„თავისუფალი დემოკრატები“ გამოდიან ინიციატივით, რომ კრიზისების მართვის საბჭო, ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი ნაწილი გახდეს. ვიქტორ დოლიძეს მიაჩნია, რომ უშიშროების საბჭო უნდა იყოს უფრო ეფექტური, მობილური და იმ საფრთხეებზე მეტი რეაგირება უნდა გააკეთოს, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს.
„შეიქმნა ახალი პარალელური სტრუქტურა ე.წ. კრიზისების მართვის საბჭო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა იყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი ნაწილი. ამ აზრზე ვართ არა მხოლოდ ჩვენ - ამ საკითხზე მიღებული გვაქვს არაერთი რეკომენდაცია, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ დონეზე, არაერთი რჩევა გვაქვს მიღებული ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან“, -აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას მხარს არ უჭერს უმრავლესობა. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, კრიზისების მართვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოების გაერთიანება მართებული არ იქნება, რადგან ერთი პრეზიდენტის, მეორე კი პრემიერ-მინისტრის სტრუქტურას წარმოადგენს.
„ამ ორი სტრუქტურის გაერთიანება იდეაშიც კი არ იქნება მართებული. ეს არის ორი საყრდენი სტრუქტურა - ერთი პრეზიდენტის, მეორე კი პრემიერ-მინისტრის. გარდა ამისა, ერთსაც და მეორესაც კონკრეტული და გაწერილი ფუნქციები აქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
უკვე ცნობილია, რომ კრიზისებისა და უშიშროების საბჭოების გაერთიანებას და პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ მოქცევას, მხარს არ დაუჭერს მთავრობა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ საკითხზე მთავრობის ყველა წევრს ერთი პოზიცია აქვს.
„მე გამოვხატავ ერთი მინისტრის და მთლიანად მთავრობის პოზიციას - ჩვენ ერთსულოვანი პოზიცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას, რომელიც არის ძალიან ბევრი ტვირთის, პასუხისმგებლობის მატარებელი კოლეგიური მართვის ორგანო, სჭირდება მართვის ინსტრუმენტები.
მას უნდა ჰქონდეს ცალკე კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობის წინაშე ვალდებულებები შეასრულოს. ასე რომ, ამ საბჭოების გაერთიანებას და პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ მოქცევას მთავრობა მხარს არ დაუჭერს და ამ მაგალითისთვის გამოდგება სტიქია, რომელიც თბილისში რამდენიმე თვის წინ მოხდა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში გაერთიანებას მხრას არ უჭერს თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ეს ორი სტრუქტურა არ უნდა გაერთიანდეს.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი ინიციატივაა, თუმცა ბუნებრივია, ნებისმიერი წინადადება განხილვას ექვემდებარება და შეგვიძლია ვისმჯელოთ. თავისთავად, ქვეყნის ახალი კონსტიტუციური წესრიგი ამ საკითხზე ძალიან ნათელ პასუხებს იძლევა. ქვეყანას ჰყავს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის მეთაურიც აღარ არის პრეზიდენტი, შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს კრიზისის დროს, მისი ეფექტური და სწრაფი მართვის ბერკეტი უნდა ჰქონდეს. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ კანონმდებლობაში რამე დასახვეწია, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმურია და შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ამ ორი საბჭოს არსებობა აბსოლუტურად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე განმარტებით, მაგალითისთვის საომარი მოქმედებების დროს უშიშროების საბჭო იკრიბება და მსჯელობს, ხოლო 13 ივნისის მსგავსი მოვლენების დროს კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო.
„არსებობს საომარი მდგომარეობა, როცა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი იწყებს მუშაობას საფრთხეებზე და ამ საკითხებზე მუშაობს ეროვნული საბჭო, მაგრამ არსებობს კრიზისები, მაგალითად 13 ივნისის მსგავსი, რომელიც იმედია აღარ განმეორდება -ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკისრება. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს უნდა ჰქონდეს საშუალება მართოს ეს კრიზისი. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს საბჭო“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს, რადგან ეს არის ზედმეტი რგოლი.
„რეალურად ეს არის დუბლირებული სისტემა. კრიზისების მართვის საბჭო შეიქმნა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლების ორი უმაღლესი თანამდებობის პირი, პრეზიდენტი და მთავრობა ერთმანეთს ანგარიშსს არ უწევდნენ. გარდა იმისა, რომ ჰყავთ აპარატის თანამშრომლები, რომლებსაც ბიუჯეტიდან უხდიან ხელფასს, სხვა არანაირი სიკეთის მომტანი ეს სტრუქტურა არ არის. ამიტომ, ეს საკითხი კონცეპტუალურად უნდა გადაწყდეს. ანუ, ისევ კონსტიტუციამდე უნდა მივიდეთ.
არსებობს უშიშროების საბჭო, რომელსაც გაცილებით უფრო ფართო უფლებები აქვს, ვიდრე ამ კრიზისების მართვის საბჭოს. ბუნებრივია, რომ ყველა ის საკითხი, რომელსაც კრიზისების მართვის საბჭო განიხილავს, თავისუფლად შეუძლია განიხილოს და გადაწყვიტოს პრეზიდენტს დაქვემდებარებულმა უშიშროების საბჭომ. თუ სახელმწიფოებრივად მივუდგებით საკითხს, საკამათო არაფერია. ახლა, როდესაც სიტუაცია მეტნაკლებად დარეგულირდა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, მგონია, რომ ყველაფერი უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ვითარებას. მე მგონია, რომ კრიზისების მართვის საბჭო ზედმეტი რგოლია“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს, რადგან ეს არის აბსოლუტურად მოგონილი ინსტიტუტი, რომელიც თავისი პერსონალური კომპეტენციით ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.
„კრიზისების მართვის საბჭოს შექმნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირადი გადაწყვეტილებაა. დავივიწყოთ, გადავშალოთ ეს ფურცელი, წავიდა პრემიერი, რომლის პირადი გადაწყვეტილება იყო ამ რგოლის შექმნა. უბრალოდ გავაუქმოთ. ახლა უშიშროების საბჭო რა ფორმატში იმუშავებს, რა დეპარტამენტები ექნება, ეს ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ უშიშროების საბჭო არის კონსტიტუციური ორგანო, მისი ლეგიტიმაცია არის მაღალი, რაც გამოჩნდა კიდეც.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ კრიზისების მართვის საბჭო უბრალოდ უნდა გაუქმდეს, ეს იყო მოგონილი ინსტიტუტი გარკვეეული მიზნებით. უშიშროების საბჭოს ეს მიმართულება ისედაც აქვს და თუ მას სჭირდება ამ ტიპის დეპარტამენტი, შექმნის უშიშროების საბჭოს შიგნით. ეს უნდა გაუქმდეს ფაქტია“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
როგორც ცნობილია, 2014 წლის 6 იანვარის მთავრობის N 38 დადგენილების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. უშიშროების საბჭოს ალტერნატიული სტრუქტურას ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს. ჯანელიძეს მოადგილეებად კი, გიორგი ზედელაშვილი და ალექსანდრე ჭიკაიძე დაინიშნენ.