ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე თითქმის ყოველ სამ თვეში, სკანდალური განცხადების ავტორი ხდება. ჯერ იყო სტალინი, შემდეგ „რუსთავი 2“ და ახლა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი და ჟურნალ „დრო მშვიდობა“-ში მის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომი - „ნიჩურტა! მე ქართველი ვარ“ თოფაძემ აღნიშნული ნაშრომი „მოქექა“ და ქვეყნის პირველი პირი საკუთარი ერის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
საზოგადოების ნაწილი გოგი თოფაძეს პარლამენტის დატოვებას სთხოვს, დეპუტატის პასუხს კი, for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც მასთან ჩავწერეთ:
პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტი გააკრიტიკეთ და განაცხადეთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი „დაუნებს“ შეადარა და თუკი ის ასე ფიქრობს, მას საქართველოს პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრა. თქვენს გამოსვლას საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ განცხადების გაკეთების დრო და ადგილი სწორად შეარჩიეთ?
- რომელ საზოგადოებაზე საუბრობთ? - ამ გამოსვლის შემდეგ, ძალიან ბევრმა ადამიანმა დამირეკა, გამოსვლა მომიწონა და მომილოცა. როგორ ჩანს, საზოგადოების ნაწილმა ჩემი გამოსვლის შინაარსი სწორად გაიგო. გამოსვლისას პრეზიდენტზე ბევრი დადებითი ვთქვი, რადგან მან ეკონომიკური რეფორმები კარგად შეაფასა. რაზეც გავაკრიტიკე, იმას არ ვმალავ და კიდევ ვიტყვი. ოთხ პუნქტს დაგისახელებთ, სადაც მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი მართალი არ იყო. არავის ვერიდები და ყოველთვის იმას ვლაპარაკობ, რაც სწორად და ჩემი ერისთვის მისაღებად მიმაჩნია. როდესაც მარგველაშვილი ავირჩიეთ, მან მკაფიოდ განაცხადა, რომ იმ სასახლეში არ შევიდოდა, სადაც სააკაშვილი იყო. პრეზიდენტი პირველი პირი იმიტომ არის, რომ საკუთარ ნათქვამს მისი შესრულება უნდა ახლდეს. დაუშვებელია, ასეთი კატეგორიული განცხადების გაკეთება, შემდეგ კი იმ სასახლეში ყოფნა და ხარჯების გაწევა. რაც მთავარია, ამ განცხადებით პრეზიდენტის ავტორიტეტი დაეცა.
ამას გარდა, პრეზიდენტი ქვეყნის იმიჯსა და მის ავტორიტეტზე უნდა ზრუნავდეს. როცა ვიზიტების თაობაზე დავა დაიწყო, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის შეუთანხმებლობამ ქვეყნის იმიჯზე ცუდად იმოქმედა. ამ უთანხმოებაში შეიძლება, ორივე მხარის დანაშუალი ჩანდეს, მაგრამ პრეზიდენტი ქვეყნის იმიჯზე უნდა ფიქრობდეს. მას პირველი შემთხვევის შემდეგ ყველა ზომა უნდა მიეღო, რომ ასეთი პროცესი არ წარმართულიყო.
ასევე ვიტყვი, რომ ქართველი ხალხის გამოკვეთილი თვისება - მისი მადლიერებაა და მასში ეს თვისება ვერ დავინახე. ის პრეზიდენტი როგორ გახდა? - დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას არ ელოდა. ის ამ პოსტზე კოალიციამ გაიყვანა და ასე უცებ, ოპოზიციაში ჩადგა.
მადლიერებაში რას გულისხმობთ? პრეზიდენტს რა უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა?
- ვინც გაგიყვანა, ვინც დაგეხმარა და ამხელა თანამდებობა მოგცა, უნდა გაგეთვალისწინებინა.
ჩემი ის განცხადება სკანდალური გახდა, სადაც პრეზიდენტის შეფასება მოვიყვანე ქართველი ხალხის გონებრივი პოტენციალის თაობაზე. სამწუხაროდ, ხშირად უცხოეთში ვარ და ეს ნაშრომი ადრე არ მინახავს. როგორც ფრაქციის ხელმღძვანელი ვალდებული ვიყავი გამოვსულიყავი, ამიტომ მისი ნაშრომი ვნახე და გაოცებული დავრჩი. მისი სტატია ირონიულია, რომელიც ქართველი ხალხის არასამართლიანი შეფასებაა და ეს ჩემთვის ძალიან ძნელად გადასატანი იყო. მის ნაშრომში წერია, რომ ქართველები დაჩლუნგებული გონებით არიან, დებილობის ფორმით. არ შეიძლება, პრეზიდენტმა საკუთარი ხალხის მიმართ ასე ილაპარაკოს. თუკი მას ეს ნათქვამი ჰქონდა, როცა პრეზიდენტად ავირჩიეთ, ეს ხომ არ დაიმალებოდა? - ის უნდა გამოთქმულიყო და ეთქვა, რაღაც სწორად არ ვთქვიო.
ეს სტატია ახლა ნახეთ და არა მაშინ, როცა კანდიდატად წარადგინეთ?
- მე რომ მენახა, ჩემს აზრს დავაფიქსირებდი. რა მოხდებოდა, არ ვიცი, მაგრამ ვიტყოდი, რომ კაცს, რომელსაც თავისი ერი ასე სძულს, პრეზიდენტი არ უნდა ყოფილიყო.
გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოსია და როგორც ჩანს, ქართველს ერს ფილოსოფიურად უყურებს...
- ერთი რომელიმე ცნობილი ფილოსოფოსი დამისახელეთ, რომელიც თავის ხალხს ასე გამეტებით წირავს. ქართველები გონებრივი პოტენციალის ხალხია და ამ ორომტრიალში ამიტომ გადავრჩით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ერი ამას ვერ მოახერხებდა. ვერავის დავეთანხმები, რომელიც ქართველებს ასე გალანძღავს.
თქვენი განცხადება მინისტრებმა, უმრავლესობის წევრებმა დაგმეს და მიიჩნიეს, რომ თქვენ არაკორექტული განცხადება გააკეთეთ. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს თანამშრომლობა შესთავაზა და ამისთვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს. შესაბამისად, არ ფიქრობთ, რომ თქვენი ეს განცხადება კონტექსტიდან ამოგდებულია?
- მე ჩემი აზრი მაქვს. უმრავლესობაში შეიძლება, რომ ყველას სხვადასხვა აზრი ჰქონდეს, რაც დემოკრატიაა. ვხედავ, რა ზარები შემოდის და ხალხი რას მეუბნება.
ანუ, თქვენს საქციელს გიწონებენ?
- ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს. ძალიან ბევრ ადამიანს ეს სტატია წაკითხული არ ჰქონდა და მეუბნებიან, წავიკითხეთ, ეს რა ყოფილაო. შეიძლება, ზოგიერთებმა გამაკრიტიკეს, მაგრამ პრეზიდენტმა უნდა განმარტოს, ქართველი ხალხი ასე რატომ დაამცირა. გამოვიდეს და თქვას, რა ხედვა ჰქონდა. დაუშვებელია, ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი ხალხი ასე ლანძღოს.
თქვენ ამბობთ, რომ მარგველაშვილის ეს ნაშრომი თქვენთვის მიუღებელია. ამასთანავე, აცხადებთ, რომ ეს სტატია არ გინახავთ და მხოლოდ იმიტომ მოიძიეთ, რომ როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მომზადებული გამოსულიყავით. ამ გამოსვლისთვის თუ ასე მოემზადეთ და სტატია მოძებნეთ, ეს ადამიანი საპრეზიდენტო კანდიდატად რომ დააყენეთ, მის თაობაზე მეტი ინფორმაცია მაშინ რატომ არ მოიძიეთ?
- როცა გამოსვლა დამევალა, რაღაცეები ამოვქექე, რადგან მისი ქმედებებით აღტაცებული არ ვიყავი. რაც შეეხება კანდიდატად წარდგენას, კოალიციაში ძალიან ბევრი ადამიანი ვიყავით, როცა ეს ახალგაზრდა, განათლებული კაცი მოიყვანეს და სააკაშვილის შემდეგ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველა ანგელოზად მოგეჩვენება. ერთი თვე არ იყო გასული, როცა ვიგრძენით, რომ ეს კაცი ცოტა ... ქართველ ხალხს ბოდიში თავად უნდა მოუხადოს.
მამარდაშვილი ფილოსოფოსი იყო, რომელსაც ბევრი აზრი ჰქონდა, მაგრამ ის პატრიოტი იყო და მას საკუთარ ხალხზე ცუდი ვერავინ ათქმევინა.
ამ ნაშრომის გამო, პრეზიდენტი პატრიოტი არ არის?
- ამას საკუთარ ერზე რომ ამბობ, ძალიან მეეჭვება, რომ შენი ერი გიყვარს. მას ჩემს თვალში ავტორიტეტი აღარ აქვს.
პარლამენტის ტრიბუნიდან, სხვადასხვა დროს, პრეზიდენტი გაკრიტიკებული ჰყავს უმრავლესობის სხვა წევრებსაც. თქვენი წახალისება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტის ცუდმა ურთიერთობამ ხომ არ განაპირობა?
- პირიქით. როგორც ვიცი, ივანიშვილმა ჩემი გამოსვლა გააკრიტიკა. მე ჩემი აზრი მაქვს და ასე ვარ 20 წელია, რაც პოლიტიკაში ვარ. შეიძლება, ჩემი აზრი ვინმემ არ გაითვალისწინოს, მაგრამ ვიცი, ჩემი აზრი ქართველი პატრიოტებისთვის რამდენად მისაღებია.
რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, თქვენ სიტყვა - „დაუნი“ გამოიყენეთ, რის გამოც, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების ნაწილი თქვენგან ბოდიშის მოხდას და პარლამენტიდან თქვენს წასვლას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ თქვენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენეთ...
- არსად წასვლას არ ვაპირებ, ეს ჩემი გადასაწყვეტია. დაუნის სინდრომი რას ჰქვია? - დაუნი უფრო კარგი შეფასებაა, ვიდრე დებილი, რომელსაც მარგველაშვილი გვადარებს. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ საკუთარ ხალხს დებილს უწოდებ, ეს მიუღებელია. შეიძლება, ეს ვიღაცას არ მოეწონა, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს. არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია და, თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი. საქველმოქმედო ფონდი მქონდა და ძალიან ბევრი ბავშვი სამკურნალოდ გაგზავნილიც მყავდა.
თქვენ თქვით, რომ პარლამენტს მას შემდეგ დატოვებდით, რაც გენმოდიფიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო მიიღებდა. რას აპირებთ?
- მე ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი ამ კანონპროექტს მიიღებს, შემდეგ გადავწყვეტ, რა გავაკეთო-თქო. კიდევ სხვა კანონპროექტები მაქვს, რაც სურსათის უვნებლობას ეხება. ამას რომ გავაკეთებ, მერე ვიფიქრებ, რა გავაკეთო.
ანუ, ჯერჯერობით, არსად წასვლას არ აპირებთ?
- ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ, პარლამენტს ვჭირდები, რომ რაღაც რაღაცეების სწორი შეფასება გავაკეთო.
მომავალი მოწვევის პარლამენტში იქნებით?
ძალიან ბევრს უნდა, რომ იქ არ ვიყოთ, რადგან ჩვენ ბევრ საკითხზე პრინციპული პოზიცია გვაქვს. ეს ჩვენი გადასაწყვეტია. პარლამენტში ყოფნა თუ მომინდება, კენჭს თბილისის ნებისმიერ რაიონში ვიყრი და სადაც დავდგები, იქ მოვიგებ. ბიზნესმენი ვარ და როდესღაც მეცნიერიც ვიყავი. ძალიან ძნელია ძირითადი საქმე გადადო. 2004 წელს, როცა მიშა კიოდა, რომ მას ერთპარტიული პარლამენტი სურდა, არჩევნებში მარტო ჩვენ გავედით და მეორე დღეს რომ დავინახე, ვერაფერს გავაკეთებდი, პარლამენტი დავტოვე. ეს ჩემი ოცნება არ არის. ახლა პარლამენტში იმიტომ ვარ, მიმაჩნდა, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.
პარლამენტში ყოფნით ქვეყანას რა შესძინეთ?
- მიმაჩნია, რომ ჩემი ფრაქცია საკმაოდ აქტიურია. ყველაზე მეტი კანონპროექტი ჩემმა ფრაქციამ გამოიტანა. ჩემმა ხალხმა ძალიან ბევრი გააკეთა.
პრეზიდენტს რომ აკრიტიკებთ, მთავრობას საკრიტიკელებლი არაფერი აქვს?
- არაერთხელ მითქვამს, რომ შეიძლება, რაღაც-რაღაცეები არ მომწონდეს, მაგრამ ეს იმ ასპექტში უნდა განვიხილოთ, ნაციონალებმა რა დაგვიტოვეს?! მრავალმილიონიანი ვალი, დანგრეული ინფრასტრუქტურა. ეკონომიკის ფეხზე დადგომას 10-15 წელი სჭირდება. ბევრი წარმოება, გზა და საქმე გაკეთდა, მაგრამ არ შუქდება. რამდენიმე მინისტრზე ჩემი შეფასება მქონდა და ვთვლი, რომ უფრო ენერგიულად უნდა იმუშაონ და უფრო მეტი უნდა გააკეთონ. როცა მინისტრს დარგი მიჰყავს, ის უფრო გამბედავი უნდა იყოს და საკუთარ თავზე მეტი რაღაც აიღოს და არა პირიქით, შიშით არ უნდა იყოს. ასეა ყველა. სხვათა შორის, ბევრს სტალინი არ მოსწონს და ბევრს აგინებენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის დანგრეულ სახელმწიფოში მოვიდა, მან 15 წელიწადში ქვეყანა უძლიერესად აქცია და მინისტრებად ისეთი ხალხი აირჩია, რომლებიც ბევრს მუშაობდნენ.
ეს შემართება ზოგიერთ მინისტრს რომ არ აქვს, მათ რატომ არ აკრიტიკებთ?
ვაკრიტიკებ. ნოდარ ხადურს რა საშუალება აქვს? ლარი ხტუნაობს და მასაც უჭირს. პენსიებს მოემატა, ხალხი საავადმყოფოში მიდის და ნოდარმა რა ქნას? ეკონომიკური წინსვლა ორ-სამ წელიწადში არ ხდება.