შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის თხოვნა-მოთხოვნის მიუხედავად, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შესაძლოა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი არ დააყენონ.
ალეკო ელისაშვილი კომისიის შექმნის მიზნით, ფრაქცია „თავისუფალ დემოკარტებს“ შეხვდა და მათ გარკვეული სახის ინფორმაციაც მიაწოდა, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, კომისიის შექმნის საკითხზე ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. ფრაქციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გაატარებენ, რაც მათ პოლიტიკურ გეგმებში არ შედის.
იმ შემთხვევაში, თუკი, „თავისუფალი დემოკრატები“ კომისიის შექმნის საკითხს დააყენებენ, უმრავლესობის პოლიტიკური ნების გარშე კომისია ვერ შეიქმნება, რადგან საბოლოო ჯამში, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.
ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ „ოცნებაში“ პასუხისმგებლობის მქონე დეპუტატები ჯერ კიდევ დარჩნენ, რომლებიც კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ, რადგან “ყველა ბესელია-კობახიძე-მეჭიაურის ჭკუაზე არ დადის”.
როგორც for.ge-ს ელისაშვილმა განუცხადა, „თავისუფალი დემოკრატები“ დღის წესრიგში კომისიის შექმნის საკითხს უახლოეს მომავალში დააყენებენ. თუმცა, მანამდე, ისინი ერთმანეთში რამდენიმე მასალას გაცვლიან. მისი თქმით, თუკი კომისია შეიქმნება, ის წყაროს დაასახელებს.
„პროკურატურას წყაროს მხოლოდ იმიტომ არ ვუსახელებ, რომ მათ არ ვენდობი. მათი მიზანია, საქმის ჩაფარცხვა და ამას ის ადასტურებს, რომ ბესელია საპროკურორო საბჭოს წევრია და პროკურატურა ხმას არ იღებს. უმრავლესობისთვისაა კარგი, რომ გაირკვეს, მე ფანტაზიორი ვარ და სიზმრები მაქვს, თუ ჩემს მიერ მოყვანილი საკითხები ფაქტებს ეყრდნობა?! კომისია რომ შეიქმნება, იმ თანამდებობის პირს და ყველა გარემოებას დავასახელებ, რომელზეც ამ ადამიანმა მესაუბრა. მოწმე რომ დავასახელო, ამ ადამიანს ცხრაკლიტულში დაიბარებენ, მასზე ზეწოლას მოახდენენ და ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენ. როცა კამერები იქნება და დეპუტატები იქნებიან, მას ამ ფაქტების დაყენება გაუჭირდება“, - განაცხადა ელისაშვილმა, რომელიც არასერიოზულად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეთავაზებას დებატების გამართვის თაობაზე.
ელისაშვილი თვლის, რომ გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების შედეგების გარჩევა სასამართლოში მიმდინარეობს და არა დებატების ფორმატში.
„მაშინ, სასამართლო გავაუქმოთ და ნებისმიერ საქმეზე დებატები მოვაწყოთ და ვინც უფრო მაგრად იდებატებს, ის დავიჭიროთ, ან - პირიქით. ეკა ბესელიას ჰკითხეთ, მას ჩემთან რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონდა თუ არა?!“, - დასძინა ელისაშვილმა, რომლის საპასუხოდ, ეკა ბესელია აცხდებს, რომ მასთან არანაირი სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.
for.ge-სთან საუბარში ბესელია აცხადებს, რომ ელისაშვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
დეპუტატის განცხადებით, მას ელისაშვილის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება უჭირს, რადგან მისი აბსურდულობა და ვერაგობა ყველა ზღვარს სცილდება.
„როდემდე შეიძლება, რომ საზოგადოებამ ასეთი მდარე ხარისხის ტყუილები ისმინოს და ელისაშვილმა ეს სიცრუის სერიალი გაახანგძლივოს? რამდენი თვე გავიდა და მან ერთი კონკრეტული ფაქტი დაასახელა? წმინდანია, რომ მის განცხადებებს ვენდოთ? გამბედაობა არ ეყო, რომ დებატებს დათანხმდეს. ამ ადამიანს რა სჯერა, არ მაინტერესებს, მატყუარა, იაფფასიანი ადამიანია, რომელსაც ანგარება ამოძრავებს. მისი სიცრუე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან ცრუ დასმენა დანაშაულია. საზოგადოება როდემდე უნდა ატყუოს?“, - აცხადებს ბესელია.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ელისაშვილს ისე გაუჭირდა, რომ ანასტასია ზაუტაშვილთან შედის და მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მისთვის სასურველი ადვოკატი აუყვანოს.
„მას მირიან ნიკოლაძე არ მოსწონს და ისეთის შერჩევა უნდა, რომელიც მის ტყუილებს გააჟღერებს. როგორც განაცხადა, თბილისის მერობა სურს და ჰგონია, რომ იაფფასიანი ტყუილებით ამას მიაღწევს. რა მოტივი ამოძრავებს, ანგარება თუ სხვა რაღაც, ეს გამოძიების საგანია. ფაქტია, რომ ეს ადამიანი მატყუარაა და ვაპირებ, რომ მას ბოლომდე მივყვე. მას სათქმელი არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ მოგვიყვეს, ეს გეგმა ვისთან ერთად მოამზადა“, - აღნიშნავს ბესელია.
რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ განწყობებს, for.ge-სთან საუბარში ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ კომისია უნდა შეიქმნას, რადგან ეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეხება და პროკურატურის გამოძიება არაფექტურია.
დეპუტატის ცნობით, მისმა ფრაქციამ ელისაშვილისგან მნიშნელოვანი ინფორმაციები მიიღო, მასთან მჭიდრო ურთიერთობა იქნება და კომისიის მიზანშეწონილობის საკითხი ერთობლივად მომზადდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ წესიერი ადამიანები უმავლესობაშიც არიან, რომლებიც ვინმეს მხარეს კი არ არიან, არამედ მიუკერძოვებელი და გამჭვირვალე გამოძიების მხარეს არიან. პარლამენტის ღირსების საკითხია, რომ ასეთი კომისია შეიქმნას. პარლამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ზედამხედველობა, რომელსაც პარლამენტი ვერ და არ ასრულებს. ეს საკითხი ამნისტიას არ ეხება. ესაა შეწყალების კომისიაზე შესაძლო ზეწოლის საქმე“, - განაცხადა გოგუაძემ. ზურაბ აბაშიძე კი ვერ აკონკრეტებს, რა და როგორ მოხდება.
როგორც for.ge-ს აბაშიძემ განუცხადა, მისი ფრაქცია ელისაშვილთან ურთიერთობას გააგრძელებს. დეპუტატი განმარტავს, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებასა და შეწყალების კომისიას არანაირი კავშირი არ აქვს.
„ეს ეხება ე.წ. კოკაინის საქმეს. პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესებში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ. ხელისუფლებაში რომ ვიყო, ჩავთვლიდი, რომ მართალი ვარ, ამ კომისიის შექმნას პირველი მოვითხოვდი და ეჭვებს გავაქარწყელებდი“, - დასძენს აბაშიძე.
თუკი „თავისუფალი დემოკრატები“ პოზიციებს შეათანხმებენ, მათ ამ წინადადების დაყენება უახლოეს მომავალში მოუწევთ, რადგან პარლამენტს საქმიანობისთვის ერთი სესია დარჩა, განსახილველი საკითხების ნუსხა კი ვრცელია.