„თავისუფალი დემოკრატები“ პარტიაში გაწევრიანების მიზნით, სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურებთან კონსულტაციებს მართავენ და მათ შორის იყო საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, თუმცა, მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
როგორც for.ge-ს წყარომ განუცხადა, ირაკლი ალასანიამ ელისაშვილს პარტიაში გაწევრიანება შესთავაზა, თუმცა, ამ ეტაპზე, „თავისუფალ დემოკრატების“ რიგებში შესვლა ელისაშვილმა არ მოისურვა, მაგრამ მათთან პოლიტიკური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
for.ge-სთან საუბარში ელისაშვილი ადასტურებს, რომ ის ალასანიას შეხვდა და მას თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ მომავალზეც ესაუბრა, თუმცა, მხარეებს შორის პარტიაში გაწევრიანების შესახებ არანაირი საუბარი არ ყოფილა.
ელისაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაშია და პოლიტიკური მიზნები აქვს, მაგრამ არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ელისაშვილი გვარწმუნებს, რომ ის არცერთ პარტიაში შესვლას არ გეგმავს.
„საკრებულოში ვმუშაობ და ჩემთან დაკავშირებით ნუ წვალობენ“, - აცხადებს ელისაშვილი.
ელისაშვილი ამბობს, რომ მის იდეოლოგიას არცერთი პარტია არ შეესაბამება, მასთან ყველაზე ახლოს „თავისუფალი დემოკრატები“ არიან, მაგრამ არც ამ პარტიაში შესვლას არ აპირებს.
„თავისუფალ დემოკარტებთან“ ჩემი გაწევრიანების შესახებ არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა მქონდა და იგი პოლიტიკურ მომავალზეც მესაუბრა და მკითხა, დახმარება რითი შეეძლო, რაზეც ე.წ. კოკაინის საქმეზე კომისიის შექმნის საკითხის დაყენება ვთხოვე. „თავისუფალ დემოკრატებში“ ჩემი შესვლის შესახებ არანაირი საუბარი არ ყოფილა“, - აცხადებს ელისაშვილი.
იყო თუ არა ალსანია-ელისაშვილს შორის პარტიაში გაწევრიანების თაობაზე კონსულტაციები, ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს. როგორც for.ge-ს აბაშიძემ განუცხადა, ის არ ელოდება, რომ პარტიაში ელისაშვილი გაწევრიანდება და ირწმუნება, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით არაფერი იცის.
„ამ კონსულტაციებს არ ვესწრებოდი და ამ საკითხზე განსაკუთრებული ინტერესი არ გამომიხატია. პარტიაში ნემისმიერი ადამიანის შემოსვლას მივესალმები, რომელიც პარტიას გაამდიდრებს. ეს იქნება ელისაშვილი თუ სხვა ნებისმიერი აქტიური პიროვნება“, - აცხადებს აბაშიძე, რომლის მსგავსად, ნინო გოგუაძე ირწმუნება, რომ პარტიაში ელისაშვილის გაწევრიანების შესახებ არანაირი საუბარი არ ყოფილა.
ელისაშვილისა და „თავისუფალი დემოკრატების“ თანამშრომლობა რამდენად გამოვა, ამას დრო აჩვენებს, თუმცა, ელისაშვილმა „თავისუფალ დემოკრატებს“ პარლამენტში ე.წ. კოკაინის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენება სთხოვა, რაზეც ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ფრაქციამ ეს საკითხი არ უნდა დააყენოს და ირიბად „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები არ უნდა გაატაროს.