კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება არჩევნების მოახლოებასთან ერთად მწვავდება და პოლიტიკურ საზღვრებს სცდება. „რესპუბლიკური პარტია“ გოგი თოფაძეს ანტიქართულ, ანტიკოალიციურ და ანტისახელწიფოებრივი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს, „მრეწველები“ კი, მათი ფრაქციისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში ბრალს დავით ბერძენიშვილს სდებენ.
პოლიტიკურ კულუარებში დაწყებული დაპირისპირება პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს გასაჯაროვდა, რაც შეხლა-შემოხლისა და პოლიტიკური ბრალდებების გაჟღერების საფუძველი გახდა.
დავით ბერძენიშვილმა თოფაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში დაადანაშაულა, ხოლო ზურაბ ტყემალაძემ „რესპუბლიკელები“ „მრეწველების“ დისკრიმინაციაში ამხილა.
დავით ბერძენიშვილის მოსაზრებით, თოფაძის სამიზნე არა - „რესპუბლიკური პარტია“, არამედ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელია, რომელიც დეპუტატის თქმით, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.
„ბატონი გოგი, პოლიტსაბჭოზე სხდომაზე მობრძანდეს და პასუხი გასცეს, რას ნიშნავს მისი ეს ქმედებები. მისი ეს ქმედებები ძალიან სისტემატურია. ალბათ, ეს გეგმა მხოლოდ საქართველოში დაწერილი არ არის, ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებასა და თავდაცვის მინისტრს ვიცავ. თავდაცვის სამინისტრო ხელოვნურად და სპეციალურად შეტევის ობიექტია. ვინც ამ შეტევას ახორციელებს, მას უნდა დავუსვათ კითხვები, შემთხვევით ხომ არ ემთხვევა მათი ინტერესები რაიმე სხვას, რომელიც არ არის ქართული ინეტერესი?“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომელიც თოფაძის განცხადებებზე ფრაქცია „მრეწველების“ წევრების პოზიციით ინტერესდება და კითხვას სვამს - ფრაქციაში მყოფი „ქართული ოცნების“ წევრები აპირებენ თუ არა საქმიანობის გაგრძელებას ამავე ფრაქციაში.
როგორც ჩანს, საკუთარ განცხადებაში ბერძენიშვილი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, პაატა კიკნაველიძეს გულისხმობს, რომლებიც პარტია „ქართული ოცნების“ წევრები არიან, თუმცა, კოალიციის გადაწყვეტილებით, ფრაქცია „მრეწველებში“ გაწევრიანდნენ, რადგან პარტია „მრეწველები“ მათ გარეშე ფრაქციას ვერ ქმნიდა.
for.ge-სთან საუბარში გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ის ამ ფრაქციაში საქმიანობის გაგრძელებას აპირებს - თოფაძემ რაღაც განცხადებები ადრეც გააკეთა, თუმცა, ამის გამო ფრაქცია მაშინაც არ დატოვა.
„ეს კოალიციური გადაწყვეტილება იყო, რომ „მრეწველებს“ თავისი ფრაქცია ჰქონოდათ. ფრაქციის დატოვებას არჩევნების ბოლომდე არ ვაპირებ. ბატონ გოგის სხვადასხვა საკითხზე საკუთარი პოზიცია ადრეც დაუფიქსირებია და მას აუხსნია, რომ ეს მისი პოზიცია იყო. შეიძლება, ფრაქციის რომელიმე წევრმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვას, რაც არ ნიშნავს, რომ ეს ფრაქციის პოზიციაა. მას საკუთარი პოზიციის ქონას ვერავინ აუკრძალავს, თუმცა, რაც შეეხება ხმამაღალ განცხადებებს, თუკი ერთმანეთს შორის რაღაც საკითხებია გადასაწყვეტი, ეს კოალიციის რეჟიმში უნდა გაკეთდეს და არა პარლამენტის ტრიბუნიდან. ეს ეხება როგორც ბატონ დავითს, ასევე ბატონ გოგის“, - აცხადებს კახიანი.
ზურაბ ტყემალაძე კი, ბერძენიშვილის განცხადებას გამოწვევად მიიჩნევს. როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუცხადა, ამ განცხადების საფუძველზე, ის ბერძენიშვილს ანტიფრაქციულ და ფრაქციისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში ადანაშაულებს. ტყემალაძის თქმით, „გოგი პარლამენტში დარჩება თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია და ეს არ ეხება არც ტყემალაძეს და არც ბერძენიშვილს“.
„ტყემალაძეს შემიძლია რჩევა მივცე, ბერძენიშვილს კი დღევანდელი ბრალდებებიდან გამომდინარე, ამის უფლება არ აქვს. სხვა პოლიტიკურ ძალაზე ამდენი არასოდეს არ მილაპარაკია, მაგრამ ბერძენიშვილის განცხადება გამომწვევი იყო. ბერძენიშვილის განცხადება მხოლოდ დღევანდელი არ იყო, რადგან „მრეწველების“ მიმართ მიზანმიმართული დისკრიმინაცია მიმდინარეობს. ჩვენ მოლაპარაკე ხალხი არ ვართ და გუნებაში არ გვქონია, რომ ვინმე გველანძღა“, - აცხადებს ტყემალაძე, რომელიც თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ კამპანიის თაობაზე გაჟღერებუ ბრალდებებს ეხმაურება.
ტყემალაძის მტკიცებით, მტკნარი სიცრუეა, რომ პროდასავლურ კურსს ვინმე ერჩის.
„ეს პირიქითაა. პროდასავლური კურსის მომხრეები ვართ. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ იმაზე რატომ არ გააკეთა აქცენტი, სადაც გოგი თოფაძემ თქვა, რომ ის არასოდეს ყოფილა ნატოს წინააღმდეგი, უბრალოდ, ნატო არ გვღებულობსო. ჩვენი პოლიტიკური ძალის დამოკიდებულებაა, რომ რუსეთთან საერთო ენა უნდა მოვძებნოთ, რათა გაწონასწორებული სიტუაცია იყოს და სიძულვილით, გინებითა და ფურთხებით საუბარი არ შეიძლება. ყველასთან დიპლომატიური ენით უნდა ვისაუბროთ, რაც ჩვენი, პოლიტიკოსების ვალდებულებაა. ხალხმა ეს მანდატი ამისთვის მოგვცა, რომ ეს შევძლოთ. თუკი ვინმეს სურს, რომ სიძულვილის ენით ისაუბროს და სხვას ასიამოვნოს, ეს სწორი არ არის და ამის მაგალითები გვაქვს. მტერსაც კი ისეთი ტონით უნდა ელაპარაკო, რომ საკუთარი ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგი მიიღო. რუსეთთან და სპეცსამსახურებთან ვის უკეთესი ურთიერთობა აქვს, ეს თავად მოიკითხონ და გაიგებენ“, - განაცხადა ტყემალაძემ, რომელმაც არ დააკონკრეტა ის, თუ ვინ ურთიერთოებს რუსეთთან და სპეცსამსახურებთან.
რაც შეეხება კოალიციის წევრების განწყობებს „მრეწველებისა“ და „რესპუბლიკელების“ დაპირისპირებაზე, უმრავლესობის წარმომადგენლები ამ დავას პიროვნულ პრობლემებს უკავშირებენ.
for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ დიდი ხანია, ეს გადაძახილი მიმდინარეობს. მისი შეფასებით, რამდენიმეჯერ, გოგი თოფაძემ „რესპუბლიკელებთან“ და პოლიტიკური კურსთან დაკავშირებით, დაუფიქრებელი განცხადება გააკეთა, თუმცა, მის მიმართ მკვახე განცხადებები არც რესპუბლიკელებმა დააკლეს.
„ეს ის თემაა, რომელიც საზოგადოებამ იცის და სხვადასხვა შეფასებები არსებობს. ამ საკითხზე პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს. დაპირისპირება პიროვნებებს შორის რაც არსებობს, შევჩერდეთ და ისეთი კამათი არ უნდა გავაგრძელოთ, რომელიც სახელმწიფოსა და კოალიციის ინტერესებს აზიანებს“,- განაცხადა ვოლსკი.
ვოლსკი არ ფიქრობს, რომ თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გარკვეული კამპანია მიმდინარეობს.
„ეს საკითხი ძალიან დიდზე ასწიეს. პროდასავლური კურსი მნიშვნელოვანია და თოფაძე ასჯერ უნდა დაფიქრდეს, როცა საკითხი საზღვარგარეთ ვიზიტით მყოფ მინისტრს შეეხება და მის პიროვნებას არჩევნებს უკავშირებს. არჩევნები კანონიერად ჩატარდა და გადაცდომა არ ყოფილა. თოფაძე ამბობს, რომ ის იძულებული გახდა, მის მიმართ აგდებული და უხეში განცხადებისთვის პასუხი გაეცა, მაგრამ რაც უნდა იძულებული ყოფილიყო, მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა თემა არჩევნებს და საგარეო პოლიტიკას ეხება“, - დასძინა ვოლსკიმ, რომლის მსგავსად, პიროვნულ პრობლემებს უკავშირებს დაპირისპირებას უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე.
კვაჭანტირაძე for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს ორ კოლეგას შორის პიროვნული პრობლემებია, რომელსაც კოალიციური ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება.
„პიროვნულ დაპირისპირებას ვხედავ, რომელსაც ბოლო უნდა მოეღოს. გოგის შეფასებას არ ვიზიარებ და მას პასუხი რამდენჯერმე გაეცა“, - ამბობს კვაჭანტირაძე.
თანაგუნდელების მსგავსად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ფიქრობს, რომ ალბათ, კორექტულობა ყველამ ერთმანეთისგან უნდა მოითხოვოს და საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას არ უნდა აძლევდნენ.
„თავად გადავწყვეტ, ვისზე რა კომენტარი გავაკეთო. შეიძლება, არც ის მომეწონა თინამ რა თქვა გოგიზე და რა გოგიმ თინაზე. ყველა თანაბარუფლებიანია და ყველამ ეთიკის ერთი და იმავე ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს. თავდაცვის მინისტრის მიმართ ასეთ კამპანიას ვერ ვხედავ, მაგრამ არც თოფაძეა ხელშეუხებელი, არც თავდაცვის მინისტრი და არც ფრაქციის თავმჯდომარე“, - განუცხადა for.ge-ს მეჭიაურმა.