პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატს კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა, შესაძლოა, ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრიც ვერ გახდეს.
საქმე ისაა, რომ მმართველი გუნდის ნაწილს გვენეტაძის მხარდაჭერა არ სურს. for.ge-ს ინფორმაციით, უმრავლესობაში მოსაზრებაა, რომ პარლამენტმა, კენჭისყრაზე გვენეტაძის კანდიდატი ჩააგდოს და წლის ბოლოს, როცა საბჭოს კიდევ სამ წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, საბჭოს ოთხივე წევრი ერთად იქნეს არჩეული.
„უმრავლესობაში ამ წინადადების დაყენებას ვაპირებთ, რადგან ამ სქემით ეროვნული ბანკის საბჭოში ნაციონალების მიერ დატოვებული კანდიდატებიც აღარ იქნებიან“, - განუცხადა for.ge-ს კულუარულ საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა.
პოლიტიკურ წრებში იმასაც ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი, საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად გვენეტაძეს დაამტკიცებს, ის დიდი ალბათობით, საბჭოს მიერ გიორგი ქადაგიძის შემცვლელად იქნება წარდგენილი, რომელსაც პრეზიდენტი პოსტზე დაამტკიცებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოდან სხვის მხარდაჭერას მარგველაშვილი არ აპირებს.
უმრავლესობა გვენეტაძეს აირჩევს, თუ წლის ბოლოს დაელოდება, ეს ცნობილი მიმდინარე კვირას გახდება, რადგან საკითხზე წამყვანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტია, რომელიც გვენეტაძეს 18 თებერვლის სხდომაზე მოუსმენს.
თამაზ მეჭიაურის კომიტეტისგან განსხვავებით, ზურაბ ტყემალაძის კომიტეტმა გვეტენაძეს უკვე მოუსმინა და პლენარულ სხდომაზე გვენეტაძის საკითხის განხილვის წინააღმდეგ ერთი დეპუტატი წავიდა, რვა დეპუტატმა კი, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა, for.ge-ის ინფორმაციით, გვენეტაძის წინააღმდეგ ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე წავიდა.
for.ge-სთან საუბარში მაისურაძე საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს ადა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი, ის საკუთარ კითხვებზე პასუხებს ვერ მიიღებს, გვენეტაძის მხარდაჭერას არც პლენარულ სხდომაზე აპირებს.
„ფარული კენჭისყრა იყო, ეს საიდუმლო ინფორმაციაა და ამის თქმა არ შეიძლება. როგორც ჩანს, თქვენი დაზვერვა მუშაობს. შეიძლება მას მხარი სესიაზეც არ დავუჭირო, თუკი დამატებითი არგუმენტები ვერ მოვნახე და ვერ დავრწმუნდი. ეს უმნიშვნელოვანესი პოსტია და ამ სისტემაში რაღაც არასწორმა ნაბიჯებმა შეიძლება კოლაფსი გამოიწვიოს. არის ადგილები, სადაც გადაწყვეტილების მიღება ძალიან საპასუხისმგებლოა. როგორც ჩანს, სასამართლოს დანიშვნებსაც არასწორად მოვეკიდეთ. გვენეტაძის მუშაობის მეტი წილი მსოფლიო ბანკში მუშაობას პერიდოს უკავშირდება და ყველაზე ძალიან მაინტერესებს, კრიტიკულ სიტუაციებში ეს ადამიანი როგორ იქცეოდა“, - ინტერესდება დეპუტატი.
მაისურაძის მოსაზრებით, როცა ის ასეთ თანამდებობაზე ადამიანს კენჭს უყრის, მას გადაწყვეტილების მიღებისთვის მეტი ინფორმაცია სჭირდება.
„კითხვები მქონდა, რომელზეც გვენეტაძემ პასუხი არ გამცა და კითხვაც ორჯერ დავუზუსტე. ადამიანს შეიძლება ძალიან მომხიბლავი CV ჰქონდეს. შეიძლება, პიროვნება საწარმოს ხელმძღვანელია და წერია, ის ამის დირექტორია და იმის, თუმცა, მნიშვნელოვანი მისი საქმიანობის შედეგია. ჩემთვის ნედლია, რომ ის ორგანიზაციებში მუშაობდა“, - განაცხადა მაისურაძემ.
კითხვებზე პასუხი ვერც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ მიიღო. როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუცხადა, შეიძლება, გვენეტაძის პასუხებმა ვიღაცა დააკმაყოფილა, ვიღაცა - არა. დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, პარლამენტი ჩააგდებს თუ არა გვენეტაძის კანდიდატურას.
„150 დეპუტატის ნაცვლად, რაიმე გადაწყვეტილებას როგორ გეტყვით? ბუნებრივია, რაღაც პოლიტიკა არსებობს. ორი კითხვა დავსვი, რომელზეც გულახდილი პასუხი ვერ მივიღე. კითხვა დავსვი, როგორ უყურებთ იმ კანონს, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მერე პრეზიდენტმა ვეტო დაადო და ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში იხილება-თქო. მან პასუხი არ გამცა და ცოტა შორიდან მოუარა და დიპლომატიური პასუხი გამცა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, ჩვენს კანონს უნდობლობას უცხადებს. მეორე კითხვა იყო - მას ამ პოსტზე, ხელს ხომ არ შეუშლის კომერციული ბანკის მრჩეველობა. პრინციპი, რომ კომერციული ბანკის წევრები წინაურდებოდნენ და მარეგულირებელ ორგანოში გადაიოდნენ, ეს პრინციპი სწორად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ტყემალაძემ.
დეპუტატი გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოსტზე გვენეტაძის შესაძლო წარდგენას ეხმურება და ამბობს, რომ ჯერ გვენეტაძემ საბჭოს წევრობა უნდა მოიპოვოს, შემდეგ კი, საბჭოში ის ნდობა უნდა დაიმსახუროს, რომ მისი კანდიდატურა პოსტზე წარადგინონ.
უმრავლესობისგან განსხვავებით, „თავისუფალი დემოკრატებში“ უკვე ამბობენ, რომ გვენეტაძე მათ მხარდაჭერას მოიპოვებს. for.ge-სთან საუბარში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ გვენეტაძის ბიოგრაფიიდან ჩანს, რომ ის ამ სფეროში კარგად ერკვევა და მდიდარი გამოცდილება აქვს. აბაშიძის თქმით, გვენეტაძის პასუხები საკმაოდ დამაჯერებელი იყო.
„მნიშვნელოვანია, მისი არჩევის შემდეგ ამ პრობლემების გამკლავება როგორ მოხდება. გამიჭირდება იმის წარმოდგენა, რომ მას პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს, რადგან მისი კვალიფიკაცია და ცოდნა აშკარად ჩანს“, - ამბობს აბაშიძე. ნაციონალ სერგო რატიანს კი იმის პროგნოზი უჭირს, უმრავლესობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც for.ge-ს რატიანმა განუცხადა, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, უმრავლესობა ნეგატიურად განწყობილი იყო, მაგრამ შემდეგ შეთანხმდნენ.
„შესაბამისად, უმრავლესობა რას გააკეთებს, ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის რა მოლაპარაკებები არსებობს“, - აცხადებს რატიანი.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის განწყობას, გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ გვენეტაძე ნებისმიერ პოსტს დაამშვენებდა. მისი თქმით, გვენეტაძის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია - განათლება, კვალიფიკაცია და აპოლიტიკურობა.
„ეს სწორედ ის იყო, რასაც კომიტეტმა დაუჭირა მხარი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ანალოგიური გზა წინ გველოდება, როდესაც პლენარული სხდომა იქნება“, - დასძენს აბაშიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 25 თებერვალს ეწურება. კანონმდელობის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის საბჭო გიორგი ქადაგიძის შემცვლელს პრეზიდენტს წარუდგენს და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პირველი პირი მას პოსტზე არ აირჩევს, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებას მისი მოადგილე შეასრულებს.