ვენეციის კომისია ქართველი ხალხის ნებაზე მიუთითებს, პოლიტიკოსები პარტიულ გეგმებზე ზრუნავენ

ვენეციის კომისია ქართველი ხალხის ნებაზე მიუთითებს, პოლიტიკოსები პარტიულ გეგმებზე ზრუნავენ

ვენეციის კომისია საქართველოს საარჩევნო ოლქების გადანაწილების პრინციპს შეისწავლის და საკუთარ დასკვნას მარტის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კი, ევროპელი ექსპერტების გზავნილებს პარტიების ინეტერსების შესაბამისად აღიქვამენ.

ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მაჟორიტარული ოლქები საკუთარი ინეტერსების შესაბამისად გადაანაწილა და ეს საკითხი დასკვნის დაწერის დროს ვენეციის კომისიისთვის საყურადღებო თემა იქნება, უმრავლესობა გატარებულ რეფორმებზე აპელირებს და ოპოზიციას ახსენებს, რომ კანონები ხმათა უმრავლესობით მიიღება და არა კონსენსუსით. ქართველი პოლიტიკოსების საპასუხოდ კი, ვენეციის კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ისინი არ არიან შეშფოთებულები პროპორციული ან მაჟორიტარული წესის ცვლილების გამო.

ევროპელი ექსპერტებისგან განსხვავებით, ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანი, რომელმაც ვენეციის კომისიის წევრებს საარჩევნო საკითხებზე საკუთარი ხედვები გააცნო.

როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, ვენეციის კომისიამ ორი პრინციპული საკითხი დააყენა. კერძოდ, ერთი ეხებოდა იმას, რომ საარჩევნო საკითხებზე პოლიტიკური კონსენსუსი ყოფილიყო და ოლქების გადანაწილება თანაბარი პრინციპით მომხდარიყო.

„ყველა ექსპერტისთვის, ვინც საქართველოში მუშაობდა და ევროსაბჭოში ჩვენი მომხსენებლები იყვნენ, ყველაზე მისაღები სისტემა რეგიონულ-პროპორციული იყო. ჩვენ ვუთხარით, რომ თუკი ცხრილებს დახედავენ, ყველაფერი სწორია, მაგრამ არის ოლქები, სადაც ერთიანი საზღვარი არ არსებობს და გადანაწილებაში ისეთი ადგილები მოჰყვა, რომელიც რეზულტატიც წინა არჩევნებზე მმართველი გუნდისთვის სახარბიელო არ იყო. ამ მხრივ კითხვები არის და ვენეციის კომისიის წევრებს ფაქტობრივი მასალა მივაწოდეთ. გვეუბნებიან, რომ კონსენსუსი უნდა იყოს, მაგრამ კოალიციას კონსენსუსი არ უნდა და დამერწმუნეთ, დასკვნის დაწერის დროს, ეს საყურადღებო იქნება“, - აცხადებს მაჭავარიანი, რომელიც თვლის, რომ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების დროს, ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემა მოირგო.

ვენეციის კომისიის ექსპერტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარდა, „თავისუფალი დემოკრატებიც“ შეხვდნენ. for.ge-სთან საუბარში გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო თემატიკაზე ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას აზრი ეკარგება. მისი ცნობით, ვენეციის კომისიის წევრები გაკვირვებულები დარჩნენ იმ ახალი საარჩევნო გეოგრაფიით, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებას შესთავაზა.

„ეს ადამიანებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პროცესს უმეტესწილად გაართულებს. გრანდიოზული საარჩევნო ოლქები შეიქმნა და ამის თაობაზე ინფორმაცია ვენეციის კომისიას მივაწოდეთ. რაიონებში ადამიანებს საარჩევნო კანდიდატებად კი არ ვაგზავნით, არამედ საარჩევნო მოგზაურობაში, რაც „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებული საარჩევნო მაზოხიზმია“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობა ვენეციის კომისიისგან შენიშვნებს არ ელოდება. for.ge-სთან საუბარში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ევროპელ ექსპერტებს საარჩევნო კოდექსის მიღების პროცესი დეტალურად აუხსნეს და დაინტერესების შემთხვევაში, მათ განხილვების ამსახველი ვიდეომასალის მიწოდებაც შესთავაზეს. ხმალაძის შეფასებით, მოსმენილი ინფორმაციის შესაბამისად, ვენეციის კომისიას შეუძლია განსაზღვროს, სად არის სიმართლე, სად ტყუილი და რა როგორ არის.

„თითქმის არც ერთი კანონი, რომელიც საქართველოშია მიღებული, კონსენსუსით მიღებული არ ყოფილა. კანონები ხმათა უმრავლესობით მიიღება“, - აცხადებს ხმალაძე ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, რომ ცვლილებები კონსენსუსის გზით არ იქნა მიღებული.

დეპუტატი მარტში ვენეციის კომისიის მიერ გამოსაქვეყნებელ დოკუმენტსაც ეხმაურება და განმარტავს, რომ მათი დასკვნა შეეხება მაჟორიტარული ოლქების ცვლილებას და ერთმანდატიან ოლქში 50 პროცენტიანი საარჩევნო ზღურბლის შემოღების საკითხს.

„ვფიქრობ, კომისიამ უნდა განსაზღვროს, ამ ოლქების საზღრები რამდენად შეესაბამება ვენეციის კომისიის მიერ განსაზღვრულ საუკეთესო პრაქტიკას და ასევე უნდა შეაფასოს ერთმანდატიან ოლქში 50 პროცენტიანი საარჩევნო ზღურბლის შემოღების საკითხი. ვენეციის კომისია ძალიან მაღალი ალბათობით არ იტყვის, რომელი სისტემა სჯობს, პროპორციული თუ მაჟორიტარული. მათ არც ერთი სისტემა არ მიუჩნევიათ, არაკონსტიტუციურად და არასამართლიანად“, - აღნიშნავს ხმალაძე, რომლის პათოსს იზიარებს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, რომელიც ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდა.

როგორც for.ge-ს ჟორჟოლიანმა განუცხადა, ვენეციის კომისიას შეიძლება ჰქონდეს მოსაზრება, რომ მათი რეკომენდაცია კარგად უნდ ყოფილიყო დაცული. ჟორჟოლიანის განცხადებით, ხელისუფლებამ ოლქების გადანაწილების თაობაზე ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შეიმუშავა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უფრო მკაცრია და მისი დაცვა მოხდა.

რაც შეეხება თავად ვენეციის კომისიის ექსპერტების განწყობებს, კომისიის წევრმა, მანუელ გონსალეს ოროპეზამ განაცხადა, რომ ისინი არ არიან შეშფოთებულები პროპორციული ან მაჟორიტარული წესის ცვლილების გამო.

მისი ცნობით, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„პროპორციული და მაჟორიტული სისტემა ორივე დადებითია და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი გაიგებს, რომელია უკეთესი“, - განაცხადა ოროპეზამ.

ვენეციის კომისიის მიერ დასკვნის გამოქვეყნება საქართველოში წინასაარჩევნო დებატებს დაემთხვევა და თუკი მასში შენიშვნები იქნება მოცემული, ამას პოლიტიკური ძალები საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენებენ.