„მინისტრს უნდა „გააპრავოს“ ის გარიგება, რომელიც შედგა იუსტიციის საბჭოს წევრებთან და ე.წ. ბობოლა მოსამართლეებთან“

„მინისტრს უნდა „გააპრავოს“ ის გარიგება, რომელიც შედგა იუსტიციის საბჭოს წევრებთან და ე.წ. ბობოლა მოსამართლეებთან“

„ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გადააგზავნა იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებების პროექტი პარლამენტში. თუკი იუსტიციის მინისტრს სურდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინება, მას საწყის ეტაპზევე შეეძლო მისი გათვალისწინება“, - აცხადებს „საქართველოს განვითარების ფონდის“, სამართლის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით ჯანდიერი. მისი განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გაურიგდა მოსამართლეთა გარკვეულ ჯგუფს იმისათვის, რომ მისთვის კომფორტულად ჩაატაროს არჩევნები.

რა წერია ვენეციის კომისიის 2014 წლის რეკომენდაციაში და რატომ გაახსენდა 2 წლის შემდეგ იუსტიციის მინისტრს აღნიშნული რეკომენდაცია? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge დავით ჯანდიერს ესაუბრა.

ვენეციის კომისიისა და ევროსტრუქტურების რეკომენდაციის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრი მზად არის სასამართლო სისტემის რეფორმირების ფარგლებში, უარი თქვას მისივე ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელებაზე, რომელიც მოსამართლეებისთვის, მათი დანიშვნის შემდეგ, სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას გულისხმობს. თქვენ, როგორც ყოფილ მოადგილეს, თუ გაქვთ ინფორმაცია, როდის დაიდო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია?

დავით ჯანდიერი: პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც გამოსაცდელი ვადა მოქმედებს მოსამართლეებისთვის, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ამგვარი ვადა არ არსებობს. ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ რომელიმე მოდელი შეესაბამება ევროპულ სტანდარტს, არ იქნება სწორი და ამას ამბობს თავად ვენეციის კომისია 2014 წლის 14 ოქტომბერს საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ რეკომენდაციაში.

ამავდროულად, ვენეციის კომისიამ აღნიშნა, საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და კონკრეტულად იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც სასამართლოშია, არსებობს საშიშროება, რომ გადაწყვეტილება გარკვეული მიმართულებით მიიღონ. აქედან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებაში გასცა რეკომენდაცია, რომ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა არ ყოფილიყო.

ამავე რეკომენდაციაში ვენეციის კომისია ამბობს, რომ ვადა უნდა გაუგრძელდეს რომელიმე იმ მოსამართლეს, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყო მოსამართლე?

- არა. კომისია არ აღნიშნავს, რომ საგამოცდო ვადა უნდა გაუგრძელდეს რომელიმე იმ მოსამართლეს, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყო მოსამართლე და ვისზეც ჩვენ დღეს გვაქვს საუბარი. არამედ ამბობს, რომ უნდა გაუქმდეს, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც არასოდეს არ ყოფილან სასამართლო სისტემაში. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებით იუსტიციის სამინისტროს სურს წარმოაჩინო ისე, თითქოსდა ვენეციის კომისიის პოზიცია მდგომარეობს იმ მოსამართლეთა დაკავშირებით, რომლებმაც 10 წელი იმსახურეს სასამრთლო სისტემაში, რაც არასწორია, იმიტომ, რომ თავიდანვე არასამართლიან და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ამყოფებს სხვა კონკურსანტებს, რომლებსაც სურთ დაიკავონ მოსამართლის თანამდებობა.

რაც შეეხება კითხვას, როდის დაიდო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია? - სწორედ, რომ ვენეციის დასკვნის შემდეგ გადააგზავნა იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებების პროექტი პარლამენტში. აქედან გამომდინარე, თუ იუსტიციის მინისტრს სურდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინება, მას საწყის ეტაპზევე შეეძლო მისი გათვალისწინება. თუკი არ გაურიგდა დღევანდელ ე.წ. ბობოლა მოსამართლეებს, რატომ იღებს სელექციურად შესარჩევად ვენეციის კომისიის ერთ რეკომენდაციას და არ იღებს სხვა რეკომენდაციას? ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გაურიგდა მოსამართლეთა გარკვეულ ჯგუფს იმისათვის, რომ მისთვის კომფორტულად ჩაატაროს არჩევნები?!

თქვენ იზიარებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას?

- მე მომხრე ვარ, რომ ზოგადად, გამოსაცდელი ვადა არ არსებობდეს. არაფერი არ უშლის ხელს იმას, რომ კანონით იქნას გათვალისწინებული კრიტერიუმები, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება ადამიანი უვადოდ იქნას დანიშნული მოსამართლედ. უვადოდ დანიშვნის შემთხევაში, აუცილებად უნდა შეფასდეს მოსამართლის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება.

დღეს მოქმედი რეგულაციით კი, შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ის მოსამართლე, რომელიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადას გაივლის. იმ შემთხვევაში, თუკი ამ 3-წლიან გამოსაცდელ ვადას კანონიდან ამოიღებენ, გამოდის, რომ არსებობს სურვილი პირადი შეხედულებიდან გამომდინარე, უვადოდ გამწესდეს მოსამართლედ ყოველგვარი საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა.

ჩვენ ვიცით ის განცხადებები, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან გაკეთდა, რა კრიტერიუმზე დაყრდნობით და როგორ იღებენ გადაწყვეტილებას.

თუკი 2014 წელს დაიდო ვენეციის კომისის უარყოფითი დასკვნა და ამის შემდეგ შედის პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, მაშინ რას ეფუძნება დღეს უკვე წულუკიანის განცხადება, რომ დიახ, ვენეციის კომისიის და ევროსტრუქტურების რეკომენდაციის საფუძველზე შეცვალეს მოსამართლის სამ წლიანი ვადით დანიშვნის საკითხი?

- მას უნდა „გააპრავოს“ ის გარიგება, რომელიც შედგა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და ე.წ. ბობოლა მოსამართლეებთან. იმისათვის, რომ ეს შეფუთოს, მას სჭირდება არგუმენტაცია. იმ ნაწილში, რომლითაც დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, ეყრდნობა ვენეციის კომისიას, მაგრამ იმ ნაწილში, რომელშიც ვენეციის კომისია კატეგორიულად ითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების საფუძველზე უნდა ხდებოდეს, იქ არ ახსოვს წულუკიანს ვენეციის კომისიის არსებობა და მისი რეკომენდაციები.

მხოლოდ იმ ნაწილში ახსოვს ვენეციის კომისია, რომელშიც მურუსიძეს აძლევს შეძალებლობას უვადოდ იქნეს დანიშნული. პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობს - უსამართლოდ შეუძლებელია სამართლიანი პროცესის ხელმძღვანელობა და უსამართლოდ შეუძლებელია სასამართლო რეფორმის ჩატარება.

რა ინტერესი ჰქონდა იუსტიციის მინისტრს, რომ გარიგებაში შესულიყო .. ბობოლა მოსამართლეებთან?

- ერთადერთი რისი ეჭვიც მაქვს, გახლვათ ის, რომ წინასაარჩევნოდ საჭირო გახდა მოსამართლეთა გარკვეულ ნაწილთან გარიგებაზე წასვლა. არიან მოსამართლეები, რომელთაც არ ესაჭიროებათ არავითარი მხარდაჭერა, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ კანონის იმედი, მაგრამ არიან მოსამართლეები, რომლებთაც ისეთ ოდიოზურ განაჩენებზე აქვთ ხელი მოწერილი, როგორიც არის სანდრო გირგვლიანის განაჩენი და ასევე სხვა საქმეები, ამ საქმის მოსამართლეებს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სჭირდებათ გარანტინები იმისათვის, რომ მშვიდად იგრძნონ თავი და მათ კეთილდღეობას არავითარი საფრთხე არ დაემუქროს.

მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლოს სისტემა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მოსამართლეთა კორპუსი სამ ნაწილად არის გაყოფილი, სახეზეა სასამართლო სისტემის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობა. რა პროცესებიც სასამართლო სისტემაში მიმდინარებს, ეს არის სისტემური კრახი?

- რა თქმა უნდა. როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, ჩვენი მეგობრები და ასევე ქართული საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ არ ენდობა ქართულ მართლმსაჯულებას, ეს ნიშნავს, რომ სისტემა არის გაკოტრებული, პარალიზებული. ჩვენ გვაქვს საქმე სისტემურ კრახთან და ამას ადასტურებს საზოგადოების განწყობა. დიახ, სისტემური კრახია, როდესაც 90%-ზე მეტს არ აქვს ნდობა სასამართლოს მიმართ. რა თქმა უნდა, არ ექნება იმ პირობებში, როდესაც პრზიდენტი მოსამართლეთა კორპუსს მოუწოდებს კონსტიტუციის დაცვისკენ და მათ აქვთ პრეტენზია, თუ რატომ მოუწოდეს ამის შესახებ.

ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც მოსამართლეებს აქვთ, ეს არის დაბალი მგრძნობელობა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის მიმართ. არავითარი ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არ იარსებებს იმ პირობებში, როდესაც საგამოცდო ტესტები ხვდება კონკურსანტების ხელში, მოსამართლეები ინიშნებიან არა კანონის, არამედ გარიგებების შედეგად.

საერთაშორისო ორგანიზაციები, მთელი სამოქალაქო სექტორი ერთხმად აღიარებს სასამართლოში არსებულ უმძიმეს პრობლემებს, როდესაც არ არსებობს არავითარი ნება განხორციელდეს ადამიანის უფლებების დაცვისკენ ორიენტირებული სასამართლო რეფორმა. თუკი დღეს მოსამართლეთა გარკვეულ რაოდენობას რთულ მდგომარეობაში აყენებს უსტიციის უმაღლეს საბჭოში გასავლელი თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურები, მორჩილებაში გამოწვრთნილ ე.წ. ბობოლა მოსამართლეებს სხვა შიშები აქვთ.

კერძოდ, რისი შიში უნდა ჰქონდეთ?

- იმის, რომ თუკი ისეთ ოდიოზულ განაჩენზე ხელმომწერი მცველი არ ეყოლათ როგორიც მურუსიძეა, ერთ დღეს შესაძლოა მათაც მოკითხონ უკანონო, ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევ განაჩენებზე პასუხი. ამიტომ ღიზიანდებიან კოლექტიურად გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განაჩენიდან ამონარიდების მოსმენაზე.

ნდობა ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს და როდესაც საზოგადოება უყურებს, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებული უფლებადამრღვევი ფაქტის განაჩენზე ხელის მომწერი ადამიანი, როგორიც მურუსიძეა, კვლავ სასამართლო სისტემაშია და გირგვლიანის საქმე, რომელიც დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა, მას არ ექნება ნდობა სასამართლოს მიმართ.

ბატონო დავით, სად იკვეთება, რომქართული ოცნებააგრძელებს გირგვლიანის საქმეს? ამ საქმეზე არის განაჩენი...

- რატომ დადის მელნიკოვი ქუჩაში? იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი და დათა ახალაია დაასახელა? რატომ არის მურუსიძე სასამართლოში და რატომ დაუჭირა მხარი მას „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა? თუკი ისინი დღეს არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას, რატომ არ იყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და რატომ შეუწყვეტენ უფლებამოსილებას?

„ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენ საქმე გვაქვს ნების არარსებობასთან. საქართველოში, არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია სურვილი ჩამოეყალიბებინა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეებისგან შემდგარი კორპუსი. ყოველთვის ხელისუფლება ორიენტირებული იყო იმაზე, რომ საკუთარ თავზე მოერგო არსებული წესები. აქედან გამომდინარე, სწორედ, რომ ხელისუფლების ინტერესს წარმოადგენს ჰყავდეს ისეთი მოსამართლეები, რომლებიც მის ნებას აღასრულებენ.