კერძო უმაღლესი სასწავლებლები პოზიციებს უფრო და უფრო თმობენ

კერძო უმაღლესი სასწავლებლები პოზიციებს უფრო და უფრო თმობენ

რაც ისედაც ცნობილი იყო, კიდევ ერთხელ დადასტურდა - კერძო უმაღლესმა სასწავლებლებმა ბოლო წლებში სწავლისთვის უაზროდ მზარდი გადასახადის დაწესებით თავადვე გამოტანეს თავს განაჩენი. კერძო უნივერსიტეტებში სწავლის მსურველები წლიდან წლამდე იკლებს. მიზეზი გასაგები და ძალიან მარტივია - უდიდესი სურვილის მიუხედავად, მომავალ სტუდენტებსა და მათ მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა სწავლა-განათლებისთვის უზარმაზარი თანხები გადაიხადონ.

ამიტომაც არჩევანი სახელმწიფო უმაღლესებზე ჩერდება. მით უმეტეს, რომ თსუ-ს, სტუ-ს, სამედიცინოსა და ილიას უნივერსიტეტს პოპულარუობა სულაც არ დაუკარგავთ.

 

2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა ბაზის ფორმირება დასრულდა, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა რეგისტრაციის შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრისინფორმაციით, 2011 წელს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად 35 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 

 

აბიტურიენტების უმეტესობამ პირველ არჩევნად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტები მიუთითა. 7-ვე არჩევანის გათვალისწინებით, განაცხადების ყველაზე მეტი რაოდენობით ტექნიკური უნივერსიტეტი ლიდერობს, მეორე ადგილზეა ილიას უნივერსიტეტი, მესამეზე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

 

პირველი არჩევანის მიხედვით ლიდერობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტები. კონკურსი (განაცხადების რაოდენობა 1 ადგილზე) ყველაზე მაღალი აღმოჩნდა თავდაცვის ეროვნულ აკადემიის, სამედიცინო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე.

 

ამასთან, წელს პირველად, პირველი არჩევანის მიხედვით ათეულში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი მოხვდა.

 

ისევე, როგორც ბოლო წლებში, ქართველ აბიტურიენტთა უმრავლესობა უპირატესობას წელსაც სახელმწიფო სასწავლებლებს ანიჭებს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველი არჩევანის შედეგებით პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტია. მეორეზე ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს ფაკულტეტი მოდის, ხოლო მესამე პოზიციაზე სამედიცინო უნივერსიტეტია.

 

აბიტურიენტების გამოკითხვა საერთაშორისო ორგანიზაცია “გელაპმაც” ჩაატარა და გაირკვა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ლიდერი ჯავახიშვილის უნივერსიტეტია (63%-ით). მეორე პოზიციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იკავებს (14%-ით), ხოლო მესამეზე ტექნიკური უნივერსიტეტია (7%-ით).

 

რაც შეეხება კერძო უმაღლესებს, აქ ლიდერი “თავისუფალი უნივერსიტეტია” (57%-ით), მეორეზე, 20%-ით, კავკასიის უნივერსიტეტია, მესამე ადგილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იკავებს - თითქმის 10%. 

 

კვლევა აპრილში ჩატარდა და მისი მიზანი საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების მიმართ არსებული მოლოდინების დადგენა იყო. პრინციპში მოლოდინი და ოფიციალური ინფორმაცია ერთმანეთის მსგავსია. კერძო უმაღლესი სასწავლებლები პოზიციებს სულ უფრო თმობენ.