ნაციონალები, რომლებიც პარლამეტში სხდომებს არ ესწრებიან, მოსახლეობაზე ზრუნვის მოტივით, ახალ ფრაქციას ქმნიან

ნაციონალები, რომლებიც პარლამეტში სხდომებს არ ესწრებიან, მოსახლეობაზე ზრუნვის მოტივით, ახალ ფრაქციას ქმნიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობის ფარგლებში ახალ ფრაქცის, „ნაციონალური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ქმნის. უმცირესობის ფარგლებში ეს რიგით მეოთხე ფრაქცია იქნება, რომელსაც გიორგი ღვინიაშვილი უხელმძღვანელებს. ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების მიზეზად დროის და მატერიალური რესურსის გამოყენება სახელდება, რომელიც პარლამენტში ფრაქციებს გააჩნიათ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად „ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება აქვს შექმნას ახალი ფრაქცია, ისევე, როგორც „ქართულ ოცნებას“. ახალი ფრაქციის შექმნა პარლამენტის ბიუჯეტიდან დამტებითი თანხების გამოყოფას მოითხოვს. რამდენი იქნება ახალი ფრაქციის სახელფასო ფონდი ჯერჯერობით, ამ საკითხზე ბიუროზე არ უმსჯელიათ, ვინაიდან, ჯერ ბიუროს სხდომა არ ჩატარებულა.

ახალი ფრაქციის შექმნა რომ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამის შესახებ for.ge-სთან საუბრობს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ზურაბ მარაქველიძე, რომლის განცხადებით, ბუჯეტის დაგეგმვის დროს ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ის შესაძლებლობა, რომ შეიძლება შეიქმნას ახალი ფრაქცია.

„2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტში 6 ფრაქცია შეიქმნა. ეს ჩვეულებრივი პროცესია. პარლამენტის 6 წევრს შეუძლია შექმნას პარტია და, რა თქმა უნდა, ბიუჯეტში უნდა იქნას გათვალისწინებული რეზერვი, რომ ახალ შექმნილ ფრაქციას ჰქონდეს იგივე უზრუნველყოფა, რაც სხვა დანარჩენ ფრაქციებს პროპორციების შესაბამისად. დიახ, ხარჯი იზრდება, თუმცა როდესაც შეიქმნება ახალი ფრაქცია დაფინანსდება“, - აცხადებს ზურაბ მარაქველიძე.

მაშ ასე, პარლამენტის ბიუჯეტი შესაძლებლობას იძლევა დამატებითი თანხები გამოიყოს ახალი ფრაქცია -„ნაციონალური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“. ახალი ფრაქციის შექმნის შემდეგ გამოიყოფა სამივლინებო ფონდი, ასევე ფრაქციის აპარატისთვის სახელფასო ფონდი, საწვავის თანხა და ა.შ. საერთო ჯამში კი, წელიწადში ერთი ფრაქციის შენახვა დაახლოებით 150 ათასი ლარი ჯდება.

ახალ ფრაქციაში ერთიანდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გიორგი ღვინიაშვილი, როლანდ ახალაია, შოთა მალაშხია და ნიკა ყიფშიძე.

გიორგი ღვინიაშვილი, რომლიც ახალი ფრაქციას ჩაუდგება სათავეში for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ფრაქციის ძირითადი დანიშნულება იქნება რაც შეიძლება მეტი გამოსასვლელი დრო ჰქონდეთ პარლამენტში.

„ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს მეტი გამოსასვლელი დრო და საშულება, რომ პარლამენტში ვიმუშაოთ ჩვენი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება თანხებს, ამის საშუალება აქვს პარლამენტს. მარტო ეს ფრაქცია არ უნდა იყოს ხარჯების პრობლემა“, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

ახალი ფრაქციის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილების მოტივად მოსახლეობაზე ზრუნვას ასახელებენ, 2015 წელს პარლამეტში გამართული 56 სხდომიდან ყველაზე მეტი გაცდენა სწორედ ამ ექვსეულის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს საქართველოს პარლამენტის რეგლამეტი არეგულირებს. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მთლად სრულყოფილია რეგლამენტში არსებული ეს წესი.

რეგლამენტის თანახმად, სამი ძირითადი კატეგორიაა, როდესაც პარლამენტის წევრს გაცდენა საპატიოდ ეთვლება - პირველი, როდესაც პარლამენტიდან იმყოფება მივლინებაში და არა პარტიიდან, მეორე - როდესაც ადამიანი ავადმყოფობს, ასეთ შემთხვევაში, მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა, მესამე - ოჯახური მდგომარეობა. როგორც წესი, საქართველოს პარლამენტის წევრები გაცდენის მიზეზად მესამე კატეგორიას - ოჯახურ მდგომარეობას ასახელებენ.

2015 წელს ჩატარებული 56 სხდომიდან 29 გაცდენა აქვს გიორგი ღვინიაშვილს, აქიდან 26 სხდომა საპატიო მიზეზით გააცდინა, 3 კი არასაპატიო აღმოჩნდა. for.ge-სთან საუბრისას დეპუტატი ვერ იხსენებს, არასაპატიო მიზეზით რატომ გააცდინა პარლამენტის სხდომა.

„როდესაც არ ვარ, რა თქმა უნდა, საპატიო მიზეზის გამო არ ვარ. რაც შეეხება სამ გაცდენას, ვერ ვიხსენებ, მაგრამ შეიძლება რაღაცა ტექნიკური პრობლემაა, ან წერილი არ წავიდა ჩვენგან, მართლა არ ვიცი“, - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.

ღვინიაშვილისგან განსხვავებით, ამ კუთხით რეკორდი მოხსნა კობა ნაყოფიამ. პარლამენტის 56 სხდომიდან 55 გაცდენა აქვს, აქიდან 55-ვე საპატიოა, ხოლო 1 სხდომას არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო. for.ge-ს კითხვაზე, ახალი ფრაქციის შექმნის შემთხვევაში როგორ შეძლებს ხმის მიწვდენას ამომრჩევლისთვის, როდესაც პრაქტიკულად არ ესწრება პარლამენტის სხდომებს, ნაყოფიამ ასე გვიპასუხა: „დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ. მე ახლა არ ვარ საქართველოში და დიდი ხანი ვერ დაგელაპარაკებით. სამსახურეობრივი მოვალეობის მიზნით ვიმყოფები უცხოეთში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კობა ნაყოფიამ.

რაც შეეხება ახალი ფრაქციის სხვა წევრებს, მაგალითად შოთა მალაშხიას, რომელმაც იმ მიზეზით, რომ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და კომენტარი არ გააკეთა, სხდომა 39-ჯერ საპატიო მიზეზით გააცდინა, 2 კი არასაპატიო მიზეზით. საერთო ჯამში 48 გაცდენა აქვს როლანდ ახალაიას, აქიდან 41 საპატიო, 7 არასაპატიო. 47 საპატიო გაცდენა აქვს ასევე ნიკოლოზ ყიფშიძეს, აქიდან 9 არასაპატიო. 47 გაცდენიდან 46 საპატიო მიზეზით გააცდინა აზერ სულეიმანოვმა, 1 კი არასაპატიო მიზეზით გააცდინა.

მაშ ასე, დეპუტატები, რომლებიც პრაქტიკუალად არ ესწრებიან პარლამენტის სხდომებს, ახალ ფრაქციას ქმნიან, ამ დეპუტატების შენახვა კი, პარლამენტის ბიუჯეტს დაახლოებით 150 ათასი ლარი დაუჯდება.