„მაგრად ვზივარ - რესპუბლიკელები ვართ და ვიქნებით კოალიციის პატრიოტები“

„მაგრად ვზივარ - რესპუბლიკელები ვართ და ვიქნებით კოალიციის პატრიოტები“

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკურად ცხელ წელს პროგნოზირებს, კოალიციაში ურთიერთატანის ხელოვნებაზე აპელირებს და ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში „რესპუბლიკური პარტიის“ როლს ხაზს უსვამს.

დავით უსუფაშვილმა კოალიციურობაზე, პარტიულობასა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ყურადღება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაამახვილა და გამოსვლისას ყველაზე მეტი დრო ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე საუბარს დაუთმო.

დაახლოებით 60 წუთის მანძილზე, სპიკერმა ყველა ის მესიჯი გაავრცელა, რაც მის ინტერესებში შედიოდა. მათ შორის, უმთავრესი გზავნილი ის იყო, რომ თანაგუნდელების მიერ განხორციელებული ბიძგების მიუხედავად, დავით უსუფაშვილი დაკავებულ სავარძელზე „მაგრად ზის“.

დავით უსუფაშვილი ჩაუდგება თუ არა სათავეში 2016 წლის მოწვევის პარლამენტს, ეს სპიკერმა არ დააკონკრეტა, თუმცა, კითხვაზე პასუხის გაცემა ოქტომბრის ბოლოსთვის გადადო.

ვინაიდან, საპარლამენტო არჩევნების თარიღი უცნობია, პარლამენტის თავმჯდომარეს განმარტებების გაკეთება ამ საკითხზეც მოუწია, ისევე როგორც კოალიციაში კვოტების გადანაწილების სქემასა და სიის პირველ ნომერზე.

სპიკერი იმედოვნებს, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტი და პრემიერი მალე შეთანხმდებიან.

„საარჩევნო სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით, მგონი, დაუწერელი კანონია, რომ არჩევნებზე პარტიასა თუ კოალიციას ლიდერი მიუძღვება. ეს ბუნებრივი თემაა, თუკი რაიმე სხვა განსაკუთრებული არ ხდება. რაიმე განსაკუთრებულს არ და ვერ ვხედავ“, - დასძენს სპიკერი, რომელიც ფიქრობს, რომ კოალიციის მომავალ როგორი იქნება, ამაზე მხარეები მშვიდ გარემოში შეჯერდებიან.

უსუფაშვილის თქმით, კოალიციის ლიდერი კვირიკაშვილია და კოალიციური საკითხების მოგვარება-გადაწყვეტაში ბევრი რაღაც კოალიციის ლიდერზეა დამოკიდებულებული, როგორც პარტიის შიგნით, ასევე კოალიციურ მასშტაბში.

„ის მაოცებს, როცა კვალიფიციური ანალიტიკოსების მხრიდანაც კი გავიგებ, რომ თურმე, დეპუტატებს პარლამენტში ყოფნა აინტერესებთ. მესის მოედანზე მხოლოდ გოლის გატანა უნდა და მისი ინტერესიც ესაა. ასეთ რაღაცეებს გველაპარაკებიან, პოლიტიკოსებს როგორ გაღელვებთ ის თემა, პარლამენტში იქნებით თუ არა და პარტიას მეტი ექნება თუ ნაკლებიო“, - ამბობს უსუფაშვილი, რომელიც კოალიციურ ურთიერთკრიტიკას ეხმაურება.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოალიციურობაზე საუბრისას მედიას საქართველოს ისტორიიდან იმ მაგალითების დასახელება მოსთხოვა, როცა ქვეყანას კოალიციური მთავრობა მართავდა. მას შემდეგ, რაც მან პასუხები ვერ მიიღო, საკუთარ კითხვას პასუხი თავად გასცა და აღნიშნა, რომ კოალიციაში პარტიებს პასუხიხმგებლობა და ტვირთი აიძულებთ, რომ რაღაცეები აიტანონ.

„რომელი კოალიციური ხელისუფლება გახსენდებათ? - ასეთს ვერ გაიხსენებთ. მრგვალ მაგიდას გაიხსენებთ და გახსოვთ, რა უბედურებამდე მივიდა პროცესები. პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, ურთიერთკრიტიკა და დაძაბულობა ნორმალური ამბავია და ამას მაინცდამაინც დაშლამდე არ მივყავართ. პასუხიხმგებლობა და ტვირთი გვაიძულებს, რომ რაღაცეები ავიტანოთ, რადგან კოალიცია ურთიერთატანის ხელოვნებაა, ისევე როგორც თავისუფალი საზოგადოებაა ურთიერთატანის ხელოვნება. თავისუფლება სინამდვილეში ეგაა და არა ის, რაც მინდა, ის ვაკეთო“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ყურადღება „რესპუბლიკურ პარტიაზე“ გაამახვილა.

უსუფაშვილმა საკუთარ პარტიაზე საუბარი სინანულით დაიწყო იმის თაობაზე, თუ რატომ არ დადო სანაძლევო კოალიციიდან „რესპუბლიკელების“ შესაძლო წასვლის შესახებ.

„სჯობდა, სანაძლევო დამედო, რადგან პარლამენტში შევედით თუ არა, მეორე დღესვე ამბები დაიწყო, აი ნახავთ, „რესპუბლიკური პარტია“ სადმე წავაო“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელსაც for.ge-მ შეახსენა, რომ მათ კოალიციიდან წასვლას ბიძგებსა და რჩევებს საკუთარი თანაგუნლები აძლევენ.

for.ge-ს საპასუხოდ, სპიკერმა აღნიშნა, რომ ის საკუთარ სკამზე მაგრად ზის და პოლიტიკა კონკურენციაა, სადაც ხან ვიღაცას უბიძგებენ, ხან უბწკენენ და ხან უკბენენ.

„უკაცრავად, მაგრამ ვინ სად მიბიძგებს, არ ვიცი, მე მაგრად ვზივარ. ამ ბიძგებს რომ ვექვემდებარებოდეთ, მაშინ იქ რატომ უნდა ვიჯდე, სადაც ვზივარ? პოლიტიკა კეთილშობილთა ჭაბუკთა და ქალიშვილთა რაღაცა კრებული არ არის, უიმე, თქვენი ჭირიმე, რაიმე არ გაწყენინოთ და არაფერი გეტკინოთო“, - დასძინა სპიკერმა, რომელმაც საუბარი „რესპუბლიკელების“ მნიშვნელობაზე გააგრძელა.

უსუფაშვილის მტკიცებით, „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციიის პატრიოტი იყო, არის და იქნება.

მისი მოსაზრებით, „რესპუბლიკური პარტია“ სერიოზული როლის შემსრულებელი იყო და იქნება ამ ქვეყანაში, ამ არჩევნებშიც და მას შემდეგ.

„ჩვენ ვართ და ვიქნებით კოალიციის პატრიოტები. „რესპუბლიკელებს“ ყველაფრის გამოცდილება გვაქვს. მათ შორის, ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება შევიძინეთ, ხოლო ოპოზიციაში ყოფნის მდიდარი გამოცდილება გვქონდა და კონკრეტულად რა, როგორ დალაგდება, ივანიშვილს რესპუბლიკელებთან სტრატეგიული თანამშრომლობის სურვილი რომ არ ჰქონოდა, ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა, რადგან ეს ორმხრივი სურვილებია. დადასტურებული გვაქვს, რომ სახელისუფლებო სკამების გარეშე ცხოვრება შეგვიძლია და ეს ცხოვრება გაცილებით უფრო მშვიდი და წყნარია. არც ისეა საქმე, რა გვეშველება, თუ რაღაცა სხვანაირად მოხდება“, - ამბობს სპიკერი.

გამოსვლისას უსუფაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ბიძინა ივანიშვილზე გაამახვილა და კითხვაზე - „2016 წლის არჩევნებში, საზოგადოება ისევ ისე ენდობა თუ არა ივანიშვილს და მის დაპირებებს, როგორც ეს 2012 წელს მოხდა?“ - 

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას ივანიშვილზე დღეს გაცილებით უფრო მაღალი და აღმატებული მოსაზრება აქვს, ვიდრე ოთხი წლის წინ ჰქონდა.

„მიზეზი ძალიან მარტივია, ოთხი წლის წინ მე მას არ ვიცნობდი, შემდეგ გავიცანი და შემდგომმა ურთიერთობამ მეტად დამარწმუნა, რომ ის თითქოსდა, დაუჯერებელი ამბები, რასაც ეს კაცი ამბობდა ქართული პოლიტიკისთვის და ქართული საზოგადოებისთვის, იყო წარმოუდგენელი და იყო სხვა სამყაროდან, თუ რატომ შეიძლება ადამიანს უნდოდეს ამდენის გაღება საზოგადოებისთვის. გუშინ თუ გუშინწინ იყო კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი. ან პოლიტიკაში მოსვლა რატომ უნდა უნდოდეს, თუ პოლიტიკაში არ დარჩება და ხელისუფლებაში არ დარჩება? და ა.შ. უამრავი ასეთი კითხვა იყო, რომელზეც პასუხების გაცემა ან გაცემული პასუხების დაჯერება ჭირდა, იმდენად არაორდინალური, მოულოდნელი და უპრეცედენტო იყო. დავრწმუნდი არა მხოლოდ მის შესაძლებლობებში, არამედ მის გულწრფელობაში და დავრწმუნდი იმაში, რომ რასაც ის აკეთბდა, მას ეს უნდოდა, ზუსტად ასე უნდოდა და უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. წასვლაც უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, თქმით მან იცის, რომ ივანიშვილი საკმაოდ განიცდიდა იმ ამბავს, როდესაც პრემიერ-მინისტრობიდან წავიდა.

„მას საჯარო საკითხებში იმაზე მეტად აქტიურობა მაინც მოუხდა, ვიდრე სურდა. ამიტომ, ვიყო უკმაყოფილო ან უმადური და ვუთხრა, კიდევ მეტი რატომ არ გააკეთე, ერთი ოპერა კარგია, მაგრამ შვიდი ჯობდა; სააკაშვილის ჩამოცილება კარგია, მაგრამ უფრო შორს გაგვეშვა, კოსმოსში, რომ აღარ დაგვენახა... ვიღაც ასე ფიქრობს: კი აღარ არის „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობაში, პარლამენტში, მაგრამ საერთოდ რომ ჩანს, იქნებ რამე მოეხერხებინა და საერთოდ არ გამოჩენილიყვნენ; იქნებ, როგორმე მოეხერხებინა ბიძინა ივანიშვილს და გარშემო რომ ჩამოიქცა ვალუტები და ეკონომიკები რუსეთში და ჩვენს შემოგარენში, აი, საქართველო აეყვავებინა და ოაზისად ექცია... რატომ ეს ვერ მოახერხა და ა.შ. ამ ტიპის მსჯელობაში ძნელია ვინმეს გაჰყვე“, - დასძინა უსუფაშვილმა, რომელსაც საკანონმდებლო პროცესების შეფასება for.ge-მ მოსთხოვა.

for.ge ფრაქციების შექმნის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციით დაინტერესდა. კერძოდ, უმცირესობის რიგებიდან რიგით მეოთხე ფრაქცია შეიქმნა, რისთვისაც მას 100 ათასი ლარი გამოეყოფა. ნაციონალების მსგავსად, დამატებითი დროისა და ადამიანური რესურსის გამოყოფის სურვილი გამოხატეს ფრაქცია „ქართულ ოცნებაშიც“. შესაბამისად, ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს, პარლამენტის ბიუჯეტიდან თუ რატომ უნდა დაფინანსდეს ტექნიკურ-ხელოვნურად შემნილი ის ფრაქციები, რომელთა რესურს პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნო პროცესებისთვის გამოიყენებენ? - სპიკერმა გვიპასუხა, რომ ის ამ შემთხვევაში, თანამდებობრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ვერ იქნება და ვალდებულია, კონსტიტუციის მიერ დადგენილ ჩარჩოებს მიჰყვეს.

„ფრაქციის შექმნის სურვილი შეიძლება ბევრს აქვს, მაგრამ შესაძლებლობა ყველას არა აქვს, იმიტომ, რომ რეგლამენტი ძალიან კონკრეტულ პირობებს ითვალისწინებს. თუ რესურსის მიღებაა მოტივი, მაშინ ისინი ფრაქციას თავიდანვე შექმნიდნენ და დამატებითი რესურსით სამი წელი ისარგებლებდნენ. ამიტომ, ვერავის ვერანაირ დაბრკოლებას ვერ შევუქმნი. გინდათ მათქმევინოთ, რომ მთავარ კითხვას მიჩენს ის, ეს ხალხი პარლამენტში უნდა იყოს თუ არა? - გინდათ, რომ ეს მათქმევინოთ, მაგრამ არ ვიტყვი“, - აღნიშნა სპიკერმა, რომელსაც საშემოდგომო სესიაზე, for.ge-მ კითხვით ორჯერ მიმართა, თუ რატომ არ მოისმინა პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ანგარიში?

ერთხელ, უსუფაშვილმა ქადაგიძისთვის დარეკვისა და სხდომაზე მისი მოწვევის პირობა მოგვცა, შემდეგ თქვა, რომ ქადაგიძის სტუმრობას ელოდებოდა, დღეს კი განაცხადა, რომ მისი პირადი პოზიციაა, სანამ ქადაგიძე ეროვნულ ბანკს დატოვებს, მანამდე მას უწყებამ მოუსმინოს, თუმცა, ეს მოხერხდება თუ არა, მას ამის გარანტია არ აქვს.

მას შემდეგ, რაც for.ge-მ უსუფაშვილს შეახსენა, რომ ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება, სპიკერმა აღნიშნა, რომ „ამ ვალის გასტურებების გარეშე, თვითონ არ წავა თანამდებობიდან.“.

„ჩვენ ბანკის ანგარიში უნდა მოვისმინოთ. ეს ვინმეს სახელს და გვარს არ უკავშირდება, არამედ იმას, ამ საკითხის განხილვა როდის მოხდება. თებერვლის პირველ კვირაში პრეზიდენტს უნდა მოვუსმინოთ, შემდეგ კიდევ ერთი კვირა გვაქვს“, - დასძინა უსუფაშვილმა, რომელსაც საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს, 3 თებერვალს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მასპინძლობა მოუწევს.