„ვეღარ გავიგე, ეს პროდასავლური კურსი რა არის, რადგან ჩვენ სულ სხვა გზით მიდივართ, ვიდრე-ამერიკა“

„ვეღარ გავიგე, ეს პროდასავლური კურსი რა არის, რადგან ჩვენ სულ სხვა გზით მიდივართ, ვიდრე-ამერიკა“

ამ ეტაპზე ნატოს არ შეუძლია საქართველოს დაცვა საკუთარ თავზე აიღოს, თუმცა აშშ-ის დაზვერვის სამსახურს მაინც არ ეთმობა საქართველო და სამომავლოდ მის ბედსაც განჭვრეტს, რომ „საქართველო რუსეთის ზეწოლის პირობებში სტრატეგიულ დასავლურ ორიენტაციას შეიცვლის“. რამდენად რეალურია აშშ-ის დაზვერვის სამსახურის შიში ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

საქართველოში აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიში, ტრადიციისამებრ, ორმაგად გაიგეს. ერთნი ამ სამსახურის ქვეტექსტებს ხედავენ და ამბობენ, თითქოს ამ ანგარიშით აშშ-ის დაზვერვა დასავლეთს მოუწოდებს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება დააჩქაროს. მეორენი კი მიიჩნევენ, რომ სწორედ საქართველოს უნიათო მთავრობამ განაპირობა აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელის პესიმისტური დასკვნები. რეალურად საითკენ მიექანება საქართველო?

- ჩვენში დიდი წარმოდგენა აქვთ დასავლეთში გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებაზე, დასავლეთში გამოცემულ წიგნზე, დასავლეთში ჩატარებულ ღონისძიებაზე. ამას ჩვენს ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეაქცია და ინტერპრეტაცია მოჰყვება ხოლმე. ახლაც დაზვერვის სამსახურის ანგარიშს ყველა ადამიანი მისთვის სასურველ კომენტარს უკეთებდა. მათი კომენტარები რომ წაეკითხათ, თვითონ ამ განცხადების ავტორები, ანუ ამერიკელი პირველწყაროები გაოცებულნი დარჩებოდნენ. სინამდვილეში, ამერიკის დაზვერვის სამსახურის უფროსს არ უთქვამს, რომ ნატოში სასწრაფოდ უნდა მივიღოთ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. საიდან მოიტანეს ეს? - გაოცებული ვარ. მან მხოლოდ საფრთხეებზე ილაპარაკა და ძირითადი ყურადღება გაამახვილა ბალტიისპირეთზე. ჩვენი პოლიტიკოსები ხშირად სასურველს რეალობად სახავენ.

დღეს ნატოში სტოლტენბერგის გამოსვლა რა იყო? - ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოკავშირეებსო. ჩვენ კი არ ვართ ამერიკის მოკავშირეები. რასაკვირველია, ივლიანე ხაინდრავამ ეს მშვენივრად იცის, ის განათლებული კაცია, მამამისი ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ, როგორც ამბობენ ხოლმე, ივლიანე ხაინდრავას მდგომარეობა აიძულებს თქვას ის, რომ ამერიკის დაზვერვას თურმე საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების გარდა სხვა სადარდებელი არ აქვს. ამ დროს ერთიც გამორიცხულია და მეორეც. დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ ყირიმის ვარიანტი არ განმეორდეს ლატვიაში, ბალტიისპირეთის იმ ქვეყნებში, სადაც 40%-მდე აღწევს რუსულენოვანი მოსახლეობა.

პარალელურად რუსეთი დასავლეთს ანტირუსული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს. საინტერესოა, ვინ აწვდის დასავლეთს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში ანტიდასავლური განწყობები ღვივის, რომ მეხუთე კოლონა კარგად მუშაობს?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე მაგალითად, საქართველოში ღია პრორუსულ პოლიტიკურ ძალას ვერ ვხედავ, ერთი-ორი მარგინალების გარდა. „საქინფორმის“ თავმჯდომარე რომ იყო ადრე, ახლაც ის პუტინზე უფრო პუტინია, პერანგიდან ხტება, ოღონდ რუსეთზე კარგი რამ თქვას. არიან ასეთი უიმედო მარგინალებიც, მაგრამ ის, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა ძლიერია, ეს მითია. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩინეთში თურმე ძლიერია რუსეთის გავლენა, რადგან ჩინეთი რუსეთთან თანამშრომლობს. ან ახლა რუსეთმა 2,5-მილიარდიანი კონტრაქტი დადო ირანთან, ვის მოუვა თავში თქვას, რომ ირანში თურმე რუსეთის გავლენა ძლიერია? თუ ვინმეს უნდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, მათ შორის, მეც ვარ, მაგრამ, ამავე დროს, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები „გაზპრომთან“ არცთუ გამჭვირვალე ხელშეკრუკლების დადებას.

სხვათა შორის, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომგაზპრომისაქართველოში ერთ-ერთი ბანკის შესყიდვას გეგმავს, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ ამხელს. უფრო მეტიც, ეს არისგაზპრომისსტრატეგია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც შევა, ბანკებიც აითვისოს და შემდეგ მედიასაც დაადგას თვალი.

- თუ ეს სიმართლეა, რასაკვირველია, არ არის სასიამოვნო ფაქტი. ერთია ქვეყანასთან ურთიერთობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ამ ქვეყანასთან ლოგინში დაწოლას. თუმცა საქმე არ არის ისე, თითქოს დღეს საქართველოში მეხუთე კოლონაა. რა არის რუსეთის მეხუთე კოლონა? ძირითადად ეს არის რუსულენოვანი მოსახლეობა, როგორც ეს ლატვიაშია, ანუ მოსახლეობის 40%. ლატვიელებმა რა უნდა უყონ ამ 40%-ს, რომლებიც ლატვიურს პრინციპულად არ სწავლობენ? ლატვიამ ამაზე ჯარიმაც დააწესა, განსაკუთრებით, საუბარია იმ რუსებზე, რომლებიც ლატვიის პოლიტიკაში მიდიან და დამახინჯებულად ლაპარაკობენ ლატვიურს, მაგრამ ესეც არ შველით.

თეორიულ ჭრილში, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც არ ფლობს ქართულ ენას, რომელიც პოლიტიკურად არ არის ქართველი, პოტენციური მეხუთე კოლონაა. ეს იქნება აზერბაიჯანელი, სომეხი, ოსი, აფრიკელი, ბურკინაფასოელი თუ აფხაზი. ამერიკა რითია ძლიერი? ამერიკის ყველა მოქალაქე, ჩინელით დაწყებული, მექსიკელით დამთავრებული, პოლიტიკურად ამერიკელია. მეხუთე კოლონის საფრთხე სწორედ ეს არის. ამიტომ იმავე ივლიანე ხაინდრავამ, იმავე პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ უმჯობესია იმაზე იზრუნონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გახდეს პოლიტიკურად ქართველი.

მეხუთე კოლონის სახით ხომ შეიძლება გამოიყენონ ჩვენი გლეხები, რომლებიც ისევ რუსეთისკენ იყურებიან, რუსული ბაზრის ხათრით?

- რასაკვირველია, მათ ისე გამოიყენებენ, რომ თვითონ ეს გლეხები აზრზეც არ იქნებიან. ეს ხშირად მომხდარა.

თუმცა აქ ერთი პრობლემაა. ძველი თაობა, რომელსაც რუსეთისადმი ნოსტალგია შემორჩა, რატომღაც ივიწყებს უფრო ადრეულ წლებს, რომ ეს ისევ ის რუსეთია, რომელიც ძვლებზე იყო აღმოცენებული, როგორც რუსული იმპერიის დროს, ისე 1924 წლის აჯანყების ჩახშობის და 1937-ის რეპრესიების დროს. ასე რომ, მხოლოდ კეთილდღეობა არ ყოფილა რუსეთში, ეს იყო ეროვნული თვითშეგნების ჩაძირვაც. ეს არ ახსოვთ?

- დღეს არის ჩვენი ინტელექტუალური და მეცნიერული პოტენციალის სრული დეფოლტი.

თუ ყველაფერი კუჭზე გადის?

- რასაკვირველია, ბოლოს და ბოლოს, 1924 წლის აჯანყების ჩახშობა და 1937 წელი ვინ მოაწყო? ერთ რუს ჯალათზე ათი ქართველი მოდიოდა. მიაქციეთ ყურადღება, იმ ტროიკებში, სხვათა შორის, რუსი არ იყო, იყო ერთი სომეხი და ორი ქართველი. რაც მთავარია, აშშ-ის დაზვერვის უფროსს რომ დავუბრუნდეთ, იგი ლაპარაკობდა არა იმდენად დღევანდელ, არამედ პოტენციურ საფრთხეებზე. ახლა მოდის სამიტი, ძალზე მძიმე დღეშია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რადგან უკვე გარკვეულია, ჩვენ არც მაპს ვღებულობთ და არც არაფერს მაისის სამიტზე. რაღაცით ხომ უნდა იმართლონ თავი? იქ მთელი დელეგაცია წავა, ალბათ, წავა სესიაშვილი, ხიდაშელი, ეს ჩვენი უსაქმური პარლამენტარები, ზოგი ქაღალზე დაწერილს წაიკითხავს, ზოგს ინგლისური ეცოდინება, მაგრამ იქ ენა დაებმება და რომ ჩამოვლენ, ხომ უნდა თქვან იმ დიდ „წარმატებაზე“, რასაც მიაღწიეს?

რომელი ქართველი პოლიტიკოსი გახსოვთ, ვინც იტყოდა, წარმატებას ვერ მივაღწიე ამერიკაშიო? ღატაკი როცა იყო ქვეყანა და 8 ლარი გახლდათ პენსია, მაშინაც ჩვენი პოლიტიკოსები იძახდნენ, წინ მივდივართო. ახლა ბრიუსელში ერთი ტვინის ჭყლეტაა, რა ფრაზა ჩაწერონ სამიტის დოკუმენტში, რომ არც უარად ჟღერდეს და არც მიღებად. ამის „გამოცდილება“ ქართველ პოლიტიკოსებს აქვთ, ხომ გახსოვთ, 2008 წელს ბუქარესტის სამიტიდან ჩამოვიდა გია ბარამიძე და თქვა, მაპზე მეტი მივიღეთო და დღემდე ვერ ახსნა, რა იყო მაპზე მეტი. ახლაც იგივე მოხდება.

.. პრორუსულ ძალებს რაც შეეხება, ამერიკასთან დაახლოებას ცდილობსპატრიოტთა ალიანსი“, გვახსოვს ვაშინგტონში ჩასული ნათელაშვილიც, ვაშინგტონს ხშირად სტუმრობენ პროდასავლურირესპუბლიკელებიც“, ყველას ამტვრიანებული აქვს ვაშინგტონის კარი, მაგრამ ამერიკელებს ნამდვილად სცალიათ იმის გასარკვევად, რეალურად ვის გულში ღვივის პროდასავლური განწყობა და ვინ მხოლოდ კეკლუცობს პროამერიკულობით?

- წლის ბოლომდე ამერიკა 100%-ით დაკავებულია თავისი საშინაო პრობლემით და არჩევნებით. ამერიკაში სერიოზული ძვრებია. უცებ გამოჩნდა ყველასათვის უცნობი, 75 წელს მიღწეული ბერიკაცი - სანდერსი, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებული ნაპოლეონივით მიექანება ვაშინგტონისაკენ. რა არის ამის მიზეზი? ამ მიზეზის კვლევით არიან დაკავებულნი ამერიკის პოლიტიკური წრეები, თუ რატომ მოიპოვა ამხელა პოპულარიზაცია ამ ბერიკაცმა? ის კაცი გამოდის დიდი ფულის წინააღმდეგ და ამერიკაში უფრო პოპულარულია ის ადამიანი, რომლის ლოზუნგიცაა, „პოლიტიკური რევოლუცია, მოვთოკოთ მილიარდერები“. ახლახანს ჩატარებულ პრაიმერზე სანდერსმა გადაუარა „დემოკრატებს“, კლინტონს და ყველას. ჩვენთან კი პირიქით ხდება, მილიარდერების ეპოქა მოდის, პოლიტიკაში მათი მოსვლის ეპოქა. ამიტომ ვეღარ გავიგე, ეს პროდასავლური კურსი რა არის, რადგან ჩვენ სულ სხვა გზით მიდივართ, ვიდრე-ამერიკა.

პროდასავლური კურსი ეს არის პატიოსანი პოლიტიკა, კანონის უზენაესობა, ცხრათავიანი დევის ყველაზე დიდი თავის-ნეპოტიზმის მოთოკვა. თუ დასავლეთში ნეპოტიზმს პატარა თავი აქვს, ჩვენთან სპილოსხელა თავი აქვს. ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ დასავლურ კურსზე, რომელ ღირებულებებზეა საუბარი, როცა ჩვენი ყველაზე პროდასავლური პარტიის მინისტრები ისე იქცევიან, თითქოს ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრობდნენ, ზნეობის, კანონის, მორალის გარეშე. ჩრდილოეთ კორეაში ერთი კაცია, რომელზეც ყველა ლოცულობს, ჩვენთანაც ერთი კაცია, რომელზეც, შესაძლოა, ყველა არ ლოცულობს, მაგრამ ყველა ისე იქცევა, როგორც ის ერთი კაცი გადაწყვეტს. კი მაგრამ, ეს ერთი კაცი რომ არ იყოს, მაშინ რა გვეშველება? ვის ხელში დავრჩებით?

როგორც ვიცი, თქვენ ექსპერიმენტს სთავაზობდით ბიძინა ივანიშვილს, დროებით წასულიყო საქართველოდან და გარედან დაკვირვებოდა მოვლენებს.

- კი, ვთავაზობდი, წავიდეს ექვსი თვით და ნახოს, რომ ჩამოვა, რა დახვდება. იცით, რა მოხდება? რასაც სტალინი ეუბნებოდა თავის თანამებრძოლებს - ბრმა კნუტებივით დარჩებითო. ამ მინისტრებმა, ამ პარლამენტარებმა ერთ დღეს რომ გაიღვიძონ და ნახონ, ივანიშვილი აღარ არის თბილისში და საფრანგეთში ცხოვრობს, საღამოს უკვე ქაოსი იქნება, აღარც კანონი იმუშავებს, აღარც ბანკები, ყველაფერი დაიკეტება, რადგან არავის ეცოდინება, რა უნდა გააკეთოს. ამიტომ სად არის პროდასავლური კურსი? პროდასავლური ფასეულობა ის არის, რომ ინსტიტუტებია მთავარი და არა-პიროვნებები. ამ დროს ჩვენთან პიროვნებები კი არა, ერთი პიროვნებაა მთავარი.