3 თებერვლის პარლამენტის პლენარული სხდომის მთავარი „გმირი“ პრეზიდენტ გიორგი მარგელაშვილის ნაცვლად, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე გახდა, რომელიც ქვეყნის პირველ პირს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან დაუპირისპირდა და მას მადლიერების აღქმის უნარი დაუწუნა.
რომ არა, გოგი თოფაძის არაკორექტული გამოსვლა, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, უწყებაში პრეზიდენტის გამოსვლა მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაივლიდა, რომელიც დღეს, შვიდი წუთის დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით ხუთი საათი გაგრძელდა.
სანამ 14:00 საათზე სხდომა დაიწყებოდა, მანამდე ქუთაისში, გამჭვირვალე შენობაში მინისტრები გამოჩნდნენ, რომელთა შორის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იყო. ჯანელიძისგან განსხვავებით, ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს განმარტებების გაკეთება მიუწია, 2014-2015 წლებში, თუ რატომ არ დაესწრო პრეზიდენტის გამოსვლას და რა შეიცვალა დღეს. ჯანდაცვის მინისტრმა ძველი გადაწყვეტილებები გუნდურობას დაუკავშირა.
ჯანელიძისა და სერგეენკოს მსგავსად, პარლამენტს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით კიდევ ექვსი მინისტრი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: კახი კალაძე, თინა ხიდაშელი, თეა წულუკიანი, თამარ სანიკიძე, ნოდარ ჯავახიშვილი და დავით ბაქრაძე. მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები თუ სად იმყოფებოდნენ, ეს არავის დაუკონკრეტებია, მაგრამ დღის მთავარი მოვლენა პლენარული სხდომის დარბაზში, სამი წლის შემდეგ, მთავრობის ხელმძღვანელისა და ქვეყნის პირველი პირის შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა იყო. ხელის ჩამორთმევას კი წინ დარბაზში პრეზიდენტის გამოჩენა და მანდატურთუხუცესის მიმართვა - „საქართველოს პრეზიდენტი“ უსწრებდა.
გასული წლისგან განსხვავებით, პრეზიდენტმა უმრავლესობის წევრების - ზაქარია ქუცნაშვილის, ზვიად ძიძიგურისა და გუბაზ სანიკიძის მსგავსად, ხელი ოპოზიციონერ დეპუტატს სერგო რატიანს ჩამოართვა და საკუთარი სავარძლის დაკავებამდე, პრემიერ-მინისტრს მიესალმა.
დაახლოებით 55 წუთიან გამოსვლაში, პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე გაამახვილა და ინიტიავებიც გაახმოვანა.
ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შინაარსით უმრავლესობის ერთი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა და მისი დატუქსვაც სცადეს, მეორე ნაწილმა ის რეიტინგულ პიროვნებად შეაფასა და მისი მოხსენების კლასი, მიდგომა, ტონი, „ვორდინგი“ გამორჩეულად მიიჩნია, ოპოზიციის ნაწილმა კი მას კაბინეტიდან გასვლა და ხალხში ყოფნა ურჩია.
პრეზიდენტმა გამოსვლა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ხსნოვნისადმი წუთიერი დუმილით დაიწყო და საუბარი ევროინტეგრაციის პროცესით გააგრძელა.
მარგველაშვილის შეფასებით, პროდასავლური საქართველოს მთავარ ამოცანას დღეს დასავლური ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა წარმოადგენს.
„ამ გზაზე ნოე ჟორდანია ამბობდა - „მომავლის არ გვეშინიან“. ამ მიზანს ზურაბ ჟვანიას სახავდა - „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე ვარ ევროპელი“. საქართველოს ამ გზაზე ვხედავ არა როგორც სტუმარს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში, არამედ როგორც სრულფასოვან წევრს ამ ერთობისა“, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც ამ ნაწილში პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გუბაზ სანიკიძის რჩევა თუ შენიშვნა დაიმსახურა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ეხებოდა - სანიკიძემ აღნიშნა, რომ დარბაზში ზვიად გამსახურდია ნახსენები არ იქნა.
მისი თქმით, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის სოლისტი და მედროშე ზვიად გამსახურდიაა და ქვეყნას მოკლე მეხსიერებამ ბევრჯერ წაგვაგებინა და მოკლე მეხსიერება არ არის ქართველი ხალხის მოკავშირე.
„ნუ ჩათვლით, რომ ეს შენიშვნაა. როცა გამოდიოდით, დამოუკიდებლობა და თავისუფლება ახსენეთ და ორი ისტორიული ფიგურა და მოღვაწე ახსენეთ - ნოე ჟორდანია და ზურაბ ჟვანია. არ ვიტყვი იმას, რომ თქვენ ეს შეგნებულად გამოგრჩათ, მაგრამ არ ვიცი, ეს რას შეიძლება დავაბრალო. გამსახურდია ის პერსონა არ არის, რომელიც უცებ უნდა გადავივიწყოთ. გამსახურდიას პერსონა, მისი ხსოვნა და მისი საქმიანობა ქართულ სახელმწიფოს ხელს არაფერში არ უშლის, თორემ, აბსოლიტური და უნივერსალური პიროვნებები ისტორიამ არ იცის“, - მიმართა პრეზიდენტს სანიკიძემ, რომელსაც სხდომის დასრულების შემდეგ, მარგველაშვილი გამოეხმაურა და შეახსენა, რომ შარშან პარლამენტში გამოსვლა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დაამთხვია, სადაც მისი როლი ხაზგასმით აღნიშნა.
ქვეყნის პირველმა პირმა გამოსვლისას აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური პოლუსი უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური პალიტრით უნდა შეიცვალოს.
პრეზიდენტმა საკუთარ მოხსენებაში ყურადღება საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და ასევე თავისუფალი მედია ხელშეუხებლობაზე ისაუბრა.
მარგველაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე ინიციატივითაც გამოვიდა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით გამწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი დაინერგოს, ასევე შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მექანიზმი იმგვარად, რომ საბჭოში პროპორციულად, სამი წევრით იყოს წარმოდგენილი სასამართლოს ყველა ინსტანცია.
პრეზიდენტის გამოსვლას სხდომათა დარბაზში განსაკუთრებული ყურადღებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი უსმენდა, რომელმაც მარგველაშვილის გამოსვლის პროპორციულად რამდენიმე თაბახი ფურცელი შეავსო. კახიანისგან განსხვავებით, მისი ფრაქციის ხელმძღვანელი გოგი თოფაძე პრეზიდენტის გამოსვლის პათოსს საკუთარი ადგილიდან აპროტესტებდა და რეპლიკას ისროდა „აზრზე არაა“. ამ რეპლიკის შემდეგ ზურაბ ტყემალაძემ თოფაძე დაამშვიდა, თუმცა, მას თოფაძემ პირობა მისცა, რომ „ყველაფერს ტრიბუნიდან“ იტყოდა.
როგორც ჩანს, თოფაძემ საკუთარი „მუქარა“ სისრულეში მოიყვანა, რადგან დღევანდელი დღიდან თუკი ვინმეს რაიმე დაამახსოვრდება, მისი განცხადებაა.
თოფაძემ პრეზიდენტს შეახსენა, რომ ის აღნიშნულ პოსტზე „ქართული ოცნებისა“ და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეულია.
„თქვენი გამონათქვემები უნდა გაგახსენოთ. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, რაც ძალიან სამწუხაროა. თუკი თქვენ მოსახლეობას ასე აფასებთ, მაშინ თქვენ საქართველოს პრეზიდენტობაც არ უნდა გეკადრათ. თქვენ ამბობდით, რომ იმ საძაგელ სასახლეში არ შეხვიდოდით, სადაც ხართ, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ თქვენ ეს დაგავიწყდათ და დღეს ჯიუტად სხვას აცხადებთ, რაც არასწორია. ჩვენს ქვეყანას უცხოეთში სხვადასხვა ფორმატში ორი მეთაურის სიარული არაფრით წაადგა და ქვეყნის იმიჯზე უნდა გეფიქრათ, ვიდრე უფრო იმაზე, ვინ სად წავიდოდა და ვინ წარმოაგდენდა ქვეყანას. ყოფილი პრემიერი იყო „ოცნების“ დამფუძნებელი და შეიძლებოდა, ეს კომპრომისი უცხოეთს იქეთ არ გაგეტანათ. სამწუხაროა, მაგრამ ქართველ ხალხს მადლიერების თვისება ახასიათებს. ამ თანამდებობაზე მოხვდით და შეიძლება ეს გააზრებული არც გქონდათ, მაგრამ მარცხენა ფლანგმა გაგიყვანათ. და ერთი თვე არ გავიდა, როცა უცნაური პოზიცია დაიჭირეთ და ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეთ. ქართველ ხალხს ეს არ ახასიათებს, ქართველ კაცს მადლიერების გრძნობა ახასიათებს“, - მიმართა პრეზიდენტს თოფაძემ, რომელიც მარგველაშვილმა პასუხის გარეშე დატოვა.
თოფაძის ეს განცხადება როგორც ოპოზიციამ, ასევე უმრავლესობამ დაგმო, თუმცა, ნაციონალმა აკაკი ბობოხიძემ მარგველაშვილს ურჩია, თუკი ისტორიაში შესვლა და კვალის დატოვება სურს, მან მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგაას.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ტონი არ იყო კრიტიკული და გამოწვევებს ვერ პასუხობდა. როგორც ჩანს, თქვენი ეს ტონი განაპირობა იმანაც, რომ კვირიკაშვილმა თითქოს თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადამოდგა, მაგრამ ვინც ქართულ პოლიტიკას მართავს, მას სამუშაო არეალი მკაფიოდ მოუნიშნა და ის ვერ მისცემს კვირიკაშვილს თქვენი „გაპრავების“ შანს. თქვენ შუალედური ტონით ვერ გაექეცევით იმ პასუხისმგებლობას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ და თქვენ გეკისრებათ. თქვენს სიტყვას ძალიან დიდი წონა აქვს, დიდი ყურადღებით უსმენს ყველა და ზომიერი შუალედური პოზიციები არ გამოგადგებათ“, - მიმართა პრეზიდენტს ბობოხიძემ.
იქედან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა 12 ფრაქციის თავმჯდომარემ დაიკავა, მათი განცხადებებიც მათი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისი იყო.
ის დეპუტატები, რომლებსაც რეგლამენტმა სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა, for.ge-მ ჩაწერა. ჩვენთან საუბარში ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ნორმალური გამოსვლა იყო, რადგან მას აშკარად ნაფიქრი ჰქონდა.
„შეიძლებოდა, რომ მას ისეთ ღირებულებებზე ნაკლები ელაპარაკა, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, თავისუფლება, ერთიანობა, სიყვარული. მგონი, ეს ის დარბაზი არ იყო, სადაც მას ყურადღება ამ საკითებზე უნდა გაემახვილებინა. მას შეეძლო, მთავრობის წარმატებებზე მეტი ესაუბრა ისევე როგორც თავისუფალ მედიაზე, რადგან ამ მხრივ ვითარება როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავებულია“,- განაცხადა ქანთარიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტის გამოსვლას ოპოზიციის მხრიდან უმადური შეფასებები მოჰყვა.
როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, პრეზიდნტის მიერ დაყენებულ საკითხებს სიღრმისეული ანალიზი სჭირდება, მაგრამ პრეზიდენტმა ყურადღება განსაკუთრებით აქტუალურ საკითხებს დაუთმო.
„როგორიცაა, ევროინტეგრაციის თემა. კერძოდ, თუ რა წინააღმდეგობებს ვხედავთ და არის თუ არა ეს წინააღმდეგობები სუბიექტური მიზეზებით განპირობებული. ვფიქრობ, რომ მას ამ საკითხებზე მეტი ყურადღება უნდა გაემახვილებინა. პრეზიდენტი უნდა ეცადოს, რომ ბალანსი დაიცვას და რომელიმე გუნდის პოზიცია არ დაიჭიროს. კრიტიკა იყო, რომელიც ოპოზიციამ არასრულფასოვნად მიიჩნია. ისეთი თემები იყო, სადაც უმრავლესობას დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩა“, - დასძინა ვოლსკიმ, რომლისგან განსხვავებით, პრეზიდენტის გამოსვლას საუკეთესოდ აფასებს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი.
for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა.
მისი განცხადებით, ეს იყო კარგი კლასის გამოსვლა.
„სასიამოვნო იყო, რომ ის როგორც მთავარსარდალი ჯარისკაცებს მოეფერა. დემოკრატიაზე რომ ისაუბარა, ამაში ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ყველაზე სასიამოვნო იყო ის, რომ მას მთავრობის მუშაობაში რაც მოსწონს, აღნიშნა. კეთილგანწყობილი და ზომიერი გამოსვლა იყო. რაც პრეზიდენტების გამოსვლები მახსოვს, ეს ყველაზე კარგი იყო. შეიძლება, სააკაშვილი სერიოზულ სპექტაკლებს დგამდა, მაგრამ აქ ყველაფერი თავის ადგილას იყო, მათ შორის - ის ნაწილები, რომელსაც შეიძლება ვინმე არ ეთანხმებოდეს. თუნდაც, მიდგომა, ტონი, ვორდინგი მისაღები იყო“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მარგველაშვილის გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წევრი გოგა ხაჩიძე. როგორც for.ge-ს ხაჩიძემ განუცხადა, თუკი ვინმე ამ გამოსვლიდან სიყვარულს, დემოკრატიას, თავისუფლებას, ძმობას და ერთობას ამოიღებდა, არაფერი დარჩებოდა და პრეზიდენტი ამაზეც თუ არ ისაუბრებდა, დარბაზში სხვა რა უნდა ყოფილიყო?!
„მოლოდინი ვის ჰქონდა, რომ პრინციპული დისონანსის შემქნელი გამოსვლა იქნებოდა. ისეთი გამოსვლა იყო, რომელიც მარგველაშვილს ახასიათებს. „მწვადისა და შამფურის“ ამბავი გაგახსენდებოდათ, როცა არც ერთის დაწვაზე არ იფიქრებთ. თავში რაღაც ხომ უნდა ჩაგრჩეთ? - სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, მსგავსი არაფერი ჩამრჩენია და ეს ჩემი თავის პრობლემაა თუ პრეზიდენტის გამოსვლის, არ ვიცი“, - დასძინა ხაჩიძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ კი მარგველაშვილი სრულიად ქვეყნის პრეზიდენტად მიიჩნია.
for.ge-სთან საუბარში გოგუაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ერთი პარტიის პრეზიდენტი არ არის და მარგველაშვილის გამოსვლა იყო არა რომელიმე პარტიის წევრის გამოსვლა, არამედ ქვეყნის დამოუკიდებელი მოქალაქის გამოსვლა.
„მან მთავრობის საქმიანობა, სადაც შესაქები იყო, შეაქო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი და გიორგი მარგველაშვილის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, რადგან ჩვენ ხელისუფლებაში ერთად მოვედით და სწორედ იმ ღირებულებებით, რომელზეც დღეს მარგველაშვილმა ისაუბრა. იმ გზას ზედმიწევნით მივყვებით, რომეიც 2012 წელს გავეცით. მან ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ სასამართლოში კოლექტიური მურუსიძეები კი არ უნდა გვყავდეს, არამედ საზგადოების ნდობით აღჭურვილი მოქალაქეები. მან აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, როცა ადამიანების დაშანტაჟება პირადი ცხოვრებით დღესაც ხდება. საზოგადოებაში სიძულვილი უნდა შეწყდეს და ოპონირება უნდა ხდებოდეს“, - დასძინა გოგუაძემ.
რაც შეეხება მთავრობის განწყობას პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარგველაშვილის გამოსვლა საკმაოდ საინტერესოდ შეაფასა, ხოლო თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ის სანიმუშო მთავარსარდალად მიიჩნია.