გონივრული ეჭვის საფუძველზე გაჩერება საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

გონივრული ეჭვის საფუძველზე გაჩერება საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

თუ ტეხასის შტატში მოხვდებით და არასპორტულ ფორმაში გამოწყობილი ქუჩაში გაირბენთ, იქაური პოლიცია გონივრული ეჭვის საფუძველზე გაგაჩერებთ. ტეხასისგან განსხვავებით, თბილისში და დანარჩენ საქართველოში პოლიციას თქვენი გაჩერება და ჯიბეების ამოტრიალება მაშინაც შეუძლია, როცა ქუჩაში მშვიდად მიდიხართ, ლეპტოპით ხელში. ასე დაემართა 24 წლის დავით შუბლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე, მეგობართან ერთად სახლში ბრუნდებოდა. მან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, იგივე საია-სთან ერთად საკონტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და ”პოლიციის შესახებ” კანონში იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომელიც სამართალდამცველებს უფლებას აძლევს ქუჩაში ნებისმიერი გამვლელი გააჩერონ და გაჩხრიკონ.

იმაზე, თუ რა განსხვავებაა ტეხასურ და ქართულ გონივრულ ეჭვებს შორის და კონრეტულად რა მოთხოვნას უყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს, ”ობიექტივი” შეხვდა და ესაუბრა საია-ს თავმჯდომარეს, თამარ ჩუგოშვილს, მოსარჩელე დავით შუბლაძეს და ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იზორიას, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს იგივე საკითხზე გასული წლის 27 ოქტომბერს მიმართა. 

საკონსტიტუციო სასამართლოსგან საია-ც და ”თავისუფალი დემოკრატებიც” მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი ”პოლიციის შესახებ” კანონის მეცხრე პრიმა მუხლი, რომლის მიხედვით, სამართალდამცველებს გონივრული ეჭვით შეუძლიათ შეაჩერონ პიროვნება და ზედაპირულად შეამოწმონ.

ამასთან, საია-ც და ”თავისუფალი დემოკრატებიც” განმარტავენ, რომ შეჩერების და ზედაპირული შემოწმების წინააღმდგები არ იქნებიან, თუ კანონში დაკონკრეტდება რას მოიცავს გონივრული ეჭვი და კონკრეტულად, რა შემთხვევაში შეეძლება სამართალდამცველს ქუჩაში გამვლელის შეჩერება და ზედაპირული შემოწმება.

თამარ ჩუგოშვილი: ”2010 წლის 24 აგვისტოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა ”პოლიციის შესახებ” კანონში, რომლის თანახმად, პოლიციელებს მიეცათ პირის შეჩერების და ზედაპირული შემოწმების შესაძლებლობა. ეს ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რადგან: მუხლის ჩანაწერი არ გვაძლევს ცხად სხვაობას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებებს შორის; ნორმა ამბობს რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია პირის შეჩერება.

თუმცა, ჩვენ ვერ ვხვდებით ამ ჩანაწერიდან თუ რითი განსხვავდება გონივრული ეჭვი დასაბუთებული ვარაუდისგან. დასაბუთებული ვარაუდი უკვე არის პირის დაკავების შესაძლებლობა. ანუ რა შემთხვევამდე შეიძლება პირის შეჩერება და რის შემდეგ დაკავება, ეს ნათლად არ იკვეთება. ამ ცვლილების მიხედვით, პოლიციელს არა აქვს ვალდებულება, რომ განუმარტოს პირს, თუ რატომ აჩერებს და კონკრეტულად რომელ დანაშაულთან მიმართებით ეპარება მას ეჭვი. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი არის ის, რომ კანონმდებლობა ამ შეჩერების ვალდებულებას არ ითვალისწინებს. ანუ არ დგება არანაირი დოკუმენტი, ოქმი, ან ნებისმიერი სხვა აქტი, რომელიც პირს გაჩერების და ზედაპირული შემოწმების შესაძლებლობას მისცემდა”.

საია-ს თავმჯდომარის განმარტებით, სწორედ ამის გამო ვერ მიმართა დავით შუბლაძემ სასამართლოს.

დავით შუბლაძე პირველი და უკანასკნელი არ არის, ვინც პოლიციელებმა ქუჩაში უმიზეზოდ გააჩერეს და გაჩხრიკეს, თანაც ეს მისივე განმარტებით ცხრაჯერ მოხდა. შუბლაძე ამბობს, რომ ბოლოს 4 აპრილს, ღამის თორმეტ საათზე რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობასთან მაშინ გააჩერეს, როცა მეგობართან ერთად, ლეპტოპით ხელში სახლისკენ მიემართებოდა. ამ ფაქტის სამართლებრივად გაპროტესტების მიზეზს კი ასე ხსნის: ”

”ჩემი, როგორც მოქალაქის უფლებები ილახება. კარგი იქნება თუ ჩემი ეს საქციელი სხვებისთვის მაგალითი აღმოჩნდება, რადგან ვიცი, რომ სხვებსაც აჩერებენ, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. 4 აპრილამდე რვაჯერ გამაჩერეს. გაჩხრეკის დროს რაღაც ისეთი კითხვები უჩნდებოდათ; მაგალითად, ლეპტოპზე მეკითხებოდნენ -”პასპორტი თუ გაქვს, იქნებ მოპარული გაქვს?” ბოლოს ჯიბეებიდან საბუთები ამომალაგებინეს. ეს დაახლოებით ღამის თორმეტზე მოხდა, არც ისე გვიანი იყო, მაგრამ რომც ყოფილიყო, კომენდატის საათი ხომ არ არის, რომ სახლიდან გასვლისგან თავი შევიკავო?!”

ის, რომ სხვებსაც აჩერებენ, საია-ს თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილისთვისაც ცნობილია - ”ჩვენთვისაც ცნობილია, რომ სხვა ფაქტებიც ნამდვილად არსებობს, თუმცა, მტკიცება, ან დადასტურება, რომ ეს შეჩერება ნამდვილად ხდება, თითქმის შეუძლებელია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი არ დგება”.

ის, რომ ქუჩაში პოლიციელები გამვლელ-გამოვლელებს უმიზეზოდ აჩერებენ, ჩვენთვისაც ცნობილია. კონკრეტულად ორი ფაქტის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ იმათ, ვინც შეაჩერეს, დაწერის უფლება არ მოგვცეს. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჩვენთვის ცნობილი ორივე ფაქტი თბილისში, კერძოდ ვერაზე მოხდა - ბელინსკზე და ბარნოვზე, ოღონდ ეს შემთხვევები შუბლაძისგან ფაქტისგან იმით განსხვავდება, რომ პოლიციელებმა ახალგაზრდა ყმაწვილები, თანხმლები გოგონების თვალწინ ასფალტზე დაყარეს, სახეზე ფეხი დააჭირეს და ისე შემოაწმეს, ზედაპირულად.

”ობიექტივის” კითხვაზე - რომელიმე ქვეყანაში აჩერებენ თუ არა გონივრული ეჭვის საფუძველზე? თამარ ჩუგოშვილი პასუხობს, რომ ამგვარი რამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით ამერიკაში განსაზღვრულია გონივრული ეჭვი როგორ უნდა წარმოიქმნას.

”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იზორია ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნები ანალოგიურ ფორმას იცნობენ, მაგრამ კონკრეტული საფუძვლის პირობებში და კონკრეტული საპოლიციო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში -  ”მთელი რიგი კონკრეტული გარემოებებია აღწერილი, როდესაც პოლიციელს შეუძლია მოქალაქე შეაჩეროს”.

ლევან იზორიას განმარტებით, მაგალითად, ტეხასის შტატში როდესაც მოქალაქე გარბის და არასპორტულ ფორმაშია, მაშინ შეუძლია პოლიციელს შეაჩეროს.

ლევან იზორია: ”გასული წლის 24 აგვსიტოს ”პოლიციის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18-ე მუხლს, გადაადგილების უფლებას და აქედან გამომიდინარე უსაფუძვლოდ ზღუდავს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილებისა და ხელშეუხებლობის უფლებას. კანონში არ არის გაწერილი კონკრეტული საფუძვლები, თუ რის გამო შეუძლია პოლიციელს მოქალაქის შეჩერება და არც მიზანი წერია კონკრეტულად რა საპოლიციო მოქმედების ჩასატქრებლად უნდა შეაჩეროს პიროვნება”.

იზორიას განმარტებით, ”თავისუფალი დემოკრატებისთვის” კონკრეტულ პირს დახმარებისთვის არ მიუმართავს, ისე გაასაჩივრეს ზემოთ არაერთხელ ხსენებული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც, ”ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემუქროს საფრთხე”.

ლევან იზორიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ამ ორ საქმეს გააერთიანებს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოება  ერთიდაგიგიე მუხლთან დაკავშირებულ საქმეებზე შესულ სარჩელებს აერთიანებს.

”ოღონდ, ვადის ათვლა მოხდება იმ დღიდან, როდესაც მე შევიტანე სარჩელი და დარესგიტრირდა საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან ცხრა თვეში უნდა დაიწყოს საქმის არსებითი განხილვა. ცხრა თვე ივლისის ბოლოს იწურება”, - ამბობს იზორია.