ნატო-ს 2015 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ნატო-ს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც მისი მხრიდან საკუთარი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ძალის გამოყენების დემონსტირებაა. თუმცა, ამის მიუხედავად, ნატო განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა ამ ქვეყნებმა უკეთ შეძლონ, გარე ზეწოლას წინააღმდეგობა გაუწიონ.
„აღმოსავლეთში ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა მათ გარე ზეწოლასთან გამკლავება უკეთ შეძლონ. ჩვენ მათ სხვადასხვა გზით ვეხმარებით თავდაცვისუნარიანობის მშენებლობის, ინსტიტუტების მოდერნიზებისა და რეფორმების გაძლიერების კუთხით“, - აღნიშნულია ალიანსის ყოველწლიურ ანგარიშში.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 2015 წლის ანგარიშში ვრცლად არის საუბარი საქართველოს შესახებ. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაციას. ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია გასული წლის განმავლობაში ნატო-სა და მისი მოკავშირეების მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები, ასევე აღნიშნულია, რომ 5-20 ივნისს ბალტიისპირეთში გამართულ მასშტაბურ საზღვაო წვრთნებში ქართველმა სამხედროებმაც მიიღეს მონაწილეობა.
საკვანძო სამხედრო წვრთნებს შორის დასახელებულია საქართველოში, 2015 წლის 8-22 ივლისს ჩატარებული მრავალეროვნული წვრთნებიც, რომელშიც ქართველების გარდა, მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა სამხედრომ ბულგარეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, რუმინეთიდან და აშშ-დან. ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ გასულ წელს ჩატარდა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა ნატო-სა და მის მოკავშირეებს შორის, მათ შორის საქართველოშიც. ანგარიშში, სადაც ნატო-ს პარტნიორებზეა საუბარი, დეტალურადაა განმარტებული ნატო-ს აქტივობები ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში და ამ კონტექსტში საქართველოცაა ნახსენები.
„დეკემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს წევრობის მისწრაფებისადმი და მოუწოდეს განახორციელოს წევრობისთვის საჭირო რეფორმები, ასევე დაადასტურეს ნატო-ს მხარდაჭერა ამ ძალისხმევისადმი. გასულ წელს ნატო-მ რიგი სიახლე შემოიღო, რამაც მისცა გარკვეულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობა“,- ნათქვამია დოკუმენტში.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ბევრი ისეთი რამ ხდება ნატო-სთან ურთიერთობაში, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო მათიანია. თინა ხიდაშელის განცხადებით, თებერვალში დაგეგმილი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველო პირველად არის მიწვეული ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე.
„სხვათა შორის, თებერვლის მინისტერიალი საინტერესოა იმიტომ, რომ პირველად მოხდება, როდესაც საქართველო დაპატიჟებულია ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე. ეს არის ერთ-ერთი ოფიციალური ფორმატი, სადაც ჩვენ არასოდეს მიწვეული არ ვყოფილვართ, არც ერთი არაწევრი ქვეყანა მიწვეული არ ყოფილა. ეს არის ერთ-ერთი ჟესტი იმის, რომ კლუბის წევრი ხარ, მათიანი ხარ და ასეთ არაფორმალურ ღონისძიებებზეც კი, სადაც ძირითადი საკითხები თანხმდება, უკვე მოგვცეს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მივიღოთ. ბევრი ასეთი რამ ხდება ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, რომელიც შეიძლება, ერთი შეხედვით პატარა და უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ მუდმივმოქმედ რეჟიმში ადასტურებს იმას, რომ მათიანი ხარ და ის პარტნიორი ხარ, რომელსაც შიდა დისკუსიებშიც კი აღებინებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ბოლო პერიოდში ნატო-ს პრაქტიკულად ყველა მინისტერიალი ეძღვნება მტკიცე მხარდაჭერის მისიას (RSM), ISIS-ისგან მომავალ საფრთხეებს და არც ეს მინისტერიალი იქნება გამონაკლისი. ხიდაშელის განცხადებით, მინისტერიალის ფარგლებში ასევე, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
„პრაქტიკულად ყველა მინისტერიალზე ტარდება ნატო-საქართველოს კომისის სხდომა. ადრე ამას ჩვენ ვითხოვდით ხოლმე და ვიბრძოდით ამისთვის, ახლა მათი შემოთავაზებით ტარდება და იენს სტოლტენბერგის გუშინდელი განცხადებებიც, მე ვფიქრობ, საკმაოდ ამომწურავი იყო დამოკიდებულებებთან დაკავშირებით“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ ეს არის ნატოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. მისივე თქმით, ალიანსი მაღალი ტრიბუნიდან ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თავის დღის წესრიგში ახლო პარტნიორებთან ურთიერთობის ფორმებში, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად აყენებდა.
„ამაზე მეტყველებს ისიც, რომ უელსის არსებითი პაკეტის ფარგლებში გაიხსნა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომლის ფარგლებში რამდენიმე მშვნელოვანი პროგრამა ფუნქციონირებს. თანამშრომლობა ღრმავდება თავდაცვის შესაძლებლობის განვითარების ფარგლებში და ამ კუთხით ძალიან სერიოზული გეგმები არსებობს მომავალში. ზაფხულში იმართება ნატოს ვარშავის სამიტი, ძალიან მნიშვნელოვანია ვარშავის სამიტამდე ნატოსთან ურთიერთობების თანამშრომლობის ფარგლებში აღებული რეფორმების შესრულება.
ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შეფასებაა ნატოს მხრიდან, მაგრამ დღევანდელ პირობებში საჭიროა მნიშვნელოვანი იმპულსის მიცემა ნატოსთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ დემოკორატიული და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების კუთხით ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯებია, რათა ამან შესაბამისი ასახვა ჰპოვოს ვარშავის ნატოს სამიტზე და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ნატოში გაწევრიანების მხრივ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.
ნატო-ს 2015 წლის ანგარიშსს, რომელშიც ვრცლად არის საუბარი საქართველოს მიღწევებზე, დადებითად აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყავრელიძე, თუმცა თვლის, რომ თუ ალიანსმა ისევ დაპირებებით გვამყოფა, ეს გავლენას იქონიებს რუსული პროპაგანდის გაძლიერებაში.
„მერამდენე წელია მოლოდინის რეჟიმში ვართ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ასეთი პასიურობა ცუდ სამსახურს უწევს დასავლეთის იმიჯს საქართველოში. ამავე დროს გაუგებარია, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო ბრწყინვალედ ასრულებს ყველა იმ ამოცანას, რაც მის წინაშე დგას, მაგრამ ნატოში წევრობას იღებს მონტენეგრო და არა საქართველო. ეს გაუგებრობები საკმაოდ ცუდ სამსახურს უწევს დასავლეთის იმიჯს საქართველოში. დროა, დასავლეთმა საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში მიიღოს ისეთი ქმედითი ზომები, რომ მოსახლეობამ იგრძნოს დასავლეთის მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაში გამორიცხული არ არის, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინასა და მოლდოვაში შესუსტდეს დასავლეთის მხარდაჭერა და ორიენტაცია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზმ საყვარელიძემ.