„უნდა დაისაჯოს დამნაშავე, მაგრამ არ შეიძლება ეს დანაშაული კონტიგენტის მონაწილეობაზე გავრცელდეს“

„უნდა დაისაჯოს დამნაშავე, მაგრამ არ შეიძლება ეს დანაშაული კონტიგენტის მონაწილეობაზე გავრცელდეს“

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამსახურეობრივი მოვალეობას ჩამოცილებულია ყველა ის პირი, ვისი პირდაპირი ვალდებულებაც იყო 2014 წელს ფაქტების გამოძიება და სიმართლის გარკვევა. მათ შორისაა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, რომელიც მისიას ხელმძღვანელობდა. საქმე ეხება გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ ანგარიშს, რომლის თანახმად, ცენტრალური აფრიკის რექსპუბლიკაში არასრულწოვნებზე უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობა ხორციელდებოდა.

მოძალადეებს შორის ქართული კონტიგენტის წარმომადგენლებიც იყვნენ. საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, საქართველო აღნიშნული საკითხის გამოძიებას ხელს მაქსიმალურად შეუწყობს.

ქართველი სამხედროების მიერ მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის შესახებ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა სკადალური მოხსენება გააკეთა. ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ გაერო-ს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან.

„ორმა გოგონამ ინტერვიუს დროს თქვა, რომ ისინი ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფმა სამხედროებმა გააუპატიურეს. კიდევ ორმა გოგონამ კი განაცხადა, რომ მათ სექსუალური კავშირის სანაცვლოდ სხვა მისიის სამხედროებმა ფული გადაუხადეს. სამხედროების ნაწილის ეროვნება უცნობია, სამი გოგონას აზრით კი, მათზე ძალადობა მისიის ქართული კონტიგენტის სამხედროებმა განახორციელეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციზე, ცენტრალურ აფრიკაში ჯარისკაცების მხრიდან არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა თავდაცვის სამინისტროში. გაერთიანებული შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ეს საქმე დეტალურად უნდა იქნას გამოძიებული. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში გამოიძიოს ფაქტები და პასუხისმგებლობა დაეკისროთ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის უღირსი ქმედება, შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას.

„ჩვენ დიდი ყურადღებით და შეშფოთებით გავეცანით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ განცხადებას - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის შესახებ. მტკიცედ გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ.

მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არიან ისინი, რომელ ქვეყანას წარმოადგენენ და რა ენაზე საუბრობენ. საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს მთავრობისა და შეირაღებული ძალებისთვის. ჩვენი მიზანია, მოხდეს ამ საქმის დეტალური გამოძიება და ასეთი უმძიმესი დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ჩამდენი პირები, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისი თქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, პოტენციურად ეჭვმიტანილია მისიაში მონაწილე თითოეული სამხედრო მოსამსახურე.

„მათ ჰყავთ ოჯახები, მათი უდიდესი უმრავლესობა პატიოსნად და თავდაუზოგავად ემსახურება სამშობლოსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. ამიტომ, დაუშვებელია, რამდენიმე ადამიანის ქმედებამ, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელს და პრესტიჟს. ქართული სახელმწიფო და უპირველეს ყოვლისა, თავად ქართული ჯარი, 17 წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ამოცანას და იმავეს გააგრძელებს მომავალშიც, როგორც მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების ყველაზე საიმედო და სანდო პარტნიორი.

ასე იცნობენ ჩვენს ჯარს, ასეთად მოიხსენიებენ ჩვენს ჯარისკაცებს და, ყოველ ჩვენგანს შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ბიჭებით. სწორედ ამიტომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა უმოკლეს ვადებში გამოვიძიოთ ფაქტები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კონკრეტულ პირებს, ვინც ჩაიდინა ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის უღირსი ქმედება, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას“, - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

„ქართველი ჯარისკაცი არიან ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ და ვატარებთ“, -ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი ცენტრალურ აფრიკაში მყოფ ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხის ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება და ყველანი მის შედეგებს უნდა დაველოდოთ.

„ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის დღეს იყო ბევრი საამაყო ინფორმაცია ჩვენი მისიებიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, იმიტომ, რომ ქართველი ჯარისკაცი არის ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ და ვატარებთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ის სახელი და პრესტიჟი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აშენა ქართულმა ჯარმა, შენარჩუნდეს. თინა ხიდაშელის განცხადებით, ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, დადასტურდა თუ არა ეს ფაქტი. თავდაცვის უწყებამ ეს ინფორმაცია გასულ კვირას მიიღო. თუმცა, არაფერ მსგავსზე, არც ერთ დოკუმენტში საუბარი არ ყოფილა.

მინისტრის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, არავითარი ძალადობა, სისხლის სამართლის დანაშაულთან ახლოს მყოფიც კი არ ჩანს. არც ერთი მტკიცებულება ან კონკრეტული დოკუმენტი უწყებას გაეროდან არ მიუღია, არის მხოლოდ ის პრესრელიზი, რომელიც გავრცელდა.

„ჩემი უპირველესი ამოცანაა, რომ ასეთი შემთხვევებით და განცხადებებით, ჩრდილი არ მიადგეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მნიშვნელოვანია, რომ ის სახელი და პრესტიჟი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აშენა ქართულმა ჯარმა, შენარჩუნდეს. თუკი დადასტურდა, რომ ვინმემ ჩაიდინა, რაიმე იმასთან ახლოს მყოფიც კი, რაზეც საუბარია გაეროს პრესრელიზში, კანონის უმკაცრესი მოთხოვნით დაისჯება. სწორედ იმისთვის, რომ ერთი ან ორი ადამიანის მოქმედება მთელ დანარჩენ შეიარაღებულ ძალებზე არ გავრცელდეს.

ამ წუთის მდგომარეობით, ყველა ადამიანი 160-დან ვინც ცენტრალურ აფრიკაში იმყოფებოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მათ ოჯახები ჰყავთ, მეგობრები, აქვთ საკუთარი სახელი და არიან ძალიან წარმატებული სამხედროები, არც ერთი წამით არ მინდა იმის დაშვება, რომ ვინმე ოდესმე გაბედავს მათ კოლექტიური ბრალი დასდოს. ჩვენი ამოცანაა ეს ყველაფერი დროულად გაირკვეს და დიდი ხანი არ დასჭირდება ამ საკითხს წერტილი დაესვას“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე თვლის, რომ უნდა მოხდეს საქმის გამოძიება, თუმცა, რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, არ უნდა შეილახოს მთლიანად შეიარაღებული ძალების რეპუტაცია.

„სანამ გამოძიების მიერ არ დასახელდება ამ დანაშაულში მონაწილე პირები, მანამდე რთულია საუბარი. დაველოდოთ გამოძიებას. უნდა დაისაჯოს კონკრეტული პასუხისმგებელი პირი, მაგრამ არ შეიძლება ეს დანაშაული მთლიანად ქვეყნის და კონტიგენტის მონაწილეობაზე გავრცელდეს. იცით, რომ ქართულ მხარის მონაწილება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საერთაშორისო უსაფრთხოების ფარგლებში, რომელიც მრავალგზის დაფასებული იქნა ნატოს გენერალური მდივნისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაში“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.