„მე ვარ მურუსიძე“... ეს გასაგებია, მაგრამ არ მომწონს, როდესაც თვეების განმავლობაში მიდიოდა სასამართლოს დემონიზება

„მე ვარ მურუსიძე“... ეს გასაგებია, მაგრამ არ მომწონს, როდესაც თვეების განმავლობაში მიდიოდა სასამართლოს დემონიზება"

„თუ რაიმე შეთავაზება და ინიციატივა უნდა მოხდეს, ეს იმაზე კარგი უნდა იყოს, რაც დღეს არსებობს“, – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი პრეზიდენტის რეკომენდაციას საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით. ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა დაკომპლექტების მოქმედი წესი ძალიან დემოკრატიულია.

ვინ აგორებს აჟიოტაჟს სასამართლოს გარშემო, რატომ ცდილობს დროზე ადრე ჯავშანით აღიჭურვoს მამუკა ახვლედიანი, იკვეთება თუ არა კორუფციის ნიშნები სასამართლო სისტემაში და შესაძლებელია თუ არა ნინო გვენეტაძის პასუხიმგებლობის საკითხი დადგეს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ლევან მურუსიძეს ესაუბრა.

ლევან მურუსიძე: კანონი, რომელიც მოქმედებს, ორი წლის წინ მივიღეთ და ძალიან დემოკრატიულია. ამჟამინდელი სისტემით მოსამართლეს შეუძლია დაასახელოს საბჭოს წევრობის კანდიდატი და ეს კანდიდატი შეიძლება იყოს საკუთარი თავი. ფარული კენჭისყრით მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს წევრებს. ყველა მოსამართლეს აქვს უფლება კანდიდატურის დასახელების და არჩევნებში მონაწილეობის. თუ რაიმე შეთავაზება უნდა მოხდეს, უნდა იყოს იმაზე კარგი, რაც ამჟამად არსებობს. პრეზიდენტის რეკომენდაციაა სამ-სამი წევრი იყოს არჩეული ყველა ინსტანციიდან, თუმცა, თუ, ვთქვათ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს არ აქვთ სურვილი კენჭისყრაში მონაწილების მიღების და ეს ნებაყოფლობითია, ან დავუშვათ და კონფერენციამ ვერ აირჩია სააპელაციო ინსტანციიდან სამი წევრი, ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ? - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ყველა ინსტანციიდან არიან. სამ-სამი წევრი არის უზენაესი და სააპელაციო სასმართლოებიდან, ორი კი – პირველი ინსტანციიდან. 

რაც შეეხება სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს, იურისტები შიშობენ, რომ სასამართლოს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა მთელი სახელმწიფო გადაიყოლოს. რა ხდება სასამართლო სისტემაში?

არავითარი განსაკუთრებული არ ხდება. არავითარი ისეთი საგანგაშო მდგომარეობა არ არის, როგორი აჟიოტაჟიც შექმნილია გარეთ. ვფიქრობ, რომ ხელოვნურად იქნა აგორებული ეს პროცესები. ყველა, ვინც დაინტერესებულია ქვეყანაში განვითარდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, უნდა გავაერთიანოთ ძალები და ერთად დავაცხორთ ის პროცესები, რაც სასამართლოს გარშემო მიმდინარეობს. პროცესები გადავიტანოთ დიალოგის რეჟიმში. უნდა ვეცადოთ დავაცხროთ ემოციები.

ხელოვნურად ვინ აგორებს აჟიოტაჟს სასამართლოს გარშემო?

- ზოგადად მიმაჩნია, რომ... აი კონკრეტულად რომ მითხრათ რა თემა გაინტერესებთ.

მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდებს, როგორ მოხდა, რომ ტესტი წინასწარ მიეწოდებოდა კანდიდატს?

- ჩვენ ვაწარმოებთ მოკვლევას და უახლოეს ხანებში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება დეტალები. თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არც იმას მოვერიდებით, რომ აღნიშნული მასალები გადავუგზავნოთ პროკურატურას, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და წესი. ამიტომ, თქვენ არ იფიქროთ, რომ საბჭო რამეს დამალვას ცდილობს, ჩვენ ვიკვლევთ ამ საკითხს.

სავარაუდოდ როდის გახდება დეტალები ცნობილი?

- ეს ისეთი საკითხია, რომ ყველა საქმე დეტალუარ უნდა გადავიკითხოთ. შესაბამისად, ამას სჭირდება გარკვეული დრო. საუბარი არ არის ერთ და ორ ადამიანზე, აქ საუბარია კომპლექსურად. არ იფიქროთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამე საკითხზე თვალი დახუჭა. საზოგადოება მალე გაიგებს, რომ თვალი არ დაგვიხუჭავს.

იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული?

- წინასწარ ვერიდები განცხადებას. ალბათ, უახლოეს ხანში ყველაფერი გახდება საჯარო. მე არ მაქვს პირადი ინტერესი, რომ გამოვიდე ჟურნალისტების წინაშე და რაღაცა განცხადება გავაკეთო.

ეს იყო მხოლოდ ერთი ფაქტი, თუ რამდენიმე? ტესტირებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს ირინა ხერხეულიძესთან დაკავშირებით...

- ზუსტად ამაშია საქმე, მთავარია არა ერთი ფაქტის გამოვლენა, არამედ მე მინდა, რომ კომპლექსურად მოვიკვლიო მასალები. საუბარი არ არის მარტო ერთ ადამიანზე, სხვა მასალებსაც ვიკვლევთ. შესაბამისად, როგორც კი გამოვლინდება ეს ყველაფერი, მასალები გადეგაზვნება სამართალდამცავ ორგანოებს. ამიტომ, თქვენ არ იფიქროთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოხდა რაღაცა დანაშაული და ამას ხელი დავაფარეთ.

თუმცა, მამუკა ახვლედიანის განცხადებიდან ირკვევა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობდა ხელი დაეფარებინა ამ დანაშაულისთვის...

- გასაგებია, მაგრამ არაფერი არ იმალება და ყველაფერს მოეფინება ნათელი. ბუნებრივია, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელს აფარებდა ამ თემას, ესეც გაირკვევა და ყველა გაიგებს ვის ჰქონდა წვდომა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზად არის ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან. ეს არ არის სკანდალის თემა, ეს არის ძალიან სერიზული საკითხი, რომელსაც ძალზედ სერიოზული მიდგომა სჭირდება.

თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ხელს არ აფარებდა საბჭოს რომელიმე წევრს და ამ საკითხზე მიმდინარეობდა მოკვლევა, მაშინ რას უკავშირდებოდა ახვლედიანის მხიდან წინასწარ ამ ინფორმაციის გასაჯაროვება?

- გავყვეთ მოვლენებს - მამუკა ახვლედიანის მხრიდან ეს განცხადება სწორედ მაშინ გაჟღერდა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხვდებოდა დიპლომატიურ კორპუსს, მთავრობის წარმომადგნელებს და არასამთავრობო სექტორს. ზუსტად 10 საათზე ისე, რომ წინასწარ გაჟღერებულიც არ ყოფილა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები წავიდნენ ბატონ მამუკასთან, სადაც მოხდა ამ თემის როგორც სკანდალის ისე გახმოვანება. ეს განცხადება მიმართული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, რომ აი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაუგონარი სიტუაციაა.

მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ფაქტი მართლაც სკანდალურია...

- გეთანხმებით, ზოგადად ფაქტი მართლაც აღმაშფოთებელია, მაგრამ თვითონ ის თემა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვინმეს ხელს აფარებს და რამის დამალვა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. თუ პასუხისმგებლობით მივუდგებით საკითხს, მალე ყველაფრი ნათელი გახდება.

ახვლედიანთ მიმართებაში აღნიშნეთ, რომ ცდილობს დროზე ადრე აღიჭურვოს ჯავშნით, რას ნიშნავს წინასწარ ჯავშნით აღჭურვის მცდელობა?

- არ მინდა რაღაცა კონკრეტულ თემებზე ვისაუბრო. მე გამოვდივარ არა პირადი ინტერესით, არამედ გამოვდივარ სასამართლოს იტერესებიდან. არის რაღაცა გარკვეული თემები, რომელიც აუცილებელია საზოგადოებისგან არ იყოს დაფარული, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და წესი აქვს. არ შეიძლება ვადაზე ადრე ადამიანს დავწამოთ ცილი. თუნდაც იმ ერთ კონკურსანტს, ვისზეც იყო საუბარი. შეიძლება გარკვეული ეჭვები მქონდეს, მაგრამ სანამ გამოვლენილი არ იქნება დანაშაული, უფლება არ მაქვს ადამიანს წინასწარ დავწამო ცილი.

თქვენი ეს პოზიცია გასაგებია, მაგრამ მაინტერესებს რას ნიშნავს ჯავშნით აღჭურვის მცდელობა ახვლედიანის მხრიდან? რას გულისხმობდით ამ განცხადებაში?

- არ მინდა მოცემულ ეტაპზე ამაზე საუბარი. მაშინ ვთქვი ის, რაც ვთქვი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მუშაობს სხვადასხვა თემაზე. ბევრი ისეთი თემაა, რომელიც სასამართლო სისტემას და მოსამართლეებს ეხება. ამიტომ, ვადაზე ადრე არ მინდა რამე განცხადების გაკეთება. ის განცხადება, რომელიც გავაკეთე, გავაკეთე. დანარჩენს დაველოდოთ.

თქვენს მიერ დაანონსდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროვება. კორუფციის ნიშნები არის სასამართლო სისტემაში?

- მე ვთქვი, რომ საკმაოდ ბევრი საჩივარია ამასთან დაკავშირებით შემოსული. აღნიშნულ თემებზე მიმდინარეობს მუშაობა.

თემები, რომელზეც მუშაობთ შესაძლებელია გვენეტაძის პასუხიმგებლობის საკითხის მიზეზი გახდეს?

- სანამ ყველაფერი არ დასრულდება, როგორ გითხართ? ისეთი კითხვაა პასუხს ვერ გაგცემთ. რატომ ფიქრობთ, რომ მე პირადად რაიმე ინტერესი მაქვს ქალბატონ ნინოს, ან საბჭოს რომელიმე წევრის მიმართ? ჩემი პოზიციაა ვემსახუროთ მართლმსაჯულების სისტემას.

მაგრამ სწორედ თქვენ გადანაშაულებენ იურისტები იმაში, რომ თქვენ აგორებთ პოლიტიკურ და კორუფციულ სკნადალებს ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ...

- თქვენც ფიქრობთ, რომ მე ვაგორებ კორუფცულ სკანდალს ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ?

მე რას ვფიქრობ ეს სხვა საკითხია, ამას ამბობენ იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები...

- როდესაც ქალბატონ ნინოსთან რაღაცა უთანხმოება მქონია, ეს კორუფციას ეხებოდა? ქალბატონ ნინოსთან მქონია შეუთანხმებელი პოზიციები და ეს ეხებოდა სასამართლოს სამომავლო განვითარებას.

რაც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას – „მე ვარ ლევან მურუსიძე“. ბატონო ლევან, თქვენ მხარს უჭერთ კოლექტიური მურუსიძეების არსებობას სასამართლო სისტემაში?

- მე პირადად ეს გამოსავლა არ მომწონს, მაგრამ არც ის მომწონს როდესაც მოსამართლეები კონფერენციაზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და ამ დროს აცხადებენ, რომ მურუსიძის ზეგავლენის ქვეშ არიან და არ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას. ჩემი სურვილია გავიგოთ პრობლემის არსი. თუ ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო, მაშინ ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ სასამართლო გაცილებით უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წინა წლებში და თუნდაც წინა ხელისუფლების დროს. ერთადერთი, რასაც სასამართლო კორპუსი ითხოვს, ეს არის პატივისცემა.

სასამართლოს პატივისცემაა, რომდესაც მოსამართლეები გამოდიან და აცხადებენ, რომ ისინი ლევან მურუსიძე არიან?

- მე ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელიც არჩეულია მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. როდესაც სასამართლო კორპუსი უყურებს, რომ მათ მიერ არჩეულ პირზე ხორციელდება თავდასხმა და ასეთი ზეწოლა, ისინი ამას აღიქვამენ ზეწოლად და ამ ზეწოლის დაქვემდებარების შემთხვევაში, ზეწოლა განხორციელდება თითოეულ მათგანზე. ამიტომ, სასამართლო კორპუსმა ეს საფრთხედ აღიქვა.

მოსამართლეები მურუსიძეს იმიტომ ახსენებენ, რომ მე ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ის ზეწოლა რომელიც ხორციელდება მდივანზე, გადადის რიგით მოსამართლეებზე. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ პიროვნული ლანძღვა მიუღებელია. ემოციები განზე გადავდოთ და საერთო ინტერესების გარშემო გავერთიანდეთ.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლო ნდობაზე, როგორ უნდა ენდოს საზოგადოება მოსამართლეს, რომელიც ამბობს, რომ ის არის ლევან მურუსიძე? კოლექტიური მურუსიძეების არსებობა არ აკნინებს სასამართლოს ნდობის ხარისხს?

- გასაგებია, მაგრამ თქვენ ფიქრობ, რომ სასამართლოს პრესტიჟი მარტო მოსამართლეების საქმეა?

ყველას საქმეა, მაგრამ პირველ რიგში - თქვენი, რომ საზოგადოებას ნდობა გაუჩნდეს ქართული სასამართლოს მიმართ...

- რადგან მოსამართლემ თქვა, რომ „მე ვარ მურუსიძე“... ეს გასაგებია, მაგრამ არ მომწონს, როდესაც თვეების განმავლობაში მიდიოდა სასამართლოს დემონიზება. ამიტომ, თუ რამე არ არის მოსაწონი, დავჯდეთ დავილაპარაკოთ, ვისაუბროთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ლანღვა-გინების რეჟიმში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რა დროც არ უნდა გავიდეს, ვერ იპოვით მოსამართლეს რომელიც იტყვის რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვარ, ვინმესთვის თუ მითქვამს კონკრეტულ საქმეზე რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს. არასოდეს მოსამართლის საქმინაობაში არ ჩავრეულვარ. არაფერი არ იმალება, ყველაფრი გამოჩნდება, ძალიან ბევრ რაღაცას მაბრალებენ. სასამართლო ითხოვს პატივისცემას, დიალოგს და სიმშვიდეს.