„ქართული ოცნება“ უნდა განთავისუფლდეს კომფორმისტი პოლიტიკოსებისგან“

„ქართული ოცნება“ უნდა განთავისუფლდეს კომფორმისტი პოლიტიკოსებისგან“

"ქართული ოცნების“ მუშაობით უკამაყოფილო არმაზ ახვლედიანი, გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, როგორც პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ, სასწრაფოდ ჩამოაშროს პარტიას „ბებერი პოლიტიკური ნიანგები“, რომლებიც მისი თქმით, ხელს უშლიან პარტიის დემოკრატულ განვითარებას. პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, რომ თუკი „ქართული ოცნება“ არ დაიწყებს რადიკალურ და ძირეულ რეფორმებს, პარტიაში არ შევლენ ნორმალური, დემოკრატიული აზროვნების მქონე, გამოცდილი, განათლებული და წესიერი ადამიანების ჯგუფი და „ქართულ ოცნებას“ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება.

ვინ არიან „ქართულ ოცნებაში „ბებერი პოლიტიკური ნიანგები“ და ვინ აფერხებს დემოკრატიული პროცესების განვითარებას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

ბატონი არმაზ, ვინ არიანქართულ ოცნებაში“ „ბებერი პოლიტიკური ნიანგები“, ვისგანაცოცნების“ სასწრაფოდ განთავისუფლებას ურჩევთ პრემიერ-მინისტრს?

არმაზ ახვლედიანი: ამ კლასში ვხედავ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, ეს არის რაღაცა მენტალური ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც ცხოვრების წესად აქვთ გადაქცეული კომფორმისტი, შემგუებლობა. ამ ადამიანების პოლიტიკური ცხოვრების წესია, რომ ხელმძღვანელი ყოველთვის მართალია, რომ უნდა მოერგონ ყველა პოლიტიკურ სიტუაციას, ან კონიუნქტურას. შესაბამისად, მათ მუდმივად კომფორტულად იგრძნონ თავი და ამით გაიხანგრძლივონ საკუთარი პოლიტიკური კარიერა. ეს არის ადამიანების ამ ჯგუფის მთავარი მიზანი.

რა კატეგორიის ადამიანებზე საუბრობთ?

- ვფიქრობ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყველა ხელისუფლებაში კომფორტულად გრძობენ თავს. სხვადასხვა მექანიზმებით ახერხებენ, რომ იყვნენ ყოველ მომდევნო ხელისუფლებაში, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ ყველაგან. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად იდეოლოგია არ გააჩნიათ. მათთვის უცხოა ფასეულობები, მთავარია პირადი ინტერესი და დროულად მომავალი ქოლგის მოძებნა. როგორც კი შეატყობენ, რომ ეს პოლიტიკური ქოლგა შეიძლება გამოსაცვლელი იყოს, სწრაფად მოახერხებენ-ხოლმე ახალ ბანაკში გადაბარგებას, მანამდე კი, მაქსიმალურად სარგებლობენ ამ ქოლგის ქვეშ. ეს არის მთავარი მახასიათებელი ასეთი კომფორმისტი პოლიტიკოსების.

ერთ-ერთი ინტერვიუში ამბობთ, რომ კოალიციაში საბჭოთა მენტალობის მქომე პირები არიან, რაც პარტიის განვითარებას აფერხებს. ამ განცხდებას გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, რომელმაც განაცხადა, რომ თქვენი ხმამაღალი განცხადების მიზეზი კოალიციის პოლიტსაბჭოს მდივნის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნა გახდა. განაწყენებული პოზიციიდან საუბრობთ ამ შემთხვევაში?

- მე ვსაუბრობ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ და არა კოალიციაზე. ეს ორი სხვადასხვა რამაა, თუმცა პარტიაში არსებული მდგომარება ცხადია, აისახება კოალიციაზეც. უნდა გითხრათ, რომ პრობლემა სწორედ ის არის, რომ ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე არიან პარტია „ქართულ ოცნებაში“, ვერ ხედავენ ამ პარტიაში არსებულ პრობლემებს, თვითკმაყოფილნი არიან.

ეს თვიკმაყოფილება ძალიან სახიფათოა, დამღუპველია ერთი მხრივ თავად „ოცნებისთვის“, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის და მეორე მხრივ - მთლიანად პოლიტიკური პროცესისთვის. ეს მაშფოთებს და ეს მალაპარაკებს. ვურჩევდი იმ ბატონებს და ქალბატონებს, რომლებიც დაუფიქრებლად აკეთებენ განცხადებებს და კომენტარს ჩემს მოსაზრებებზე, ჯერ კარგად გაიაზრონ რას ამბობენ და კარგად გაიაზრონ საკუთარი პოლიტიკური ადგილი დღევანდელ მმართველ პოლიტიკურ ძალაში.

მათ შორის გია ვოლსკიმ? ის ამბობს, რომ თქვენ არ ხართ ადეკვატური და ვერ ერკვევით რას ნიშნავს მართვა...

- თუ ბატონმა ვოლსკიმ ასეთი რამ თქვა, ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ. საჭიროდ არ მიმაჩნია ასეთ აბსუდულ კომენტარზე შეფასების გაკეთება. ვფიქრობ, რომ არადეკვატური თავად ეს განცხადებაა.

იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელთა შესახებ უკვე მიმართეთ პრემიერს, საერთოდ უნდა წავიდეს პარტიიდან, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა?

- „ქართული ოცნება“ უნდა განთავისუფლდეს კომფორმისტი პოლიტიკოსებისგან. მკაფიოდ მინდა ვთქვა, რაც უფრო მალე განთავისუფლდება პარტია „ქართული ოცნება“ კომფორმისტი პოლიტიკოსებისგან, რომელთათვისაც დემოკრატიას არავითარი ღირებულება არ გააჩნია, მით უფრო მეტი შანსი აქვს პარტია „ქართულ ოცნებას“ ჩამოყალიბდეს ნორმალურ, დემოკრატულ პოლიტიკურ ორგანიზმად.

თუ „ქართული ოცნება“არ დაიწყებს რადიკალურ და ძირეული რეფორმებს, პარტიაში არ შევლენ ნორმალური, დემოკრატიული აზროვნების მქონე, გამოცდილი, განათლებული და წესიერი ადამიანების ჯგუფი და ამით „ქართულ ოცნებას“ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. სხვა შემთხვევაში ვხედავ, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო რთული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს პარტიის მომავალზე.

როგორ ფიქრობთ, რატომ უშლის ადამიანთა ეს ჯგუფი ხელს პარტიაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რა არის ამის მიზეზი?

- მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ახსნა სწორედ ისაა, რომ ასეთი ადამიანები დემოკრატიულ გარემოში ვერ ხეირობენ. დემოკრატიული გარემო უცხოა მათთვის და დემოკრატიულ გარემოში ისინი ვერ შეძლებენ შეინარჩუნონ საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობა. დემოკრატია თავისთავად ნიშნავს ჯანსაღ კონკურენციას, ნიშნავს არჩევანს კარგსა და უკეთეს შორის. ამ პირობებში კი, მსგავსი ადამიანების ადგილი აღარ რჩება.

ანუ, გამოდის, რომ იდეოლოგია არ აქვთქართულ ოცნებაში“, მაგრამ პირადად თქვენ, ერთი ადამიანი რას აკეთებდით იმისათვის, რომ პარტიას ჰქონოდა იდეოლოგია?

- ერთი ადამიანი იდეოლოგიას ვერ ქმნის, იდეოლოგია უნდა იყოს პარტიის, როგორც დემოკრატული ინსტიტუტის გააზრებული პოზიცია. „ოცნებას“ აქვს თავისი პლატფორმა, პრინციპები და ხედვა, მაგრამ მე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომელთათვისაც იდეოლოგიას და ფასეულობებს არ აქვს მნიშვნელობა. ამ ადამიანებს არ აქვთ იდეოლოგია.

როცა ვლაპარაკობ პარტიაში დემოკრატიაზე, ვგულისხმობ იმას, რომ პარტიულ მშენებლობაში, პარტიის სტრატეგიის და ტაქტიკის განსაზღვრაში უნდა მონაწილეობდნენ რიგითი პარტიელები და არა მხოლოდ 5-7 კაცი, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას. თანამედროვე გაგებით პარტიული დემოკრატია სწორედ ამას ნიშნავს. დღეს, ეს ასე არ არის „ქართულ ოცნებაში“. ძალიან მინდა, რომ პრემიერ-მინიტრმა, რომელიც, ვფიქრობ, თანამედროვე, დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანია, დროულად მოახერხოს ამ ამოცანის გადაწყვეტა.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერი ესწრებოდა, თქვენი მხრიდამ გაჟღერებული იყო ეს საკითხები?

- პოლიტსაბჭოს სხდომას არ დავსწრებივარ იმიტომ, რომ საჭიროდ არ ჩათვალეს ჩემი მიწვევა. გულახდილად გეტყვით, რომ ბატონი ვოლსკი თუ ფიქრობს, რომ მე განაწყენებული ვარ, ასე არ არის. ნამდვილად არ ვარ განაწყენებული. უბრალოდ გული მწყდება, რომ ობიექტური და კრიტიკული აზრის მოსმენა არ უნდათ. ეს არის პრობლემა და როდესაც უარს ამბობ ობიექტური და კრიტიკული აზრის მოსმენისგან, გავა მცირე დრო და ამ აზრს ხმამაღლა იტყვის ამომრჩეველი და გააკეთებს თავის არჩევანს. მე კიდევ მინდა, რომ „ოცნება“ გახდეს დემოკრატიული, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და რაც მთავარია, შეასრულოს ის დაპირება, რომელიც 2012 წელს გასცა.

იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერმა არ გაანთავისუფლა პარტიაბებერი პოლიტიკური ნინაგებისგან“, დატოვებთ პარტიას?

- გულახდილად გეტყვით, რომ ვაპირებ ბოლომდე და რამდენადაც შესაძლებელია, ხელი შევუწყო პარტიაში ჯანსაღი პროცესის დაწყებას. ვიცი და მჯერა, რომ ამ საქმეში მარტო არ ვარ. თუ ეს არ მოხერხდება, მაშინ რა გაეწყობა.

შეგიძლიად დამისახელოთ თუნდაც ერთი ადამიანიქართულ ოცნებაში“, რომელიც თქვენი შეფასებითბებერი პოლიტიკური ნინაგია“?

- მინდა გითხრათ, რომ ვისაც ძალიან აეწვა, ალბათ, იმან მიიღო თავის თავზე. ვერ გეტვით, მე სახელი და გვარი არ მითქვამს და არც ვამბობ. აბა რა გითხრათ, ვინ დაინახა თავის თავი?!