პოროშენკო ვა-ბანკზე მიდის

პოროშენკო ვა-ბანკზე მიდის

პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. მისი თქმით, კონფლიქტის დაწყების რისკები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე გასულ წელს იყო. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, რუსეთი ბევრ ინვესტიციას დებს ომისთვის მზადებაში. უკრაინის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 8 000 რუსი სამხედრო იმყოფება, საზღვართან კი ახალი რუსული სამხედრო ბაზაა შექმნილი. თავად მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილეობას ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.

ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უკრაინამ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის გეგმა შეიმუშავა. თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტს უკრაინის ხელისუფლება აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ეშტონ კარტერთან განიხილავს, რომლიც კიევში მიმდინარე კვირას ჩავა.

შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად არის და მალე მას ქვეყნის პარლამენტი - უმაღლესი რადა განიხილავს. სავარაუდოდ, უკრაინული კონტინგენტი მოიცავს სადესანტო-საშტურმო ნაწილებს და საზღვაო ქვეითთა რაზმების მებრძოლებს. 1000-მდე უკრაინელი მებრძოლი აშშ-ს სპეციალური დანიშნულების რაზმებთან ერთად იბრძოლებენ. მაღალი ალბათობით უკრაინელი სამხედროები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ერაყის ტერიტორიაზე წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

სირიასა და ერაყში ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართვის საკითხი უკრაინის ხელისუფლებაში შესაძლოა, უთანხმოების მიზეზი გახდეს.

ექსპრეტი, საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ უკრაინის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღნდეგ ბრძოლაში ჩართვა წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და შესაბამისად, თვლის, რომ უკრაინა ასეთ ნაბიჯზე არ წავა.

„არა მგონია, რომ უკრაინა „ილსამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ იქ არის რუსეთი და ვიცით, რა ვითარებაა დღეს ურაინასა და რუსეთს შორის. იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა ამ ნაბიჯზე წავა, აშკარად ეს იქნება წმნიდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ, არა მგონია, რომ პოროშენკომ ეს ნაბჯი გადადგას“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, სოსო ცინცაძე განმარტავს, რომ პოროშენკო ყველანაირად ცდილობს, აუცილებელ და სასარგებლო მოკავშირედ წარმოაჩინოს საკუთარი თავი, პირველ რიგში კი - ვაშინგტონის თვალში. ცინცაძე ვარაუდობს, რომ თუ, სანაცვლოდ პოროშენკო მიიღებს გარანტიას, რომ მისი საზღვრები დაცული იქნება, ასეთ შემთხვევაში უკრაინა სავარაუდოდ 10-დან 20 ათასამდე სამხედროს გაგზავნის სირიაში.

„პოროშენკო ითხოვს გარანტიას. მე გავგზავნი ჩემს ცოცხალ ძალას, ოღონდ თქვენ მომეცით გარანტია, რომ იმოქმედებთ რუსეთზე, რომ არ შემოიჭრას უკაინის ტერიტორიაზე. ობამა ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელიც მომდევნო პრეზიდენტს გაურთულებს საქმიანობას, მაგრამ უკრაინას გარანტიებს აუცილებლად მისცემს.

ფაქტია, რომ პოროშენკო ვა-ბანკზე მიდის, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე რთულია საუბარი, რადგანაც ეს მხოლოდ მონახაზია, რომლის მატერიალიზაციას დიდი წინააღმდეგობა დახვდება წინ. თუმცა, აქტიურად მიდის საუბარი, რომ უკრაინა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვას გეგმავს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, უკრაინა ცდილობს დაინტერესება გამოიწვიოს დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მხრიდან, განსაკუთრებით კი აშშ-ის მხრიდან, რომელიც დიდ დახმარებას უწევს უკრაინას თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მისი განვითარების კუთხით.

„ამიტომ, სავსებით ბუნებრივი გადაწყვეტილებაა. თუმცა, არ გამოვრიცხავ და არის ასეთი მოსაზრება, რომ უკრაინის ეს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რასაც ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ. ვითარება იძაბება რუსეთსა და ამერიკას შორის, ასევე რუსეთსა და თურქეთს შორის. იცით, რომ აშშ-მა და თურქეთმა სამხედრო სფეროში სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს უკრაინასთან. დღეს, რუსეთისა და თურქეთის აკადემურ წრეებში სერიოზულად განიხილება სამხედრო კონფლიქტის სცენარები და ერთ-ერთ სცენარად განიხილება სწორედ სირია. შეიძლება სირიის ფრონტზე მოხდეს რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირება შეიარაღებული კონფლიქტის სახით, სადაც ბუნებრივია, რომ განზე ვერ დადგებიან სტრატეგიული მოკავშირეები“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.