომელიც მერე განვითარდა და უსაფრთხოებას დაეფუძნა, არამედ ეს არის ღირებულებითი ერთობა. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ეს გამოწვევები ახალ შესაძლებლობებს გააჩენეს და მათ შორის -საქართველოსთვის.
„შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ახლო მომავალში ამას აუცილებლად ვიხილავთ. ევროკავშირში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ გაძლიერდეს უსაფრთხოების კომპონენტი, რომ უფრო ეფექტური და მობილური გახდეს, მეტი თანხა გამოიყოს უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, გამოვრიცხავ ბრიტანეთის გასვლას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის განმარტებით, ბრიტანეთში ევროსკეპტიკები და ევროპული იდეის მომხრეები ყოველთვის არსებობდნენ, ხოლო უკანასკნელმა მოვლენებმა, მათ შორის ეკონომიკურმა კრიზისმა და ლტოლვილთა დიდმა ტალღამ ახლო აღმოსავლეთიდან, დამატებითი არგუმენტები გაუჩინა ევროსკეპტიკოსებს. როგორც მენაღარიშვილი აცხადებს, ბრიტანეთის დამოკიდებულება ევროპული ინტეგრაციის პროცესიდან ყოველთვის დამახასიათებელ სპეციფიურ ნიშას ატარებდა. იგი არ შეერთებია ერთიან სავალუტო ზონას. ასევე, შენგენის სავიზო სისტემას და ცდილობდა თავისი განსაკუთრებული პოზიცია ჰქონდა.
„ცოტა ხნის წინ ბრიტანეთი გადაურჩა შოტლანდიის დაკარგვას, როდესაც რეფერენდუმზე შოტლანდიელებმა ერთიან სახელმწიფოში დარჩენა არჩიეს. ამიტომაც გამწვავდა ეს საკითხი და გასაგებია, რომ ბრიტანეთთან შეთანხმების პროცესის წარუმატებლობა ზრდის ევროკავშირის წინაშე გამოწვევების სიმწვავეს. ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაშიც კი, ევროკავშირის დაშლა ნაკლებად სავარაუდოა“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.
რაც შეეხება საქართველოს, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოება და წევრობა აქვს პოლიტიკურ პერსპექტივად არჩეული, მენაღარიშვილის განცხადებით, ეს პროცესი შესაძლებელია შეფერხდეს, რადაგან ამ კრიზისული მოვლენების დაძლევას დამატებითი რესურსები და ძალისხმევა დასჭირდება, რომელიც საერთო არსებული რეზერვიდან უნდა იყოს გამოყოფილი. ეს კი, მისი თქმით, შეამცირებს ევროკავშირის უნარს და საშუალებებს, რომ აქტიურად იმუშაოს ახალ ასპირანტ სახელმწიფოებთან.
„მოდით, ისე ნუ გავიგებთ, რომ ეს კატასტოფული შედეგების მომტანი იქნება. ეს ვერ იქნება სასიამოვნო მოვლენა, მაგრამ ამან ჩვენი ქყვეყნის ევროპული მისწრაფების ინტენსივობა არ უნდა შეაჩეროს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.