რუსეთი შავი ზღვაზე გავლენას კარგავს

რუსეთი შავი ზღვაზე გავლენას კარგავს

ალიანსის 28 წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდენ, რომ ნატო აღმოსავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა და შავ ზღვაში სამხედრო კონტიგენტს გაზრდის. ალიანსის გადაწყვეტილება მიუღებელია ოფიციალური მოსკოვისთვის. რუსეთი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ალიანსის ძალების გაზრდას შავ ზღვაში. კრემლში განმარტავენ, რომ მონტრეს კონვენციის თანახმად ალიანსის ფლოტს შეზღუდვები აქვს შავ ზღვაში.

გადაწყვეტილება მიღებულია. გაზაფხულიდან ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო-ს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას, რაზეც ალიანსი რეაგირებას მოახდენს. მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაიზრდება აუცილებელი ლოჯისტიკა და ინფრასტრუქტურა. სამხედრო დაგეგმარების სპეციალისტები გაუწევენ ყველანაირ კონსულტაციას გაფართოებულ შემადგენლობას მიმდინარე წლის გაზაფხულიდან.

აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე წლის ბოლომდე ალიანსის დამატებით 2 შტაბი გაიხსნება. თუ რა რაოდენობის ჯარები განლაგდებიან აღმოსავლეთ ევროპაში, ამის შესახებ გადაწყვეტილება ვარშავაში, ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე მიიღებენ. შავ ზღვაში სამხედრო კონტიგენტს გაზრდის გადაწყვეტილება ალიანსმა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების მიზნით მიიღო.

ბრიუსელში მიმდინარე თავდაცვის მინისტერილაზე რუმინეთმა ალიანსს მოუწოდა შავ ზღვაში სამხედრო ძალების გაზარდისკენ და მიზეზად რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია დაასახელა, რომელიც საფრთხეს შავი ზღვის სხვა რეგიონებსაც უქმნის.

უსაფრთხოების სისტემაში ჩართვას ითხოვს ნატოს მოკავშირე ქვეყანა, საქართველო. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ალიანსი ვარშავის სამიტზე მიიღებს. ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატო მზად არის მოსალოდნელი საფრთხისგან ყველა მოკავშირე დაიცვას.

„ნატომ უკვე გაზარდა საზღვაო კონტიგენტი შავ ზღვაში. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ რეგიონში მოვლენების განვითარებას. საზღვაო ძალების გარდა შავი ზღვის რეგიონში გვყავს ავაქსის ტიპის მზვერავი თვითმფრინავები. მუდმივად ვსწავლობთ იქ არსებულ სიტუაციას თავისი სირთულეების ჩათვლით. შემდეგ ვახდენთ ვითარებასთან ადაპტაციას, რაც საზღვარგარეთ ჩვენი ძალების კონტიგენტის გაზრდით გამოიხატება. ასევე, მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსთან. საქართველო უახლოვდება ნატო-ს თავისი რეფორმების წყალობით და მნიშვნელოვანი წვლილით ჩვენს საერთო უსაფრთხოებას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მსგავსად, საზღვაო საფრთხისგან დაცული უნდა იყოს საქართველოც.

„როდესაც ამ ზღვაზე სამი წევრი ქვეყანა გყავს და ორი პარტნიორი, შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე სისტემაზე, რაიმე ახალი არქიტექტურის შექმნაზე ყველას თანამონაწილების გარეშე. ჩვენი ამოცანა არის, რომ სრულფასოვანი, თანასწორი პარტნიორი იყოს საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის, რომელიც ნატოს ფარგლებში შეიქმნა“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

იქნება თუ არა ბრიუსელის მიერ შავ ზღვაში სამხედრო ძალების გაზრდა დამატებითი უსაფრთხოების გარანტია საქართველოსთვის, მაშინ, როდესაც სრულიად არადეკვატური ქმედებებით სახლეგანთქმული ბირთვული იარაღის მქონე მეზობელი გყავს რუსეთის სახით, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პასუხობს, ამ ვითარებაში საქართველომ უნდა ისაუბროს საკუთარი უსაფრთხოების გაზრდაზე და არა რამე გარანტიებზე, რაც თავისთავად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ჩემი აზრით ალიანსის ეს გადაწყვეტილება გარკვეული ლაკმუსის ქაღალდი იქნება ნატო-რუსეთის ურთიერთობაში. რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ არ დაუშვებს ალიანსის ძალების გაზრდას შავ ზღვაში, თუმცა არ ვიცი როგორ. დაახლოებით, ორი წლის წინ რუსეთს ღიად ჰქონდა გაცხადებული გეგმა, რომ სულ ცოტა რუსული წარმოების 5 წყალქვეშა ნავი უნდა ყოფილიყო შავ ზღვაში. როგორც კი სოლიდური რაოდენობის საზღვაო თავდაცვისუნარიანი გემები შევა შავ ზღვაში, მაშინვე გავიგებთ, რა უღირს რუსეთს შავი ზღვა“, - ამბობს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, იმ შემთხევაში თუ რუსეთმა არადეკვატურად უპასუხა შავ ზღვაში ალიანსის სამხედრო კონტიგენტის გაზრდას, ასეთ შემთხვევაში რუსეთი სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს ცივილიზებულ სამყაროს, რაც რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სრულიად მიუღებელია.

„ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ იმ ჭრილში, რასაც ჰქვია დღევანდელ რუსულ ხელისუფლებაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ნაკადების მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდური შეიარაღება გააჩნია რუსეთს, თანდათან უფრო თვალსაჩინო ხდება შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა. შიდა განკითხვის დღე იმაზე უფრო ადრე დადგება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.