„როგორც კი სავალუტო ფონდი ხოტბას შეასხამდა ქადაგიძეს, ლარი რატომღაც გაუფასურებას იწყებდა“

„როგორც კი სავალუტო ფონდი ხოტბას შეასხამდა ქადაგიძეს, ლარი რატომღაც გაუფასურებას იწყებდა“

„როდესაც დაიწყებოდა კრიტიკა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ, ლარი მყარდებოდა და ჩვენ გვაქვს ეს სტატისტიკა. როგორც კი სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ხოტბას შეასხამდა ბატონი ქადაგიძის ქმედებებს, ეს ჩვენი ლარი რატომღაც ისევ გაუფასურებას იწყებდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებები ნაკლებად პოლიტიკური საკმაზით ყოფილიყო გაჯერებული.

გახდა თუ არა ლარის გაუფასურების რეალური მიზეზი საგარეო ფაქტორი და რატომ იხსნის პასუხისმგებლობას გიორგი ქადაგიძე? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

სოსო ცისკარიშვილი: მომავლის განჭვრეტა დამაჯერებელი იქნება ნებისმირი ადამიანის მიერ, თუ მას დაკარგული არ აქვს წარსულის ცნობიერება. ასეთი შთაბეჭდილება რჩება ბატონი ქადაგიძის გამოსვლიდან, როდესაც პირველად, მხოლოდ თანამდებობიდან წასვლის წინ საუბრობს იმ სისუსტეზე სახელმწიფო სისტემაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა განვლილი 12 წლის განმავლობაში. საინტერესოა, რატომ ინახავდა ქადაგიძე ამ ბრილიანტივით კრიალოსანის არსებობას მის ცნობიერებაში, აქამდე რატომ არ გვეუბნებოდა და ისიც საინტერესოა, ვინ იყო ბატონი ქადაგიძის არითმეტიკის მასწავლებელი, როდესაც მის მეირ დასახელებული ციფრები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა მხოლოდ ნულების რაოდენობით?

თვლით, რომ ქადაგიძის განცხადებები პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი იყო?

- რასაკვირევლია. ჯობდა, ნაკლებად პოლიტიკური საკმაზით ყოფილიყო გაჯერებული მისი განცხადებები. სრულიად ბუნებრივია, რომ პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ბატონი ქადაგიძის გამოსვლას, რადგან სრულიად უმეცარი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო პარლამენტის მიერ, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს არ მოესმინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის. საუბარი იმაზე, რომ 2014 წელი შორს იყო და უკვე ყველაფერი იყო განხილული, ეს სრულიად უსუსური არგუმენტია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კომიტეტს და უპირველეს ყოვლისა მის ხელმძღვანელს, არ აქვს მზაობა პროფესიულ ენაზე ეკამათოს ბანკის პრეზიდენტს.

რაც შეეხება ლარის გაუფასურების მიზეზებს, საგარეო ფაქტორებთან ერთად, ქადაგიძემ ხელისუფლების ბრალეულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთთან და ირანთან სავიზო რეჟიმის გამკაცრება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც გამოიწვია ლარის ვარდნა. ბატონო სოსო, სავიზო პოლიტიკის გამკაცრებას რა როლი ჰქონდა ლარის გაუფასურებაში?

- გამიკვირდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის მოხსნა და მისი შემოღება, თუნდაც რამდენჯერმე, ცალსახად საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო. ეს ბევრად უფრო მრავლაკომპონენტიანი საკითხია და ვფიქრობ, ამ თემაზე ჩაღრმავება ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. რასაკვირველია, ტურისტების და ინვესტიციების შემცირება უარყოფითად მოქმედებს ჩვენს საბიუჯეტო პერსპექტივაზე, მაგრამ ეს უკვე წარსულია.

უპრიანი იქნებოდა მოგვესმინა არა ის, რა უნდა გაკეთებულიყო, არამედ - რა გაკეთდა. ჩვენ მოწმენი ვიყავით როგორ დაიწყო ლარის ავადმყოფობა. როგორც კი ორიოდე თეთრით გაძლიერდა დოლარი, იმავე საღამოს „რუსთავი 2“-ის ეთერში დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარჩინებულთა გამოსვლები და ლოყების დახოკვა ვიშ-ვიშ, რა მოუვიდა ლარს, რა უბედურ დღეში ჩავარდა და ა.შ. სიმართლე გითხრათ, ჯერ მიკვირდა რა საჭირო იყო ეს ისტერიკა, მაგრამ როცა სისტემური ხასიათი მიიღო, უკვე ყველაფერი ნათელი იყო.

ამ პარტიის წევრებს აკრძალული ჰქონდათ სხვა მედია-სივრცეში გამოჩენა, თუ არ იტყოდნენ იმ უბედურების შესახებ რაც მოელოდა ლარს და საქართველოს. როდესაც დაიწყებოდა კრიტიკა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ, ლარი მყარდებოდა და ჩვენ გვაქვს ეს სტატისტიკა. როგორც კი სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ხოტბას შეასხამდა ბატონი ქადაგიძის ქმედებებს, ეს ჩვენი ლარი რატომღაც ისევ გაუფასურებას იწყებდა.

ანუ, პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ამ საკითხის გამწვავება?

- რასაკვირველია. ახლა მოვისმინეთ რიხიანი განცხადება ჩვენი ფინანსთა მინისტრის, რომ სერიოზულად გაძლიერდება ლარიო. ვნახოთ, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი არ ყოფილან ნეიტარლური. მათი ქმედება შეიძლება გასცდეს მათ უფლებამოსილებას და უკვე სხვა თემებზე იყოს საუბარი.

როდესაც საუბარია სამინისტროების შემცირებაზე, ეს გავლენას იქონიებს ლარის გამყარებაზე, გამოსავალი არის სამინისტროების გაუქმება? ამ შემთხვევაში ქადაგიძის ვერსიას იზიარებს ზურაბ ტყემალაძე, მაგრამ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თვლის, რომ ეს აბსოლუტურად პოპულისტური განცხადებაა ქადაგიძის მხრიდან. თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობაში განიხილება ეს საკითხი და კახი კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობა ცვლილელებით შევიდეს პარლამენტში სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით...

- ძალიან პრიმიტილული მცდელობაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ უნდა გადაიხედოს სამთავრობო სტუქტურა, ეს მუდმივი პროცესია და ამას არ სჭირდება ვინმეს კარნახი. ეს ინიციატივა უნდა მოდიოდეს უმაღლესი თანამდებობის პირებისგან, რომლებსაც საკმარისი არგუმენტები აქვთ ასეთი წინადადების წამოსაყენებლად.

ბატონი კახიშვილი უფლებამოსილია ასეთი განცხადებების გაკეთების, რადგან მისი სტრუქტურა იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში დაიბადა, მხოლოდ მოგვიანებით გახდა დამოუკიდებელი სამინისტრო. ის წარმატებები, რომელსაც მინისტრი კახიშვილი აღწევს სასჯელაღსრულების სისტემის მოდერნიზაციის პროცესში, ცივილიზებული მიდგომების დანერგვით, ნამდვილად იძლევა საშუალებას, რომ შევიდეს იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ ინსტიტუციურ შეცდომებზე, რომელიც ჩემი ღრმა წრმენით არის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალურ დაცვათა სამინისტრო. არ შეიძლება ერთ მინისტრს ევალებოდეს როგორც დასაქმება, ასევე უმწეოთა და ავადმოყოფების პრობლემების მოგვარება. ეს განსხვავებული თემებია, უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო და მიეცეს შესაბამისი ბერკეტები. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება სხვა მიმართულებითაც იყოს აუცილებელი.