პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხი იყო ერთ-ერთი თემა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა წლიური ანგარიშით გამოსვლილსას ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად ჯერ კიდევ გადასადგმელია როგორც პრაქტიკული, ასევე სისტემური ნაბიჯები. პარლამენტის ტრიბუნიდან, პრეზიდენტმა კანონმდებლებს შეახსენა, რომ ეს გარკვეულწილად, მის მიერ გამოყენებულ ვეტოში იყო ასახული.
„გასული წლის განმავლობაში არაერთი პირის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდან, გავრცელდა ინფორმაცია მათ მიმართ უკანონო თვალთვალის და პირადი ცხოვრების კადრებით ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ.
ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად ჯერ კიდევ გადასადგმელია როგორც პრაქტიკული, ასევე სისტემური ნაბიჯები. მინდა გაგახსენოთ, ჩემს მიერ დადებულ და თქვენს მიერ დაძლეული ვეტო მოსმენების კანონთან დაკავშირებით“, - მიმართა პარლამენტის წევრებს გიორგი მარგველაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი თვლის, რომ საინტერესო პასაჟები იყო, თუმცა აღნიშნა, რომ მოსმენებთან დაკავშრებით პრეზიდენტმა აჟიოტაჟის შექმნას შეუწყო ხელი.
„მოსმენებთან დაკავშრებით აჟიოტაჟის შექმნას შეუწყო ხელი, მაშინ როდესაც ამის რეალური საშიშროება არ არსებობდა და საჭიროება არ იყო, იგივე მედიის თავისუფლების საკითხზე. მე არ მეგულება საქართველოში მედია, რომელიც ხოტბას ასხამდეს ხელისუფლებას და ამის მაგალითები ჩვენ ნამდვილად გვქონდა“, -აცხადებს გია ვოლსკი.
პრესონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის განცხადებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხთან დაკავშირებით, პარტნიორ ქვეყნებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მსჯელობა რა რეფორმები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ თანამედროვე გამოწვევების პირობებში კანონმდებლობა უზრუნველყოფდეს ადამიანის უფლებების დაცვას.
„პირადი ცხოვრების გასაჯაროვება ყოველთვის არის პრობლემა. ზოგადად, პერონალური მონაცემების დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თვალსაზრისით იმდენი გამოწვევა არსებობს და მათ შორის ტექნოლოგიური პროგრესი, რომ უამრავი საშუალებაა პერსონალურ მონაცემთა მოპოვების და დამუშავების.
არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის პარტნიორ ქვეყენებში, მუდმივად არის მსჯელობა რა რეფორმები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ თანამედროვე გამოწვევბის პირობებში ერთი მხრივ, კანონმდებლობა უზრუნველყოფდეს ადამიანის უფლებების დაცვას და მეორე მხრივ, ამის პრაქტიკაში დანერგვა ქმნიდეს ისეთ მექანიზმებს, რომელიც გააუმჯობესებს მონაცემთა დაცვის სტანდრატებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ ქალდანმა.
მისივე თქმით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მხრივ, საჭიროა მუდმივ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება.
„ამ ხედვას იზიარებს პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველი, ჩვენ და მთლიანად საზოგადოება. ასე რომ, ამ თვალსაზრისით რეფორმების გაგრძელების საჭიროება დგას და ეს ვერ იქნება შემოსაზღვრული მარტო იმ პოლიტიკური ასპექტებით, რომელიც სავარაუდოდ, იგულისხმა პრეზიდენტმა და არ უკავშირდება მხოლოდ წარსულ გამოცდილებას. ვიმეორებ, რომ თანამედროვე რისკების გათვალისწინებით, ეს საკითხი მუდმივად უნდა იყოს საზრუნავი პროცესი, როგორც პრაქტიკული, ასევე საკამონმდებლო გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - აცხადებს თამარ ქალდანი.
იურისტი ირმა ჭკადუა, რომელიც თავად იყო უკანონო თვალთვალის მსხვერპლი, აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რაც მისი თქმით ხელისუფლების პრობლემაა.
„არ ვიცი პრეზიდენტი რა კონტექსტში ამბობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მხრივ არის პრობლემები. აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ნაცვლად იმისა, რომ დაესაჯათ ის დამნაშავე პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს შემჩნეული იყვნენ მსგავს ქმედებაში, სამწუხაროდ, ამ ადამიანებთან მოხდა კოჰაბიტაცია, ისინი საკმაოდ სერიოზულ და საპასუხისმგებლო ადგილებზე ინიშნებიან.
მათ ისევ მიუწვდებათ ხელი ძალიან სერიოზულ ინფორმაციასთან. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფომ უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. არ მგონია, რომ დღეს ამ მიმართულებით ჩვენი მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.