„გონებრივი სისუსტის“ და „მსუბუქი დებილობის“ ნაცვლად, მარგველაშვილს მსუბუქ ფორმას - „ინფანტილიზმს“ ვთავაზობ“

„გონებრივი სისუსტის“ და „მსუბუქი დებილობის“ ნაცვლად, მარგველაშვილს მსუბუქ ფორმას - „ინფანტილიზმს“ ვთავაზობ“

„თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას“, - პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი გამოთქმული ამ სიტყვების შემდეგ გოგი თოფაძეს ბოდიშის მოხდა მოუწია. თუმცა საზოგადოების ნაწილმა მისი მხრიდან სიტყვა „დაუნის“ ხსენება კონკრეტული ადამიანების დისკრიმინაციად აღიქვა და საპროტესტო აქციაც გაუმართა გოგი თოფაძეს.

საქმე ისაა, რომ 2001 წელს ჟურნალმა „დრო მშვიდობისა“ გამოაქვეყნა გიორგი მარგველაშვილის მცირე ფილოსოფიური ნაშრომი „ნიჩურტა!-მე ქართველი ვარ“, რომელშიც იმხანად ფილოსოფოსი მარგველაშვილი ქართველი ერის მანკიერ თვისებებზე წერდა.

„დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია - გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით - ანუ ფაქტიურად მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ ფორმამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა“.

აქვე გიორგი მარგველაშვილი განმარტავდა, „რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება“; „ჩვენი სახელმწიფო პამპულაობის თამაშსა ჰგავს, თუ წაგართვეს ბურთი - შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართმევ - სხვა, მაგრამ ბურთი არსად არ მიდის“.

მარგველაშვილის მსგავსად, ქართველი ერისთვის ბევრს დაუსვამს „დიაგნოზი“. ერთ-ერთი ასეთი სოციოლოგი ემზარ ჯგერენაიაც იყო, რომელსაც ქართველები ქართვლის დედის შეურაცხყოფასა და ქართული სუფრის ადათის გაშარჟებაში ადანაშაულებდნენ. იყვნენ სხვა ავტორებიც, რომლებიც ხან თამარის სარეცელს გადასწვდებოდნენ, ხანაც-ქართველთა ღირებულ თვისებებს აბუჩად იგდებდნენ.

ილიას „ბედნიერი ერისა“ („ყველა ყრუი, ყველა ცრუი“...) და აკაკის „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო“-ს შემდეგ ქართველი ერის დამამცირებელი „დიაგნოზი“, ალბათ, არავის უნდა გაკვირვებოდა, მაგრამ ერთიცაა, ილიასა და აკაკის ამის თქმის უფლება ჰქონდათ, განსხვავებით, მომდევნო თაობისგან.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში ქართველი ერის გიორგი მარგველაშვილისეულ დახასიათებას ინტელექტუალის პირად მოსაზრებად მიიჩნევს, რომელიც მისთვისაც საინტერესოა, თუმცა ტერმინების „გონებრივი სისუსტის“ და „მსუბუქი დებილობის ფორმის“ ნაცვლად, გიორგი მარგველაშვილს უფრო მსუბუქ ფორმას- „ინფანტილიზმს“ სთავაზობს.

„მართლაც, ჩვენ უზომოდ გავერთეთ წარსულის ჰიპერბოლიზაციით. ეს კომუნისტური წყობიდან მოდის. ქვეყანა მაშინ იწყებს წარსულზე მითების შექმნას, როდესაც რეალობა სავალალოა და რაღაცით უნდა გაამართლოს, რომ დღეს ასეთები კი ვართ, მაგრამ „ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო“, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მარგველაშვილს ბევრ რამეში ვეთანხმები, რადგან ქართველი ხალხის ფსიქიკური განვითარება შეჩერდა, ამის მიზეზია არასწორი განათლება. ჩვენში განათლება არ არის. გოგი თოფაძეს ნახევარი საუკუნეა, ვიცნობ და ვიცი მაგის შეხედულებები, მაგრამ ასეთ არასწორ აღზრდას, მშობლებისა და შვილების ასეთ დამოკიდებულებას იშვიათად სადმე თუ ნახავთ, როგორც საქართველოში. 15 წელი ვიყავი დიპლომატიური აკადემიის რექტორი და ვხედავდი, მოდიოდა მშობელი, მოჰყავდა 22-23 წლის ლომივით მუტრუკი და ამბობდა, ბავშვიო. 30 წლის ადამიანი მშობლისთვის კიდევ ბავშვია საქართველოში.

ამერიკაში 16-17 წლის გოგო ან ბიჭი სახლიდან მიდის და სულ სხვა ქალაქში იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. ჩვენთან ეს წარმოუდგენელია, ეს იწვევს ერის დაჩლუნგებას. ჩვენში კატასტროფული ფორმები მიიღო ნეპოტიზმმა, გოგი თოფაძე რომ დაუნს ახსენებს, მაშინ უთხრას თავის კოლეგას, ზურაბ ტყემალაძეს, შენი შვილი რომ დანიშნე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ და გადაფოფრებული ხარ, როგორც კრუხი წიწილას, რა დამსახურებით? დამოუკიდებლად მიიღო მან ეს თანამდებობა? შევარდნაძის დროს გაირკვა, რომ მთელ მის ახლობლობას სოროსის გენი აღმოაჩნდა? თუმცა მარგველაშვილს გამოხატვის ფორმაში არ ვეთანხმები. ეს უკვე „ჯიპას“ ხელწერაა -„დებილი“, „გონებრივად სუსტი“. ასე, ემზარ ჯგერენაია ყველა ზომას გადავიდა, ქართველ დედას ხელში რაღაც უჭირავსო და ქართველი მამაკაცები სადღეგრძელოს რომ ეუბნებიან, სექსი უნდათ ერთმანეთთანო“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ და განმარტა, რომ ასეთი თვითგვემის სინდრომი ხშირად მაზოხიზმში გადადის.

აქვს თუ არა მარგველაშვილს ამის თქმის უფლება ქართველი ერის მიმართ, ამ საკითხთან დაკავშირებით სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, აქვს ამის უფლება, რადგან იგი, როგორც ჭკვიანი ადამიანი, მშვენივრად ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი. ეს მასში თვითკრიტიკულ განწყობას ქმნის, რადგან ის ქართველ ხალხს არ აურჩევია, ამიტომ მარგველაშვილს ვერ ექნება პატივისცემა იმ ხალხისადმი, რომელმაც ის სხვისი მითითებით აირჩია.

„დიდი ხანია, არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებ, ეს არის ჩემი პასიური პროტესტი. კომუნისტების წასვლის შემდეგ რომელი იყო სწორი არჩევანი? სუყველას 90%-ით ვირჩევდით, მერე ზოგი თოფითა და სამოქალაქო ომით გავყარეთ, ზოგი „დიდი ფულის“ მოსვლის შემდეგ 90%-ით გავაგდეთ და ახლა, ივანიშვილი საფრანგეთში რომ წავიდეს და თქვას, რვა თვე არ ჩამოვალო, „ოცნება“ მის გარეშე 90%-ით დამარცხდება და ვინ მოვა, კიდევ საკითხავია. თუმცა მკვეთრი თვითგვემა, თითქოს ქართველი ერი დებილია, არ შეიძლება.

სხვათა შორის, არც მე ვარ გამონაკლისი, ჩემი შვილი 35 წლისაა და ღამის 12 საათზე თუ არ მოვიდა სახლში, ვერ ვიძინებ. ეს მისთვისაც ცუდია და ჩემთვისაც, მაგრამ ასეთები ვართ და ეს არ ნიშნავს, რომ ჩამოსაწერი ხალხი ვართ“.

ფილოსოფოსი ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მარგველაშვილის „შრომები“ ახასიათებს თავად მარგველაშვილის პიროვნებას და მარგველაშვილის პიროვნებაზე ლაპარაკი უნდა იყოს მაშინ, როდესაც მას ირჩევენ პრეზიდენტად. ფილოსოფოსის აზრით, გოგი თოფაძეს სრული უფლება ჰქონდა, საკუთარი აზრი გამოეთქვა მარგველაშვილის სულელური ციტატების შესახებ. უფრო მეტიც, ყველას აქვს უფლება, პრეზიდენტის პიროვნება განიხილოს ნებისმიერ რაკურსში.

„ის რომ, თითქოს ქართველი ერი თავის გონებრივ სისუსტეს, მსუბუქ დებილობას ვერ შველის, ეს სულელური ციტატებია. ქართველ ერს არ აქვს ასეთი დიაგნოზი. რას ემსახურება ქართველი ერის დაკნინება? ჩვენ გვაქვს აუარება მორალური ტრავმა, ურიცხვი სოციალური ტრავმა, უამრავი ფაქტორია ჩვენი დამახინჯებისა და გათახსირების. მაგალითად, კომუნისტების მმართველობის უკანასკნელი 40 წლის მანძილზე განათლება იყო მთლიანად დამყარებული ქრთამებზე. შემდეგ სააკაშვილმა, როგორც დივერსანტმა და ნაძირალამ, განათლება საერთოდ დაანგრია. ახლა ჩვენ განათლების გარეშე, მედიცინის გარეშე ვცხოვრობთ, ამას დიდი ტრავმა მოსდევს, მაგრამ მარგველაშვილის მსჯელობა მე პირადად მიმაჩნია ძალიან ზერელე და ცუდ სიმპტომად ფილოსოფოსის ხარისხის დახასიათებისთვის. ქართველი „ფილოსოფოსების“ მხრიდან გარკვეულ წრეებში ქართველი ერის დაკნინება ერთგვარი მოდაა. ეს ახლაც მოდაა, განსაკუთრებით, - გრანტიჭამიების მოდა. ასევე წერდა ემზარ ჯგერენაია, რომელიც უბრალოდ სულელი და არასრულფასოვანია. ძალიან კარგი გოგონა ჰყავს, მაგრამ თვითონ სულელია. რომელი არის ფილოსოფოსი? არც ერთი მათგანი არ არის ფილოსოფოსი, ვინ ანიჭებს ამ სტატუსს? უბრალოდ, დიპლომი აქვთ ფილოსოფოსის.

საქართველოს სახელმწიფოს პრობლემაა ის, რომ სამი თაობა-შევარდნაძე, სააკაშვილი და დღევანდელები რუსული აგენტურაა“, - აღნიშნა ნოდარ ნათაძემ.

რაც შეეხება ქართველი ერის მისიას, ნოდარ ნათაძე ამბობს, რომ ერის უპირველესი მისიაა, იარსებოს, როგორც ერმა, ჰქონდეს სახელმწიფო, თავისი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის განვითარებაში. ამის იქით მისია არც არსებობს, დანარჩენი არის ფანტაზია.

ნოდარ ნათაძის თქმით, ჰეგელს ჰქონდა ერების კლასიფიკაცია-მსოფლიო ისტორიულ ერებად და დანარჩენებად. მსოფლიო ისტორიული ერია ის, ვინც კაცობრიობას შესთავაზა არსებობის რაღაც ახალი ფორმა, შეიძლება ეს ყოფილიყო კულტურის მქონე ერი და შეიძლება ყოფილიყო ბარბაროსი ერი, როგორც მონღოლები, რომელიც ჰეგელმა მსოფლიო ისტორიულ ერად მიიჩნია, თუმცა მონღოლებს ბარბაროსობის გარდა პოზიტივი არაფერი გაუკეთებიათ. ქართველმა ერმა კი მსოფლიოს შესძინა უზარმაზარი ლიტერატურა, ჰუმანიტარული კულტურა, გენიალური ხალხური კულტურა, ღირსების უზარმაზარი კოდექსი, საუცხოო არქიტექტურა, ხალხური მუსიკა და სარეკორდო საბრძოლო გამარჯვებები. ამდენად, რუსთაველი, ბარათაშვილი და ვაჟა-ფშაველა ხელწამოსაკრავი არ არის.

ჩვენ დავუკავშირდით სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას, რომლის ხედვებიც ქართველი ერის შესახებ, ასევე, საკამათო გახდა, თუმცა მან განმარტა, რომ მარგველაშვილის სტატიას არ გასცნობია და ამის შესახებ ვერაფერს იტყოდა.