ამერიკის დაზვერვაში შიშობენ, რომ საქართველო დასავლურ ორიენტაციას შეიცვლის

ამერიკის დაზვერვაში შიშობენ, რომ საქართველო დასავლურ ორიენტაციას შეიცვლის

„საქართველო რუსეთის ზეწოლის პირობებში სტრატეგიულ დასავლურ ორიენტაციას შეიცვლის“, – ნათქვამია მოხსენებაში. დაზვერვის ხელმძღვანელის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მაშინაც კი, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება.

აშშ–ის დაზვერვის ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის სურვილი ფარულად გამოიყენოს სამხედრო ძალები მეზობელ ქეყნებში, მის პერიფერიებზე მღელვარებას ზრდის.

„საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად, ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირები შეწყვიტოს“, - ნათქვამია აშშ–ის ჯეიმს კლაპერის განცხადებაში.

აშშ-ის დაზვერვის უფროსის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა თბილისში. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ამბობს, რომ აშშ–ის დაზვერვის პოზიცია მნიშვნელოვანი და დროულია.

„იგი მოუწოდებს დასავლეთის ლიდერებს გაზარდონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ტემპი, რათა საფუძველი გამოაცალონ რუსეთის მიზანმიმართულ მცდელობებს შეაფერხოს ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროცესი“, – აცხადებს ივლიანე ხაინდრავა.

საქართველოში აშშ–ის ელჩის მოადგილე, ნიკოლას ბერნილერი აცხადებს, რომ ამერიკული დაზვერვის ანგარიში საქართველოში არასწორად აღიქვეს. მისივე თქმით, ანგარიში არის შეხსენება ამ საკითხის მნიშვნელობის. აშშ თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს ქართველ პარტნიორებთან ერთად მიზნების მისაღწევად.

„მსურს განვმარტო, რომ ეს არის სადაზვერვო ანალიტიკოსების მიერ გაკეთებული შეფასება, რომელიც მიმართულია აშშ-ის პოლიტიკური ლიდერების, მთავრობის წარმომადგენლების ინფორმირებისკენ შესაძლო რისკების შესახებ მსოფლიოს ფარგლებში, მათ შორის – საქართველოში. ეს არის საქართველოში ახლანდელი სიტუაციის შეფასება და ამ მხრივ მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროატლანტკური ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. ეს არის საქართველოს მოსახლეობის სურვილი“, – აცხადებს ნიკოლას ბერნილერი.

ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ჯეიმს კლაპერის მოხსენება, რომ საქართველო რუსეთის ზეწოლის პირობებში სტრატეგიულ დასავლურ ორიენტაციას შეიცვლის, ადასტურებს, რომ ქვეყანაში გაზრდილია რუსული გავლენა.

„გასაგებია, რომ დასავლეთის ლიდერებმა უნდა გაზარდონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ტემპი, მაგრამ ამერიკის დაზვერვის მოხსენების ადრესატი უფრო ჩვენი ხელისუფლებაა, ვიდრე დასავლეთი. დასავლეთი საქართველოს გვერდით დგას, ზაფხულში ჩვენ გვაძლევენ უვიზო მიმოსვლას, ამაზე იქით ვერ წავლენ. ეკონომიურად და მენტალურად ძალიან ჩამორჩენილები ვართ. ჩვენ მზად არ ვართ არც ევროკავშირისთვის, შეიძლება რეგიონში დემოკრატიული განვითარების მიმართულებით რუსეთზე წინ ვართ, მაგრამ ევროკავშირისთვის მზად არ ვართ, ბევრი გვიკლია.

რაც შეეხება ნატოში ინტეგრაციას, ნატო გადართულია თავისი სახელმწიფოების დაცვაზე, თუ ვერ უზრუნველყოფს მაგალითად ლატივიის უსაფრთხოებას და თუ ლატვია აიღო რუსეთმა, მაშინ ფაქტიურად ნატო ვეღარ იარსებებს. ასე რომ, ახლა ნატოს მთავარი პრიორიტეტია დაიცვას თავისი სახელმწიფოები, ჩვენთვის სამწუხაროდ არ სცალია“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

ამერიკელი დაზვერვის ხელმძღვანელის შეფასების პარალელურად, ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, ორი დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ნატო-საქართველოს ურთიერთობები. პირველ დოკუმენტში მთავარი აქცენტი გაკეთებულია უელსის სამიტზე აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციაზე, ხოლო მეორე დოკუმენტში ასახულია საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების სპექტრი და ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ იქნა გადადგმული.