მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება. იუსტიციის მინისტრი მზად არის სასამართლო სისტემის რეფორმირების ფარგლებში, უარი თქვას საკუთარი ინიციატივის განხორციელებაზე, რომელიც მოსამართლეებისთვის, მათი დანიშვნის შემდეგ, სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას გულისხმობს. ამავე კანონპროექტის მიხედვით, გამოსაცდელი ვადა არ დაუწესდებათ მხოლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც 10 წელი სასამართლო სისტემაში უკვე იმუშავეს და ახლა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისინი ხელახლა გაამწესა. თუმცა, ათწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მათი მოსამართლედ გადანიშვნა ავტომატურად არ მოხდება და მათ კონკურსის გავლა მოუწევთ.
საპარლამენტო უმარვლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ძველი მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავისი პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდა. მისი ინფორმაციით, პარლამენტში უკვე წარმოდგენილია კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა ამ ნაწილისთვის გამოსაცდელი ვადის გაუქმებას ითვალისწინებს.
„როცა ათწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამართლეთათვის გამოსაცდელ ვადაზე ვსაუბრობდით, აქ იყო პოლიტიკური მოტივაცია, რადგან ვამბობდით, რომ ათი წლის მანძილზე ეს მოსამართლეები ისეთ პირობებში იყვნენ, რომ მაინც საჭირო იყო მათთვის სამწლიანი ვადის დაწესება. ეს იყო პოლიტიკური მოტივაცია, თორემ საერთაშორისო სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ გამოსაცდელი ვადა იმ ადამიანს, რომელიც ათი წელი მუშაობდა, არ უნდა დაუწესო. საერთაშორისო სტრუქტურებიდან არის რეკომენდაცია, რომ სამ წლიანი ვადა მათ მიმართ არ გამოვიყენოთ“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მოსამართლის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით პოზიცია ვენეციის კომისიისა და ევროსტრუქტურების რეკომენდაციის საფუძველზე შეცვალეს.
„დიახ, მე ვიხევ უკან, რადგან თქვენ, ვენეციის კომისია და ევროპარლამენტი ერთ აზრზე ხართ. მე მაქვს სხვა პოზიცია, ეს ეხება გამოსაცდელი პერიოდის გაუქმებას. მე არ მომწონს გაუქმდეს პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იყო მოსამართლე და ავტომატურად გადაინიშნონ ხელახლა მოსამართლეებად, მაგრამ ჩემი ეს პოზიცია არ მოგწონთ თქვენ, ვენეციის კომისიას და სულ ახლახანს ევროპარლამენტმა თქვა, რომ არ არის სწორი. გამოდის, რომ ევროსტრუქტურები და თქვენ ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე ვიხევ უკან ამ ერთ ნაწილში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე მინისტრმა მიმართა შეკრებილ მოსამართლეებს, მიჰყვებიან თუ არა ისინი იუსტიციის სამინისტროს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის განხორციელებაში, თუმცა მოსამართლეთა მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამის მიუხედავად წულუკიანმა განმარტა, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა გაგრძელდება.
„საქმეთა ელექტრონული განაწილება შემოვა. ასევე სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის შემუშავებული იქნება სისტემა, რომელიც მათ პოზიციაზე დანიშვნას კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის. აქ უკან დახევა არც ერთი ნაბიჯით არ იქნება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
კონფერენციაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თავად იუსტიციის საბჭოს წევრები მოსამართლეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრები ესწრებოდნენ. თუმცა, კონფერენციას არ ესწრებოდა თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე. დაუსწრებლობის მიზეზად მივლინება დასახელდა, რის გამოც ქვეყნის პირველი მოსამართლეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უსაყვედურა და აღნიშნა, რომ ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ.
„სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე პასუხის გაცემა ახლა ხელისუფლებას უწევს. ევროსაბჭოში რეზოლუციებს იღებენ, რომ საქართველოს სასამართლოში ისევ არის თურმე კორუფცია. ამაზე პასუხს კი აგებს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში - პარლამენტი, რომელიც წარმოდგენილია ევროსაბჭოში. ამიტომაც უნდა ვუშველოთ ამ ყველაფერს და იცით როგორ? - თანამშრომლობით.
არც ის არის კარგი, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აქ არ არის, გუშინაც არ იყო კონფერენციაზე, ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ. თვალებში ჩავხედოთ ყველაფერს. სასამართლო კორპუსში უნდა იყოს თანამშრომლობა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს იგნორირებული არავისგან“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
დღესვე კობახიძემ მოსამართლეებს მოუწოდა, რომ წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა ეღიარებინათ, რაც მოსამართლეებსა და ვიცე-სპიკერს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.
„თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ვთქვათ სად იყო პრობლემა - იყო ზეწოლები, დაშინებები, ზეგავლენის მოხდენა პროკურორების მხრიდან და თავის დროზე, - რომელ საქმებეეზე იყო, ვაღიაროთ და გაპატიებთ. ყველამ ერთად მოვიხადოთ ბოდიში საზოგადოების წინაშე“, - მიმართა მოსამართლეთა კორპუსს მანანა კობახიძემ.
კობახიძის ამ განცხადებას მოსამართლე რევაზ ნადარაიას გაღიზიანება მოჰყვა, რომლის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა.
„რა უნდა ვაღიაროთ?“, „რას გვაპატიებთ?“. არანაირი ზეწოლა პროკურორების მხრიდან არ ყოფილა. ნოტარიუსის როლი ნამდვილად არც ერთს არ გვქონია. ნებისმიერი გადაწყვეტილება საჯაროა და შეგიძლიათ შეამოწმოთ“, - მიმართა კობახიძეს მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.
კონფერენცია „სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები“ - ურთიერთდაპირისპირების და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. კობახიძე-ნადარაიას შემდეგ, ერთმანეთს ლევან მურუსიძე და დეპუტატი ზაქარია ქუჩნაშვილი დაუპირისპირდნენ. მიზეზი კი, სანდრო გირგვლინის საქმე გახდა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვონ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ევა გოცირიძე აცხადებს, რომ შეხვედრა აუცილებელია, რადგან სასამართლომ გადაწყვიტა გაძლიერება მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა ებრძვიან. მისი თქმით, ცხადი გახდა, რომ დღეს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, მისი დამოუკიდებლობის ხელყოფაში გადაიზარდა.
„უკვე ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ვიცი ამას ვუწოდო თუ არა სერიოზული კრიზისი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადგა ისეთი მომენტი, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას. თქვას, რომ მართალია, დღეს ხელისუფლების პოლიტიკური ნება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის სასარგებლოდაა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არაა საკმარისი. ამისთვის აუცილებელია მთელი პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის, ყველას ერთსულოვანი მხარდაჭერა. მართლაც დადგა დრო, რომ ისუტიციის საბჭომ, სასამართლო ხელისუფლებამ ამ საქმეში როლი იკისროს“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.