„თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას, რომ კრიზისების მართვის საბჭო, ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი ნაწილი გახდეს, მთავრობამ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნით უპასუხა. სიტუაციური ოთახი ბრიტანული მოდელის, ე.წ. KOBRA-ს მიხედვით შეიქმნა, ამავე დროს იგი მორგებულია ქართულ სპეციფიკას.
ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოსთან გაერთიანების საკითხი გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან „უაზრო სპეკულაციას“ წარმოადგენს.
„დღეს ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არის პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტი გახლავთ სახელმწიფოს მეთაური და ფუნქციები არის მკაფიოდ გამიჯნული. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ახორციელებს კრიზისული სიტუაციების მართვას მანამდე, სანამ ეს გადადის საგანგებო მდგომარეობაში. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ერთვება ეროვნული უშიშროების საბჭო. მე მგონია, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ეს არის უბრალოდ გარკვეული პოლიტიკოსების მცდელობა, რომ აბსოლუტურად უაზრო სპეკულაციები ახორციელონ ამ საკითხზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე ამბობს, რომ არანაირი ორი პარალელური სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს. მისივე აზრით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და უშიშროების საბჭოს კომპეტენციები გამიჯნულია და განსაზღვრულია კანონით.
„მე მოვისმინე, რომ ქვეყანაში არსებობს ორი პარალელური სტრუქტურა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არანაირი ორი პარალელური სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს. უშიშროების საბჭო არის დამოუკიდებელი სტრუქტურა თავისი კომპეტენციით და ფუნქციებით, ხოლო კრიზისების მართვის საბჭო არის თავის ფუნქციებით და კომპეტენციებით ასევე აბსოლუტურად დამოუკიდებელი.
ეს განსაზღვრული და დადგენილია კანონით. რაც შეეხება მოსაზრებებს, შეიძლება მრავალი არსებობდეს ამ საკითხზე, კიდევ ბევრ საკითხზე. ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხებზე სამუშაო რეჟიმში ვიმსჯელოთ, მაგრამ ზედმეტი პოლიტიზება არ ვარგა, ვინაიდან ეს ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ინიციატივის ავტორის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და უმრავლესობის წევრებმა კარგად იციან, ასეთი მანკიერი ფორმით რატომ არსებობს ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც მხოლოდ პიროვნულ დაპირისპირებას ეფუძება.
„თუ როგორ მოქმედებს კრიზისების საბჭო, საქართველოს მოსახლეობამ 13 ივლისი სტიქიის დროს ნახა, როდესაც ქუჩაში ვეფხვები დარბოდნენ. კიდევ ერთხელ ვუმეორებ იმათ, ვინც ან ვერ გებულობს, ან არ უნდა, რომ გაიგოს. კრიზისების მართვის საბჭო ე.წ. სიტუაციების ოთახი, ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ამას გვირჩევდნენ ყოველთვის ჩვენი პარტნიორები და გვირჩევენ დღესაც, რომ იმ ფორმით, როგორადაც არსებობს, სწორი არ არის. შეგვიძლია ვიდავოთ, სად და როგორ იყოს, მაგრამ საპარლამენტო მოწყობის იქნება ქვეყანა, თუ საპრეზიდენტოსი, ამას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, როგორი ფორმით უნდა არსებობდეს ეროვნული უშიშროების საბჭო“, - აცხადებს დოლიძე.
რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ თემა ამოწურულია, ვინაიდან გამოწვევებით სავსე რეგიონში ვცხოვრობთ, დოლიძის განცხადებით, სწორედ იმიტომ, რომ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვცხოვრობთ, უნდა გვქონდეს კრიზისებზე რეაგირების სწორი მექანიზმი.
„გადახედეთ ევროპის და ამერიკის მოდელებს, სადაც ეროვნული საბჭო არის სწორედ ის უმთავრესი ორგანო, სადაც შედის კრიზისებზე რეაგირება“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
კითხვაზე, თავის დროზე რატომ დაუჭირა მხარი „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კრიზისების მართვის საბჭოს შექმნას და დღევანდელი ინიციატივა, არის თუ არა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, დოლიძე პასუხობს: „არასოდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავი არ ამირიდებია. დიახ, მხარი დავუჭირეთ, მაგრამ გავიდა ორი წელი და ჩვენ რეალურად ვნახეთ ე.წ. რეაგირების მექანიზმის შედეგები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის კარგი მაგალითი იყო 13 ივლისი, სანამ ვეფხვებმა არ შეჭამეს ხალხი, მანადმე ვერც დაიჭირეს.
მაშინ ეს მომწონდა თუ არ მომწონდა, ამას ჩემთვის შევინახავ. მაგრამ ის, რომ ერთგვარი პასუხისმგებლობა ჩვენც გვაქვს გაზირებული ამ რეფორმასთან დაკავშირებით, ეს ბუნებრივია, ამ პასუხისხმგებლობას არ გავურბივართ. მაგრამ პროცესებმა გვანახა, რომ ეს სტრუქტურა არაეფქტური და არაკოორდინირებულია. ჩვენ ვდაობთ საქმეზე და ამას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. საკითხის პოლიტიზირებას ხელისუფლება ახდენს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.