აშშ–ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალ განყოფილებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ქმნის. 23 გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, ნატო წინააღმდეგობას გაუწევს კრემლის საინფორმაციო პროპაგანდას, რომელიც გამოყენებულ იქნა ისეთი ქმედებების განსახორციელებლად, როგორიც იყო 2014 წლის ყირიმის ანექსია.
რატომ გააქტიურდა დასავლეთი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ და რამდენად მტკივნეულია ეს საკითხი საქართველოს შემთხვევაში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ალიანსი შეშფოთებულია, რომ რუსეთი დეზინფორმაციის გასავრცელებლად მედიასაშუალებებს იყენებს და ამის საწინააღმდეგოდ ახალ განყოფილებას ქმნის. რატომ გახდა დღეს დასავლეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რუსული პროპაგანდის აღკვეთა?
რამაზ საყვარელიძე: მადლობა ღმერთს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა. ცივი ომის დამთავრების შემდეგ დასავლეთს ჰქონდა ილუზია, რომ კომუნისტური ბანაკის მხრიდან დამთავრებული იყო პლურალისტული საქმიანობა. ამ მოტივით გააუქმა კიდეც ბევრი ის ცნობილი სააგენტო, რომლითაც საბჭოთა პერიოდში ის ადამიანები იკვებებოდნენ, რომელთაც არ მოსწონდათ საბჭოთა კავშირი. მაგრამ, მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი არ იყო. მართალია, საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ ამით პრობლემა არ მოხსნილა. ნებისმიერი პროპაგანდა თავის საქმეს აკეთებს, ადამიანთა ცნობიერებაში რეალობის ისეთ სურათს ბეჭდავს, როგორიც მას აწყობს.
ეს პრობლემა დასავლეთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა დღეს, როდესაც დასავლეთისა და რუსეთის პოლიტიკური რიტორიკა მკვეთრად დაუპირისპირდა ერთმანეთს უკარინისა და სირიის საკითხებში. სირიის პრობლემის ქვეშ იგულისხმება არა მარტო ის ოპერაციები, რომელსაც რუსეთი ატარებს, არამედ ლტოლვილთა ის ნაკადი, რომელიც, როგორც პრობლემა, მოჰყვა სირიის კიზისს და რამაც ევროპაში ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
ამ შემთხვევაში, რუსეთი თვლის, რომ ლტოლვილების საკითხი უფრო მკაცრი მეთოდით უნდა მოგვარდეს, რასაც დასავლეთის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი. შესაძლოა, ალიანსის გადაწყვეტილება კავშირში იყოს საკითხისადმი მოსახლეობის ასეთ დამოკიდებულებასთან?
– მგონია, რომ ამ საკითხებთან არის კავშირში, რადგან მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თვლის, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, რომ გამკაცრდეს პოლიტიკა სირიელი და ერაყელი ლტოლვილების საკითხის მიმართ, სწორი იყო. ამიტომაც დადგა იმის აუცილებლობა, რომ იგივე მოსახლეობას, ვინც დღეს ამ პოზიციაზე დგას, შესთავაზონ ალტერნატიული ვერსიები, ამით არის გამოწვეული ალიანსის ეს ნაბიჯი.
რუსული პროპაგანდა, რომ საფრთხეს წარმოადგენს, ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული იქნება დასავლური კონტრზომები?
- არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილია რუსული პროპაგანდის ასეთი ჰიპერპოლიზაცია. საბჭოთა პერიოდში მთელი პროპაგანდისტული მანქანა საბჭოთა იდეოლოგიაზე მუშაობდა, მაგრამ როგორც კი დადგა მომენტი, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ანუ, იმ პროპაგანდამ ვერ გააქარწყლა ის უკმაყოფილება, რაც გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირში ყოფნით. მარტო პროპაგანდისტული მანქანა ვერ იქნება შედეგიანი, თუ მას ზურგს არ უმაგრებენ ფაქტები. საბედნიეროდ, დღეს ადამიანები მოვლენებს აფასებენ ისე, როგორც ეს მოვლენები იმსახურებენ.
თუმცა, პროპაგანდას თავისი შედეგი მოაქვს...
- რა თქმა უნდა. რაც შეეხება დასავლეთის კონტრზომებს, შედეგიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ გარდა პროპაგანდისტული მანქანისა, ანგარიშს გაუწევენ იმას, რას ფიქრობენ ადამიანები, როგორია მათი მოლოდინი იმ მოვლენების მიმართ და ეცდებიან ისეთი ნაბიჯებიც გადადგან, რომელთაც პროპაგანდისტული შედეგი ექნება. პროპაგანდა მარტო ლაპარაკი არ არის, მას თავისი საქმიანობით სჭირდება გამყარება. ამ თვალსაზრისით, დასავლეთი, რიგ შემთხვევაში, ცოტას აგვიანებს. ამიტომაც არის, რომ რუსული პოზიცია გამოხმაურებას ნახულობს დასავლეთის იმ წრეებში, რომელთა მხრიდან მოულოდნელია რუსული პოზიციისთვის მხარის აბმა.
რუსული პროპაგანდა იყო ყოველთვის და ეს ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენდა მსოფლიოსთვის, მაგრამ დღეს რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში?
- იმ განწყობილების ფონზე, რომელიც დღეს ევროპაშია, რუსული პროპაგანდა ჩანს, როგორც რეალური საფრთხე. მე ვერ ვიტყოდი, რომ რუსულმა პროგანდამ მოიგო მთელი ამ ხნის განმავლობაში, არამედ დასავლეთმა წააგო გარკვეული რაუნდები თავის პოლიტიკურ საქმიანობაში და ამ წაგების ფონზე პროპაგანდა ქმედითი ხდება. დასავლეთის მიერ გარკვეული შეცდომები არ ყოფილიყო დაშვებული, რუსულ პროპაგანდას სვლა არ ექნებოდა. დასავლეთის შეცდომებზე ახდენს რუსეთი პედალირებას პროპაგანდაში და ასევე ცდილობს წმინდა მატერიალური თუ ფიზიკური ხერხებით ჩაერთოს ამ ომში, რასაც პროპაგანდა ჰქვია.
საქართველოში შემთხვევაში რამდენად მტკივნეულად დგას რუსული პროპაგანდის საკითხი? მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრს საუბრობენ მედიაში, იგივე არასამთავრობო სექტორში რუსული ფინანსების გავლენაზე...
- საქართველოში რუსული ტანკები დგას და ტერიტორიები აქვთ ანექსირებული. ასე რომ, რა პროპაგანდიტული მანქანაც არ უნდა ჩართოს რუსეთმა, ამ ფაქტების განეიტრალებას ვერანაირი პროპაგანდით ვერ შეძლებს. ამიტომაც, საქართველოში ასე მკაფიოდ არ დგას რუსული პროპაგანდის პრობლემა. მაგრამ, დაუშვათ, რომ რუსეთმა გარკვეული ნაბიჯი გადადგა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოსაგვარებლად, აი მაშინ ნახავთ რამდენად გაიზრდება რუსული პროპაგანდის ეფექტურობა.
როგორ ფიქრობთ, შესთავაზებს რუსეთი საქართველოს კონფლიქტების გასაღებს?
- ვფიქრობ, რომ არ შესთავაზებს და რატომ? - რუსეთი არ შეცვლილა, თავს არ არიდებს კონფლიქტებს, პირიქით ამწვავებს. თვითონ პრორუსულად განწყობილი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთისთვის ეს კონფლიქტები, რომელსაც ის ეჭიდება, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსია იმ პირობებში, როდესაც ნავთობის ფასი ეცემა და სანქციებია მის წინააღმდეგ მიღებული.
აი, ამ ფონზე რუსეთი საქართველოს „ოქროს გასაღებს“ ნამდვილად არ შესთავაზებს, რადგან ეს არ იქნება მისი, როგორც შეიარაღებული აგრესორის როლის შესატყვისი. როგორც ჩანს, რუსეთს ეს როლი სჭირდება დღევანდელ მსოფლიოში. სჭირდება იმისთვის, რომ მისი ეშინოდეთ. ამიტომაც შეეცდება, რომ საშიში იყოს ყველასთვის და ყოველთვის.