რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ქვედანაყოფების მონაწილეობით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე სწავლება დაიწყო. გარდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა, საველე მეცადინეობა მიმდინარეობს სამხრეთის სამხედრო ოლქის კიდევ 6 პოლიგონზე, რომელიც ყირიმში, ჩრდილოეთ ოსეთსა და სომხეთში მდებარეობს. აღნიშნულ საველე სწავლებაში 1 500-ზე მეტი სამხედრო და შეიარაღების 350-ზე მეტი ერთეულია ჩართული.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მასშტაბური წვრთნები რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში გასულის წლის 12 დეკემბერს ჩაატარა, სადაც რუსული საოკუპაციო ძალების 600-ზე მეტი სამხედრო შენაერთი მონაწილეობდა. პარალელურად, რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ჯავაში ოპერატიურ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ უახლესი მოდიფიკაცია „ისკანდერ-M“-ის ტიპის რაკეტები განათავსა. აღნიშნულ ბალისტიკურ რაკეტას, რომელზეც ბირთვული ქობინის დამაგრებაც შეიძლება, ზებგერითი სიჩქარით, ნებისმიერი სამიზნის განადგურება, 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.
სამხედრო ოლქის 6 პოლიგონზე მასიური განადგურების სპეციალური წვრთნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება საგარეო საქმეთა სამინისტროში. საკითხი უკომენტაროდ დატოვეს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
თავდაცვის ყოფილი მინსიტრის, დავით სიხარულიძის განცხდებით, რუსეთი აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც წლებია საქართველოსთან მიმართებაში აწარმოებს. მისივე თქმით, რუსეთის ამ პროვოკაციულ ქმედებებს ხან განცხადების სახე აქვს, ხან წვრთნის თუ სამხედრო მანევრირების. ამ ყველაფერზე კი საჭიროა რეაგირება - აუღელვებლად და მშვიდი გონებით.
„ასეთი წვრთნები მიზნად ისახავს ერთ რამეს - რეგიონში გამოიწვიოს ძალის დემონსტრირება. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის კრიტერიუმებით აზროვნებს, როდესაც ძალის დემონსტრირება საკუთარი სახელმწიფოსთვის პოზიტიური გავლენის მომტანი ჰგონია“, - აღნიშნა for. ge-სთან საუბრისას დავით სიხარულიძემ.
რაც შეეხება მასიური განადგურების სპეციალურ წვრთნებს, სამხედრო მიმომხილველი, ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცა აუცილებლად ბირთვული ომისთვის ემზადება.
„დიდი ხანია მსოფლიოში არსებობს ბირთვული იარაღი, საბედნიეროდ აიკრძალა ქიმიური იარაღი, თუმცა ზოგ ქვეყანაში დარჩა კიდევაც. არსებობს ბიოლოგიური თავდასხმის საშიშროებაც. ქვეყანა, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, ცდილობს მოემზადოს, რადგანაც ასეთი დანაყოფების გამოყენება შეიძლება არა მარტო ომის დროს, არამედ ტექნოგენური კატასტროფების დროს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური წვრთნები მიმდინარეობს, რაღაცას აპირებენ საქართველოს წინააღმდეგ, ასე არ არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილმა.
რუსეთის სამხედრო ოლქის 6 პოლიგონზე მასიური განადგურების წვრთნების დაწყების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს პოლიტოლოგი, სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, წვრთნებს სამხედრო დანიშნულება არ აქვს, რადგან წინ წამოწეულია პოლიტიკა.
„დიახ, პუტინი შევიდა იმ სტატდიაში, როდესაც მას უკან დასახევი გზა არ გააჩნია. ამასთანავე, ეს წვრთნები თავისი გეოგრაფიული წერტილებით სხვადასხვა კონსპექტის მატარებელია. კერძოდ, უკრაინისა და საქართველოს მიმართ გზავნილები სრულიად მკაფიოა. რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთს, არის მცდელობა, რომ ერთიანად იყოს წარმოსახული ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი.
რაც შეეხება სომხეთს, როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ შეახსენონ მათი ვალდებულებები რუსეთის მიმართ. გარდა ამისა, ეს გარკვეული გზავნილია აზერბაიჯანისთვისაც. სხვა მხრივ ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია რა სამხედრო მიზანს შეიძლება ემსახუროს ეს წვრთნები. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს უფრო პოლიტიკური დატვირთვის თემაა, ვიდრე სამხედრო საიდუმლოების შემცველი“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.