„ქართული ოცნების“ სპიკერატი პოლიტიკაში მოსვლის მსურველებს აფრთხობს“

„ქართული ოცნების“ სპიკერატი პოლიტიკაში მოსვლის მსურველებს აფრთხობს“

„დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ „ოცნებამ“ ძალიან ბევრი პროფესიონალისგან თანამშრომლობაზე უარი მიიღო“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ვინ არიან ეს პროფესიონალები და რას უწუნებენ „ოცნების“ სპიკერატს? რატომ ვერ ჩამოყალიბდა მმართველი გუნდი მიზიდულობის ცენტრად და რას შეცვლის გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნა? ამის შესახებ გია ხუხაშვილი გვესაუბრა.

გია ხუხაშვილი: პროფესიონალთა გვარებს, ვინც „ოცნებას“ უარი უთხრა, ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ აქცენტი ძირითადად ამბიციურ ახალგაზრდებზე უნდა გავაკეთოთ, რომლებსაც აინტერესებთ პოლიტიკა, რომლებიც არ არინ დამძიმებულნი პოლიტიკური ელიტის ცოდვებით. როცა ეს ადამიანები უყურებენ „ქართული ოცნების“ სპიკერატს, ეს სპიკერატი მათ აფრთხობთ. ამ ადამიანებისთვის წარმოუდგენელია, ასეთ პარტიულ რეჟიმში ითანამშრომლონ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ისინი ხედავენ ტელევიზორის ეკრანებიდან. ჩვენ ვიცით, ვინც არის ეს სპიკერატი, ანუ ძირითადი გამხმოვანებელი „ქართული ოცნების“ იდეების. ამ ახალგაზრდებისთვის ისინი უფრო საფრთხობელები არიან, ვიდრე მიზიდულობის ცენტრი. თუმცა კვირიკაშვილის დანიშვნამ შესაძლებელია კორექტივები შეიტანოს ამ სიტუაციაში. კვირიკაშვილის ტონალობა, ადამიანური და პროფესიული თვისებები შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს. ძალიან რთული იქნება ჩვენი პერსპექტიული ახალგაზდებისთვის სატყუარად გამოგვეყენებინა მეჭიაური ან სხვა ადამიანები. ისინი არ შეიძლება იყვნენ მათი მაგალითნი. პროგრესულ ძალას მათ თვალში არ წარმოადგენს „ქართული ოცნება“. შეიძლება, „ოცნება“ არც არაფერს აფუჭებს და ეს კარგია ქვეყნისთვის, მაგრამ ბევრს არაფერს აკეთებს. ამბიციური ადამიანებისთვის ასეთ ვითარებაში აღმოჩენა მაინცდამაინც არ არის მისაღები.  

წინა პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების პრობლემა ის იყო, რომ ისინი ხიდებს წვავდნენ ყველა მიმართულებით, მათ შორის, იმ ადამიანების მიმართულებითაც, რომელთაც მერე სთავაზობდნენ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ამაში ლოგიკა არ იყო. კვირიკაშვილმა რადიკალურად შეცვალა სურათი, ის კორექტულია, როგორც საზოგადოების სოციალური ჯგუფების მიმართ, ასევე, პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით. უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება და ის ესწრება. ეს უპრეცედენტო მოვლენაა ქართულ სინამდვილეში. საუბედუროდ, იქამდე მივედით, რომ პრემიერ-მინისტრის უშიშროების სხდომაზე დასწრება, რაც მისი კონსტიტუციური მოვალეობაა, სანატრელი გაგვიხდა. არადა, უშიშროების საბჭო, ეს არის ერთადერთი კონსტიტუციური ფორმატი, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს იღებს. პოლიტიკაში არავის ევალება, ერთმანეთი უყვარდეთ ან არ უყვარდეთ, მაგრამ თანამშრომლობა სახელმწიფოს სახელით, აუცილებელია. წინა პრემიერი ამას ვერ ხვდებოდა და კვირიკაშვილმა აქაც აჩვენა თავისი სახელმწიფოებრივი აზროვნება.

როგორც ამბობენ, საარჩევნო სიაში მოსახვედრად კოალიაციაში ერთმანეთს არ ინდობენ, მაგრამ არის კი პროფესიონალიზმი იმის გარანტია, რომ თანამდებობაზე მოხვედრის შემდეგ ეს პროფესიონალებიც არ შეიცვლებიან ხალხის საზიანოდ და თავის სასარგებლოდ?

- „ქართული ოცნების“ ე.წ. ელიტა თავისთან არ უშვებს ამ ახალგაზრდებს. მათი ბუნებრივი ინტერესია, ეს ახალგაზრდები არ გაიკარონ ახლოს. ერთი მხრივ, „ოცნებას“ სურს გაჯანსაღება, მაგრამ, მეორე მხრივ, ის არაჯანსაღი სიტუაციის მძევალია. წესით, ხელისუფლება მიზიდულობის ცენტრი უნდა იყოს, რადგან კარიერისტები და მამაძაღლები, პირველ რიგში, ხელისუფლების ცენტრში აღმოჩნდებიან ხოლმე. მათ შეუძლიათ სხვების თავზე გადავლა. საკმაოდ რთული ვითარებაა. ჯამარაულის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ გარდაბნის არჩევნებზე პროფესიონალიზმზე არ გაკეთებულა აქცენტი, პირადი ურთიერთობებით უფრო გადაწყდა ეს საკითხი. მით უმეტეს, ადამიანი არ არის იქ რეგისტრირებული და იმის შესაძლებლობაც არ ჰქონდა, საკუთარი თავისთვის ხმა მიეცა.

ნაციონალები პროფესიონალებისგან დისტანცირებას ახერხებდნენ. ამავდროულად, სააკაშვილი ცდილობდა, გავლენიანი ადამიანები პიარისთვის გამოეყენებინა. ის საფრანგეთსაც გადასწვდა და ნოე ჟორდანიას შთამომავლებთან დაახლოებაც სცადა პოლიტიკური მიზნებისთვის. მთლიანობაში, რა შეცდომები იყო დაშვებული ორივე მთავრობის მხრიდან და ამანაც ხომ არ შეგვიშალა ხელი, რომ პროფესიონალთა გუნდი არ გვყავს?

- მე ახლა ჩამოვაყალიბე „პრაქტიკული პოლიტიკის კლუბი“, სადაც 15-მდე ახალგაზრდა მყავს და თითოეული მათგანი უკვე ბევრად წინ არის, ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, როგორც პიროვნული, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით. ასეთი პროფესიონალები არ გვაკლია, მაგრამ ვიმეორებ, მთავარია შეიქმნას მიზიდულობის ცენტრი. წინა ხელისუფლებას ამის უნარი უფრო ჰქონდა, მაგრამ უფრო გარეგან, ფასადურ მხარეზე ჰქონდათ აქცენტი გადატანილი. პროფესიონალიზმი კი არ იყო მთავარი, არამედ-გარკვეული ბეგრაუნდი. თუმცა ობიექტური პრობლემებიც აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ ის არის პარტია, რომელმაც სცადა დაეწყო სტრუქტურირება და ჩამოყალიბება უკვე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. საერთოდ, პარტია ხელისუფლებაში ყოფნისას არ იქმნება, ეს შეუძლებელია, ჯერ მოხვიდე ხელისუფლებაში და მერე დაიწყო პარტიაზე ზრუნვა. ოპოზიციაში როცა ხდება პარტიის ფორმირება, შესაბამისად, ხდება მისი სტრუქტურირება, იდეოლოგიური ფორმირება, ერთმანეთის გამოცდა, კრისტალიზაცია.

IRI-ის კვლევის სანდოობაზე არ ვდავობთ, მაგრამ IRI-ის  კვლევის ანალიტიკური დასკვნით, 2015 წელს საქართველოში პოლიტიკოსების ნდობა მკვეთრად დაეცა. ცინიკურად რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება ისეთი დროც მოვიდეს, პოლიტიკაში მოსვლა სამარცხვინოც იყოს?

- ეს ვითარების საკითხია, დღეს პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისია არა მარტო ხელისუფლებაში, არამედ-ოპოზიციაშიც. მთლიანად პოლიტიკა არ გახდა მოდური, რადგან ამბიციური ახალგაზრდები, გაურყვნელნი, წესიერნი მზად არიან თანამშრომელობისთვის, მაგრამ სად წავიდნენ, არ იციან. ისინი თვლიან, რომ არის ცუდი ხელისუფლება და კიდევ უფრო უარესი ოპოზიცია. IRI-ის  რომ თავი გავანებოთ, ამას ადასტურებს ორი რიგგარეშე არჩევნებიც, სადაც სტაბილურად 30%-ია აქტიური. ეს ადასტურებს ზუსტად IRI-ის  კვლევებს, სადაც ამომრჩევლის 70%-მდე დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესისგან, ის არ ახდენს იდენტიფიცირებას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან.

თქვენ ამბობთ, რომ ჩამოაყალიბეთპრაქტიკული პოლიტიკის კლუბი“. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა, პროფესიონალი პოლიტიკოსების აღზრდას ვაპირებთო, რადგან ასეთი პროფესიონალები არ ჰყავს საქართველოს.

- გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი კეთილი სურვილებია. რა იყო პოლიტიკა, ამ ადამიანმა გაიგო 2011 წელს და ამ ორი წლის განმავლობაში ყველა ხიდი დაწვა ყველა მიმართულებით. ამიტომ ღარიბაშვილის ეს ამბიცია არასერიოზულად გამოიყურება. შემთხვევით აღმოჩნდა პოლიტიკაში, ეს იყო გაუგებრობა მის ცხოვრებაში, რაც მის საკეთილდღეოდ დასრულდა.

გამოდის, ბიძინა ივანიშვილის არჩევანმა მარგველაშვილის, ნარმანიას და ღარიბაშვილის მიმართ არ გაამართლა? პირველი ორ შემთხვევას ბიძინა ივანიშვილი ნანობს ხოლმე, მაგრამ ღარიბაშვილზე მსგავსი არაფერი წამოსცდენია.

- ივანიშვილის გადმოსახედიდან ასეა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ცოტა სხვანაირადაა. იგივე პრეზიდენტი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი მკაცრად აკრიტიკებს მას. თუ ჩვენ ვისაუბრებთ ინსტიტუციურ დემოკრატიაზე სამომავლოდ, გიორგი მარგველაშვილი აჩვენებს იმის მაგალითს, როგორ უნდა იარო ამ გზაზე წინააღმდეგობის მიუხედავად. შეიძლება, ის იდეალური არ არის, მაგრამ პრინციპულად იცავს იმ პარამეტრებს, რაც კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

კვირის დასაწყისშიოცნებისყოფილი ლიდერის, არმაზ ახვლედიანის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაცოცნებასმძიმე ვერდიქტი გამოუტანა. ის ამბობს, რომ პარტიაში კერპებს სცემენ პატივს დაოცნებაშისაბჭოური იდეოლოგიაა.

- არ მინდა არმაზ ახვლედიანის შესახებ კომენტარის გაკეთება, რადგან, თუ შენ ხედავ პრობლემებს, ეს უნდა დაინახო თავის დროზე. მოგეხსენებათ, არმაზ ახვლედიანზე ბევრად უფრო ახლოს ვიყავი გადაწყვეტილებების მიღების ცენტრთან ამ ხელისუფლების შიგნით, მაგრამ, როგორც კი დავინახე არასწორი ტენდენციები, მიუხედავად მათთან მეგობრობისა, იმ დღიდანვე დავიწყე ამაზე კრიტიკული საუბარი. ამით ჩასაფრებული არ ვარ, პირიქით, ვეხმარები ნაკლის დანახვაში. არმაზ ახვლედიანის დღევანდელი აღმოჩენა ველოსიპედის აღმოჩენაა. მარტივი კითხვა ისმის - სამი წელია, არმაზ ახვლედიანი იქ ჩუმად იყო და სამი წლის თავზე, საარჩევნო წელს, როცა სიებზე მიდის ლაპარაკი, ახლა იწყებს ამაზე საუბარს? აქ უკვე ჩასაფრების პოზიცია ჩანს, მიუხედავად იმისა, რამდენად სწორს ამბობს. შეიძლება, რაღაც გავიზიარო კიდეც მის შენიშვნებში, მაგრამ ამაზე არმაზ ახვლედიანს უნდა ელაპარაკა და ემოქმედა პირველსავე დღიდან, რათა ის ვითარება არ მიგვეღო, რასაც ის დღეს აკრიტიკებს, რადგან ამ ვითარებაში პასუხისმგებლობა დიდწილად მასზეც არის.

მესმის, რომ პარტიები უნდა განვითარდეს, ამის გარეშე არ არსებობს თანამედროვე დემოკრატიული საზგადოება, მაგრამ, იქნებ, გაიზარდა ქართული საზოგადოება, რომ პარტიაშიშეძრომააღარ ითვლება პრიორიტეტად? იქნებ, რაღაც დადებითი დავინახოთ პოლიტიკისგან დისტანცირებაში? სხვათა შორის, თავის დროზე ქაქუცა ჩოლოყაშვილსაც პარტიაში შესვლას სთავაზობდნენ, მისი პასუხი კი იყო, რომ პარტიებმა დააქციეს საქართველო.

- სამწუხაროდ, ამაში არ არის საქმე. უბრალოდ, არსებული პოლიტიკური სპექტრი დამძიმებულია ძველი ცოდვებით. ახალი საქართველო გამოვიდა რეჟიმის პირობებიდან და ეს უდავოდ არის „ქართული ოცნების“ დამსახურება. შეიქმნა საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ვიაროთ მულტიპარტიული, ევროპული დემოკრატიისკენ, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი ვერ მიჰყვა ამ განვითარებას, დარჩა ძველი იდეებით დახუნძლული და დამძიმებული და ვერ პასუხობს ახალ მოთხოვნილებებს. არის მოთხოვნილება ორპოლუსიან მარაზმში დარჩენაზე, ერთმანეთისადმი თითის გაშვერაზე, ვერც ერთი მათგანი ვერ გვთავაზობს მომავლის ხედვას. პოლიტიკურ ბაზარზე არ არის იმ ხარისხის მიწოდება, რომ გაჩნდეს მოთხოვნილება. ყველა პოლიტიკური ძალა გვთავაზობს ვადაგასულ პროდუქტს, ვადაგასული პროდუქტით გამოკვება კი არ სურთ იმ ადამიანებს, რომელთაც რეალურად შიათ, მაგრამ ასეთი საქონლის ჭამა არავის უნდა.