ციხისძირიდან გიგანტური ხეების გადარგვასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა არ ცხრება, მეცნიერები კი, ჭაობის კიპაროსისა და ტიტას ხის გადარგვაში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა, შესაძლო საფრთხეებზე მიანიშნებენ.
საუკუნოვანი ხეების მომავალზე პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტში, სამი საათის მანძილზე, ცხარე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე იმსჯელეს. ნაციონალებმა გიგანტური ხეების გადარგვაში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სურვილები დაინახეს, ოპონენტებმა კი, მათ წარსული შეახსენეს და „პანდორას ყუთის“ გახსნაზე მიანიშნეს.
იმის ნაცვლად, რომ სხდომაზე, საკითხი სიღრმისეულად განეხილათ, უფრო მეტი დრო პოლიტიკურ განცხადებებს და პოლიტიკურ ბრალდებებს დაეთმო. შეხვედრიდან ახალი რაც გაირკვა, ის არის, რომ გიგანტური ხეების ლოკაცია ტრანსპორტირების სირთულიდან გამომდინარე განისაზღვრება.
სხდომა, რომელიც უმცირესობის მოთხოვნით ჩაინიშნა, პირველი ნაციონალებმა დატოვეს და ის თიკა ბოკუჩავასა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, თემურ მურღულიას შელაპარაკებით დასრულდა.
სანამ მურღულია პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა, მანამდე ხეების ჯიშებსა და მათ მომავალ ბედზე ისაუბრა.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის ბრძანებით, კომპანია „ზიმო“-ს ტიტა და ჭაობის კიპაროსი საკუთრებაში 6200 ლარად გადაეცა. მისი განმარტებით, მცდარია ინფორმაცია, რომ საქმე უნიკალურ ხეებს ეხება.
მურღულიას ცნობით, ეს ხეები წითელ წიგნში შეტანილი არ არის, არ არის რელიქტი და არ არის არც ერთი ფორმით ენდემური.
„ამ ტიპის ხეები ბევრია როგორც რეგიონში, ასევე გარშემო ტერიტორიაზე. არსებითად მცდარია იმის მტკიცება, რომ ეს ასაკით ან ჯიშით უნიკალური ხეებია. ასევე არსებითად მცდარია, რომ ამ ხეების გადანერგვა ეკოლოგიურ პრობლემას გამოიწვევს. ეს არის ინტენსიური გამწვანების ზოლი და სამი ხის გადარგვა ეკოლოგიურ პრობლემას ვერ გამოიწვევს. მცდარია განცხადება იმის შესახებ, რომ სანაპირო ზოლში სამი ხის გადარგვა წყლის ბალანსის რღვევას გამოიწვევს“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
მურღულია თვლის, რომ აჭარის თვითმართველობას ამ ხელშეკრულების დადების ლეგიტიმური უფლება ჰქონდა და სამინისტროს ამ ხელშეკრულების მიმართ რაიმე ტიპის რეაგირების საფუძველი არ ჰქონია. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ერთადერთი დარღვევა, რაც კომპანიამ ჩაიდინა, ერთი ხის მოჭრა იყო, რის გამოც ის 500 ლარით დაჯარიმდა და მას 900 ლარის ანაზღაურება დაევალა.
მურღულია ხეების გადარგვის საფრთხეებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ დიდი ხეების გადარგვა დაკავშირებულია რისკთან, თუმცა, თუკი თანმდევი ღონისძებების გატარება ხდება, ასეთი რისკები მცირდება.
„იმ ფონზე, როცა კონტრაქტორი ხეების სწორი ტრასპორტისთვის უზარმაზარ სახსრებს დებს, მისი ინტერესია ხეები არ გახმეს და იმ დონის მოვლა უზრუნველყოს, რაც ამ ხეების გადარგვას სჭირდება. ამის დასტური მაგალითია, რუსთაველზე ზეთის ხილის ხის გადარგვა. რაც შეეხება ლოკაციას, ლოკაციის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ კომპანია ამბობს, რომ ლოკაცია ტრანსპორტირების სირთულიდან გამომდინარეობს. მთავარია, რომ ამ ხეების გადარგვა კონტროლირებად გარემოში ხდება და მათზე ზრუნვა მოხდება. შეიძლება საჭირო გახდეს, ამ ხეების ზღვისპირთან ახლოს გადარგვა და იქ პარკის მოწყობა. ტრანსპორტირების საკითხი მაშინ იქნება ცნობილი, როცა პროექტის მოცულობა განისაზღვრება“, - განაცხადა მურღულიამ, რომელსაც ნაციონალებმა კითხვით მიმართეს - არის თუ არა ამ ხეების გადარგვაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესი?
ოპოზიციის საპასუხოდ მურღულიამ განაცხადა, რომ მას არანაირი საფუძველი არ აქვს ივარაუდოს, რომ ეს საკითხი ივანიშვილს ეხება, მაგრამ თუკი რაიმე ფორმით აღმოჩნდება, რომ ამ საქმეს ყოფილ პრემიერთან კავშირი აქვს, მაშინ ამ ხეების მოვლისა და გახარების შანსი გაცილებით მეტი იქნება.
„ეკოლოგიური სისტემის შერყევაზე საუბრობენ და პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ის ადამიანები არ უნდა გვესაუბრონ ექსპერიმენტზე, რომლებმაც ექსპერიმენტები ცოცხალ ადამიანებზე ჩაატარეს“, - განაცხადა მურღულიამ, რომლის გამოსვლაც კომიტეტზე ბოკუჩავამ გააპროტესტა და მათ შორის კამათი დერეფანში გაგრძელდა.
ბოკუჩავამ მინისტრის მოადგილეს მოუწოდა პოლიტიკურ განცხადებებს ნუ აკეთებდა, მურღულიამ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ ექსპერიმენტების მსხვერპლი თავად იყო, როცა დევნიდნენ და უცხო ქვეყანაში ცხოვრება მოუწია.
მურღულია-ბოკუჩავასგან განსხვავებით, „მრეწველების“ ლიდერს, გოგი თოფაძეს არავისთან უკამათია, მაგრამ მან ნაციონალებს წარსული შეახსენათ და აღნიშნა, რომ 2006-2010 წლებში, ბაკურიანში ტყის ჰექტარის ათასობით ფონდი გაიჩეხა, როცა გუბერნატორი გოგა ხაჩიძე იყო.
„ასობით ჰექტარი გაიჩეხა და ყურადღებას სამ ხეზე ვამახვილებთ? თან, თურმე, ბიძინას მოუპარია და სამი ხის ფული ვერ გადაუხდია. ბაკურიანის მოსახლეობა დღესაც ჩივის, რადგან კლიმატი შეიცვალა და ეს ტერიტორიები გასხვისდა“, - დასძინა თოფაძემ, რომლის გამოსვლა „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა, გია გაჩეჩილაძემ გააგრძელა, რომელიც ნაციონალებმა ხეების გადადგურების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.
გაჩეჩილაძის მოსაზრებით, სახეზეა პოლიტიკური პროცესი და საქმე გარემოს დაცვას არ ეხება. დეპუტატი ფიქრობს, რომ ნაციონალების მიზანია, ბიძინა ივანიშვილის სახელი გამოიყენონ. კანონმდებელი გასული წლებში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაც ხდება, ამაში ხელისუფლებაა დამნაშავე, რადგან ისეთი მასალები არსებობს, რომელიც საქართველოსთვის ცნობილი არ არის, თუმცა, კატასტროფულია.
„ეს ყველაფერი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული რომ ყოფილიყო, სამ ხეზე საუბარი არ იქნებოდა. თუკი პროკურატურა დაინტერესდება, გეტყვით, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა არსებობს, სადაც წერია, რომ 2009-2011 წლებში, თბილისის მერიის მიერ დედაქალაქში გაცემულია 20 690 ხეზე მოჭრის უფლება. სამი ხის გადარგვაა მნიშვნელოვანი თუ ეს დოკუმენტი, რომელიც დევს? - არ ვიცი, ამ საკითხებს პროკურატურა რატომ არ სწავლობს. ფინანსური საკითხებიცაა და ითქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს თბილისის ტყეები ტყეების ფონდიდან ამოიღეს და თბილისს გადასცეს როგორც გამწვანების ზოლი. ხეებს იმიტომ ჭრიდნენ, რომ ვიღაცეებისთვის მიეცათ. ასევე სატელიტური დაკვირვებებით ირკვევა, რომ 2003 წლიდან საქართველოს ტყეებიდან 9500 ჰექტარი ტყე გაქრა“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ, რომელმაც ნაციონალების მიერ წამოწეული საკითხი „პანდორას ყუთის“ გახსნად მიიჩნია.
გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ ნაციონალებმა ნახევარწუთიანი პიარისთვის საკუთარი თანაგუნდელები გაწირეს.
„თქვენს მიერ წამოწყებული პროცესით „პანდორას ყუთი“ გახსენით. თუკი პროკურატურა დაინტერესდება, თქვენი მეგობრებს, რომლებიც ციხეში სხედან, ან არ არიან დაჭერილები, სიტუაცია დაუმძიმდებათ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ, რომლის გამოსვლას „უნიკალურად“ შეაფასა ნაციონალმა ხათუნა გოგორიშვილმა.
გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს უნიკალური დღეა, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მხოლოდ ენდემურ ჯიშებს უვლის, ხოლო „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ კონკრეტული ხეების განადგურება პოლიტიკური თემაა და არა გარემოს დაცვითი.
„მესმის, რომ გია გაჩეჩილაძეს მხოლოდ წარსულში მომხდარი ფაქტები აინტერესებს. გაჩეჩილაძის ისტერიული გამოსვლები მახსოვს, თუ როგორი რადიკალური იყო, როცა გაერთიანებული ემირატებიდან პალმები ჩამოიტანეს და ქუთაისსა და ბათუმში რგავდნენ. ერთი ადამიანის კაპრიზი გაცილები უფრო მაღლა მდგომია, ვიდრე კანონი“, - დასძინა გოგირიშვილმა, რომელმაც ივანიშვილის მხრიდან ხეების გატაცებაზეც ისაუბრა და ციხისძირში გადარგვისთვის გამზადებული ხეების რვა ფოტო სამახსოვროდ გარემოს დაცვის კომიტეტსა და სამინისტროს გადასცა.
გოგორიშვილმა ფოტოების საჩუქრად გადაცემა სხდომიდან გასული გაჩეჩილაძისთვის ვერ შეძლო, მაგრამ მურღულიამ აღნიშნა, რომ რვავე სურათი ერთი ხის სხვადასხვა ხედი იყო.
აღსანიშნავია, რომ გამოსვლისას სიმწვავით გამოირჩეოდა ნუგზარ წიკლაური, რომელმაც აღნიშნა, რომ მთელი ქვეყანა ერთი, ექსცენტრიული მილიარდელის თავგასულობას უყურებს.
„ივანიშვილს ის დოკუმენტაცია მაინც მოემზდებინა, რომლითაც ხუშტურებს ისრულებს. მისი მიზანია, დემონსტრაცია მოახდინოს, რომ დეპუტატები და მინისტრები არავინ არ არიან. აჭარაში შედის ადამიანი და ხეებს თხრის. პრობლემაა დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ და არა ის, რომ ხეებს თხრიან. „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე მომხრეა ხეების ამოთხრის, თუმცა, მოწინააღმდეგე იყო პალმების შემოტანის. გაჩეჩილაძე მსოფლიოში პირველი „მწვანეა“, რომელიც ხეების ამოთხრის მომხრეა“, - დასძინა წიკლაურმა, რომლის გამოსვლის შემდეგ, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა ნაციონალები მკაცრად გააკრიტიკა.
ხაბარელი მიიჩნევს, რომ უმცირესობის მიერ ატეხილმა აჟიოტაჟმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და ეს არის აბსურდის თეატრი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს.
„ამ ადამიანებს სამი ხის ბედი არ აინტერესებთ და მათი მიზანია, პოლიტიკური დივიდენდები დააგროვონ. ამ მიზანს საწინააღმდეგოდ მიაღწიეს. იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაძლოა ხეები გადაირგას, უნიკალური პროექტი ხორციელდება. ათიათას ადგილიანი საკონცერტო დარბაზი და მოძრავი დარბაზი კეთდება, რომელსაც საქართველოში, ამიერკავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ აქვს. 2010 წელს, თქვენმა მეფემ, თქვენმა პრეზიდენტმა თქვა, ასეთი რაღაც არ გაკეთებულაო. უნიკალური პარკი კეთდება, სადაც ტურისტი ჩამოვა და იმ სილამაზეს ნახავს. წინ ქვეყნის განვითარებას უდგებით, მაგრამ ამ პროცესს ვერ შეაფერხებთ. გაკოტრებული ხართ და ბოლო თვეებით საზგადოებას ანახეთ, ადამიანები როგორ შეიძლება „დააბოლოთ“. თქვენი ქმედებები მარაზმია და ამაზე პასუხს მოგთხოვენ, როგორც ეს 2012 წლის არჩევნებზე მოხდა. შეიძლება, ბარიერიც ვერ გადალახოთ“, - მიმართა ნაციონალებს ხაბარელმა.
რაც შეეხება შესაბამისი დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ალექსანდრე დიდებულიძე აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40 პროცენტი დაფარულია ტყეებით და ადრე თუ გვიან, ამ ტყეების უფრო ფართო გამოყენების თაობაზე საკითხი დადგება. მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ტიტასა და ჭაობის კიპაროსის ხეების ერთი ნერგის 30 დოლარამდე ღირს, ამ ხეების შეტანა კი აკრძალულია კანადასა და აზერბაიჯანში.
„ნებისმიერ ხეს თავისი სიცოცხლის ხანგძლივობა აქვს და ესეც შესაფასებულია. ციხისძირის ლანდშაფტი ძალიან ლამაზია, მაგრამ ეს ხე სხვაგან რომ გადავა, იქაც ხომ არ იქნება კერა ლამაზი ლანდშაპტის ჩამოყალიბებისთვის? მსოფლიო ბაზარზე ეს პროდუქტი გამოდის თებერვლის მეორე ნახევრიდან მარტის პირველ ნახევარში და გადარგვაზე რისკები არის, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ჭაობის კიპაროსს ფესვთა სისტემა ორ მეტრზე აქვს და გარკვეული რისკები არსებობს“,- დასძინა დიდებულიძემ.
აკადემიკოსმა გიზო ურუშაძემ კი აღნიშნა, რომ დასავლეთ საქართველოში ნიადაგური პირობები შეიძლება სხვადასხვაა, მაგრამ ეკოლოგია ერთი და იგივეა. ურუშაძე მიიჩნევს, რომ ამ ხეებთან დაკავშირებით, ნიადაგური პრობლემა მოხსნილია.
„ჭაობის კიპაროსი 100 წელზე მეტია ჩვენთან არის და ყველაზე გამოცდილია. ფიჭვები გარშემო ხმება და ეს არა მოვლის საკითხია, არამედ ეკოლოგიური კატასტროფის. ჭაობის კიპაროსი ის ხეა, რომელიც ამჟამინდელ სიტუაციას ყველაზე მეტად ერგება. თუკი ეს დენდროპარკისთვის კარგია, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, - დასძინა ურუშაძემ.