"ალო! სამი ოცია?.. რომელ უჭირამს ტრუბკა..." სატელეფონო ინდექსები იცვლება

საქალაქთაშორისო კოდების შემდეგ, ნუმერაციის ახალ სისტემაზე, ახლო მომავალში ფიქსირებული სატელეფონო ქსელები და მობილური ოპერატორებიც გადავლენ. საქართველოს ფიქსირებული სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები 4 ივნისიდან, ხოლო მობილური ტელეფონების ნომრები კი 20 ივნისიდან შეიცვლება. თბილისში შვიდციფრიანი სააბონენტო ნომრები იმოქმედებს, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ქალაქებში - ექვსციფრიანი.

ახალი ნუმერაციით მოქმედ ფიქსირებულ სააბონენტო ნომრებს დაემატება ციფრი 2, აბონენტის დანარჩენი ციფრები კი უცვლელი დარჩება.

რაც შეეხება მობილურ სააბონენტო ნომერს, ახალი ნუმერაციის ამოქმედების შემდეგ, ყველა ნომრის პირველ ციფრი იქნება - 5. ანუ, თუ მობილურ ქსელთან დავაპირებთ დაკავშირებას, "8"-ს ნაცვლად უნდა ავკრიბოთ ციფრი "5" და შემდეგ მობილური ტელეფონის ნომერი.

რა თქმა უნდა, ნუმერციის ახალ სისტემაზე გადასვლა გარკვეულ ეტაპზე სირთულეებს შეუქმნის მომხმარებლებს. დავიწყოთ იმით, რომ ყოველ ადამიანს თავისი მობილური ტელეფონის მეხსიერებაში მცირე საინფორმაციო ბაზა აქვს შექმნილი, სადაც საჭირო ნომრები აქვს ჩანიშნული. ახალი კოდების ძალაში შესვლის შემდეგ, სატელეფონი წიგნიდან სასურველ აბონენტთან ზარს ავტომატურად ვეღარ განახორციელებთ მანამ, სანამ ყველა აბონენტის ნომერში შესაბამის ცვლილებას არ შეიტანთ. ეს პროცედურა კი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.

საინფორმაციო ბაზებში კორექტივების შეტანა მოუწევთ საინფორმაციო ცენტრებსაც. როგორც საინფორმაციო ცენტრ "08"-სა და "09"-ში ამბობენ, ცვლილებების შეტანა მონაცემთა ბაზაში უკვე დაიწყეს და ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლისთვის მზად არიან.

გიორგი კოჭლაძე (საინფორმაციო ცენტრ "08"-ს დირექტორი): "ჩვენ საკმაოდ მოქნილები ვართ, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების თვალსაზრისით, ამიტომ ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება და საჭიროების შემთხვევაში ასევე დროულად მივაწვდით მომხმარებელს მისთვის საინტერესო და ამომწურავ ინფორმაციას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფა ძალიან მოქნილი იყოს, რათა მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაცემა ძალიან სწრაფად მოხდეს.

ყოველთვის, როდესაც ახალ შეთავაზებას ვიღებთ, ან ახალი კამპანიისთვის ვემზადებით აუცილებლად ვზრდით თანამშრომელთა რაოდენობას. ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქეცით, დავიმატეთ თანამშრომლები და მომავალშიც ვაპირებთ გავზარდოთ კადრების რაოდენობა. ჩვენ საკმაოდ მასშტაბური საინფორმაციო ბაზა გვაქვს, ამიტომ გვსურს, რომ ამ ახალ ცვლილებებს მაქსიმალურად მობილიზებული შევხვდეთ.

სხვათა შორის, წინასწარ შევიტანეთ საინფორმაციო ბაზაში ცვლილებები საქალაქთაშორისო, ფიქსირებული თუ მობილური ტელეფონების ნუმერაციაში და როგორც კი ყოველი ახალი ცვლილება შედის ძალაში, ავტომატურად მუშაობას იწყებს ჩვენი საინფორმაციო ცენტრის განახლებული საინფორმაციო ბაზა. თუმცა ყოველთვის ვინახავთ ძველ მონაცემებსაც, მაგალითად იმ შემთხვევისთვის თუ ვინმეს ექნება მოთხოვნა გავცეთ ინფორმაცია რა კოდი ჰქონდა კონკრეტულ ქალაქს ცვლილებების ამოქმედებამდე და ა.შ."

ინგა კურცხალია (საინფორმაციო ცენტრ "09" დირექტორი): "ჩვენ უკვე მზად ვართ ახალი ცვლილებებისთვის, საინფორმაციო ბაზები სრულ მზადყოფნაშია და როგორც კი ახალ სისტემაზე გადასვლა მოხდება, პროგრამაში განახლებულ მონაცემებს ჩავტვირთავთ.

სხვათა შორის, დროულად მივიღეთ მარეგულირებლისგან წერილი იმის შესახებ, თუ როდის და როგორ მოხდებოდა ახალ ნუმერაციაზე გადასვლა და ვიმედოვნებთ, რომ არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება და შესაბამისად, მომხმარებელიც კმაყოფილი იქნება ჩვენი სერვისით.

რაც შეეხება მობილური ტელეფონების სამახსოვრო წიგნში ცვლილებების შეტანას, ეს ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა და მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ საკუთარ სატელეფონო ჩანაწერებში უკვე დავიწყე ახალი კოდების შეყვანა."

ასე რომ, ცვლილებებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და თუ თქვენს სატელეფონო წიგნში ბევრი ჩანაწერია, გირჩევთ თადარიგი დაიჭიროთ და ახალი კოდების დამატება უკვე დაიწყოთ.