აშშ-ის დაზვერვა რუსეთ-ამერიკას შორის ცივი ომის დაწყებას არ გამორიცხავს. აშშ-ს სენატში მოხსენებით გამოვიდა შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ჯეიმს კლეპერი, რომლის განცხადებით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა, შესაძლოა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, „ცივი ომის“ დაწყება გამოიწვიოს.
„რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა შეიძლება საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ცივი ომი დაიწყოს. ვფიქრობ, რომ მთელმა იმ აგრესიამ, რასაც რუსეთი იყენებს, ახალი „ცივი ომის“ წინაშე დაგვაყენოს“, - განაცხადა ჯეიმს კლეპერმა.
დაზვერვის ხელმძღვანელის მოხსენების პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის შესაძლო კონფლიქტისთვის ემზადება დიდი ბრიტანეთი და სამხედრო სწავლება „Shamal Storm“-ის ფარგლებში, იორდანიაში სამხედრო წრთვნებს ატარებს, რომლის ფარგლებშიც, ადგილზე 1 600 სამხედრო და 300 ერთეული ტექნიკა ჰყავს გადასროლილი. სწავლების მიზანია ტექნიკის სწრაფი გადასროლა აღმოსავლეთ ევროპაში, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შორის კონფლიქტი მოხდება.
სამხედრო წყაროზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემა „The Daily Telegraph“-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიუხედავად იმისა სწავლება იორდანია-სირიის საზღვართან მიმდინარეობს, ის არ არის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლასთან კავშირში.
„ჩვენ უფრო ვემზადებით, რომ ამერიკას გვერდით დავუდგეთ უკრაინაში და არა სირიაში. ეს არ არის იმ ტიპის ძალები, რომლებიც სირიაში უნდა გადავისროლოთ ჯიჰადისტების ჯგუფთან საბრძოლველად“, - აცხადებს ბრიტანეთის არმიის ოფიციალური წარმომადგენელი.
მისივე განცხადებით, იორდანიაში მიმდინარე სწავლებამ უნდა უზრუნველყოს სრული სამხედრო მზადყოფნა და სწრაფი გადაადგილება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. რამდენად შესაძლებელია ალიანსსა და რუსეთს შორის კონფლიქტი, ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ ალიანსსა და რუსეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთმა ნატოს წევრი სახელმწიფოს, თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ალიანსის გაფრთხილების მიუხედავად, 29 იანვარს რუსეთის სუ-34-მა თურქეთის საჰაერო სივრცე ისევ დაარღვია.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის თურქეთთან კონფლიქტი გავლენას ახდენს პროცესებზე და შეიძლება ალიანსი და რუსეთი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდეს. პროცესების ასე განვითარებას ეჭვობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, დღეს რუსეთთან დაპირისპირება იოლი არ არის არც ერთი ქვეყნისთვის, რადგან შესაძლებელია, ამ კონფლიქტმა მსოფლიოს დასავლურ ნაწილს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
„ამ და სხვა საკითხების გამო, ვეჭვობ, რომ ვერსია, შესაძლო ომზე, რაიმენაირად რეალიზდეს. თუმცა, ვიცით, რომ სერიოზული ქვეყნები ყოველთვის ემზადებიან ისეთი მდუმარე სცენარებისთვისაც, რომელთა რეალობა დღის წესრიგში არ არის. გავიხსენოთ ცივი ომი, ყველას მიაჩნდა, რომ არ მოხდებოდა, მაგრამ მზადება ყველა ქვეყნაში მიდიოდა, რაღაცა ანალოგიური ვითარებაა ახლა ინგლისის ამ განცხადების უკან.
ისევე როგორც მთელს დასავლეთს, ასევე ინგილსაც სურს დაანახონ რუსეთს, რომ გულხელდაკრეფილი და შეშინებული არ იჯდებიან რუსული აგრესიის მოლოდინში. გარკვეული თვალსაზრისით გამაფრთხილებელი ნაბიჯებიც შეიძლება იყოს ამ ტიპის სამხედრო წვრთნებში, რასაც ინგლისი ატარებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
„ამგვარი კონფლიქტის შესაძლებლობა საკმაოდ დაბალია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი, რომლის განცხადებით, ალაინსი და რუსეთი ორი ბირთვული სამხედრო ძალაა, შესაბამისად, აქ კონფლიქტი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ რაღაცა განსაზღვრული კონტიგენტით - სამხედრო ძალით.
„ამიტომ, ორივე მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამგვარი პირდაპირი შეტაკება არ მოხდეს. ასეთი რამ ცივი ომის დროსაც კი არ მომხდარა, თუმცა, მსოფლიო რამოდენიმეჯერ მივიდა ბირთვულ დაპირისპირებამდე, მაგრამ ყველა შემთხვევაში პოლიტკური ძალისხმევით მოხერხდა ამგვარი საფრთხის თავიდან აცილება. ვერ ვხედავ საფუძველს რატომ უნდა მოხდეს კონფლიქტი“, - ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ალიანსის დიდი ხანია ამ სახის სამხედრო წვრთნებს ატარებს, რომელიც მიმართულია კონკრეტული სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებად ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის. სულ რამდენიმე თვის წინ ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური საშტაბო ერთეული ნატოს აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანაში: ბულგარეთი, ეტონეთი, ლატივია, ლიტვა, პოლონეთი და რუმინეთი, რომელიც ვარშავის სამიტამდე სრულად დაკომპექტდება.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ალიანსი სერიოზულად განიხილავს რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეს და წინმსწრებად აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს. შესაბამისად, ამაღლებს მის ურთიერთქმედებას, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპელ ახალ წვერებთან, რამდენადაც ძირითადი საფრთხე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია აღმოსავლეთის საზღვრებიდან.
„იმისათვის, რომ არ მოხდეს სამხედრო ავანტურა რუსეთის მხრიდან, ამის პრევენციისათვის ხორციელდება ეს წვრთნები, მაღლდება ურთიერთთავსებადობა და ეფექტურობა ნატოს სხვადასხვა ქვედანაყოფების შორის. ამით კი, სერიოზული სიგნალი გაეგზავნა კრემლს, რომ მსგავსი აგრესიული ნაბიჯებისთვის დასავლეთი და ნატო მზად იქნებიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.