რიყის ტერიტორია რეკრეაციულ ფუნქციას კარგავს

რიყის ტერიტორია რეკრეაციულ ფუნქციას კარგავს

თბილისის მერიამ რიყის, როგორც ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილის კომპლექსური განვითარებისა და განაშენიანების პროექტზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო, პროექტი მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს.

პროგრამა რამდენიმე მასშტაბურ პროექტს მოიცავს, რომელთა უმთავრესი მიზანი რიყის ტერიტორიის 95%-ის განაშენიანება, ლადშაფტური არქიტექტურისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

პარკს რეკრეაციული ფუნქცია ექნება. 10 ჰექტარ ფართობზე განთავსებულ პარკში, რომელსაც საქართველოს რუკის ფორმა აქვს, სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა ბილიკები, მცირე წყლის არხები და ტბები, ასევე მცირე ატრაქციონები, საბავშვო და სპორტული მოედნები, უფროსი თაობისთვის დასასვენებელი ადგილი და ამფითეატრი, სადაც სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

პარკის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა სამგანზომილებიანი გამოსახულებების, მოძრავი მუსიკალური შადრევანი იქნება. მდინარე მტკვარზე იტალიელი არქიტექტორის მიკელე დე ლუკის მიერ აშენებული შუშის საფეხმავალო „მშვიდობის ხიდი“ რიყის პარკს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ძველი თბილისის - ერეკლე II-ის, შავთელის, ჩახრუხაძის, ლესელიძის ქუჩებს, მეიდანს, კალას და აბანოთუბანის ქუჩებთან აკავშირებს.

მშვიდობის ხიდი ნებისმიერ ტურისტს და დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს დროის მცირე მონაკვეთში, ავლაბრის მოედნიდან ბარათაშვილის აღმართის გავლით ავლაბრის ტურისტულ გადმოსახედთან კიბით ჩავიდეს რიყის პარკში და ხიდის გავლით ზემოთ აღნიშნული ქუჩები გადაკვეთოს.

ერთი შეხედვით ეს პროექტი უცხო თვალისთვის შთამბეჭდავია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რიყის პარკს სხვა დანიშნულება ჰქონდა, ახლა კი ძველი თბილისის და მეტეხის ეკლესიის ფონზე სუპერთანამედროვე ნაგებობები კონტექსტში არ ჯდება, თუმცა ესეც გემოვნების საკითხია - ვისთვის როგორ, თუმცა გემოვნებაზე სწორედაც რომ დაობენ.

არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის შეფასებით, ეს პროექტი რომ დიღმის ველებზე გაკეთებულიყო, შესანიშნავი იქნებოდა. მისი შეფასებით, უცნაურია, რომ ამ პროექტს ფუქსასის ლოგო აქვს, რადგან ის ერთ-ერთი აღიარებული არქიტექტორია მსოფლიოში.

„დარწმუნებული ვარ, მას არც უნახავს ეს ფოტოები და ადგილი, სადაც ამის გაკეთებას აპირებს. მას არ წარმოუდგენია ის მთლიანი პანორამა, რომელიც რიყეს გარშემო აკრავს“, – ამბობს ბათიაშვილი.

რიყის ფუნქციური სტატუსი წინააღმდეგობაშია რიყის პარკის გაშენების და მის რეკრეაციულ ზონად გადაქცევის გეგმასთან. თავის დროზე, ამ ტერიტორიას საზოგადოებრივი-საქმიანობის ზონის სტატუსი მიენიჭა, რადგან არსებობდა ინვესტორი, რომელიც აქ საქმიანი ზონის მოწყობას გეგმავდა. თუმცა გეგმები შეიცვალა და მოგვიანებით რიყე კვლავ რეკრეაციულ ზონად გამოცხადდა.

რაც შეეხება დახარჯულ თანხებს, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. თუმცა მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქალაქის თვითმმართველობას არ გააჩნია არანაირი გრძელვადიანი ხედვა და მისი ურბანული პოლიტიკაც მყიფეა.