ვლადიმირ პუტინი „დიადი ოქტომბრის რევოლუციის“ ბელადს შემოსწყრა. პუტინი, რომელიც აქამდე ფრთხილად ეკიდებოდა ისტორიული პიროვნებების კრიტიკას, რათა რუსი კომუნისტები არ გაენაწყენებინა, ამჯერად ლენინის რევოლუციურ იდეებსა და ნაციონალურ პოლიტიკას გადასწვდა.
რუსეთის დღევანდელმა ლიდერმა განსაკუთრებით მწვავედ გააკრიტიკა ლენინის ნაციონალური პოლიტიკა, რომელმაც საბჭოთა რესპუბლიკებს კავშირიდან გამოყოფის უფლება მისცა, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა. ლენინმა „ნელი მოქმედების ნაღმი“ დაუდო რუსეთის სახელმწიფოებრიობას“, - აღნიშნა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ, ლენინისგან განსხვავებით, პუტინისთვის ყოველთვის მშობლიური იყო სტალინის სახე. როცა „ედინაია რასიას“ ყრილობაზე დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის მონაწილეობას, ამ უკანასკნელმა თავისი გამოსვლა სტალინის სიტყვებით დაასრულა: „სიმართლე ჩვენთანაა! ჩვენ გავიმარჯვებთ!“ სტალინმა ამ სიტყვებით საბჭოთა მოსახლეობას 1941 წლის 22 ივნისს, დიდი სამამულო ომის დაწყებისას მიმართა.
რას ნიშნავს პუტინის მხრიდან საბჭოეთის ბელადების რანგირება და რა „ნელი მოქმედების ნაღმი“ დაუდო რუსეთის სახელმწიფოებრიობას ლენინმა?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ლენინმა იმდენი ცუდი წაიღო იმ ქვეყნად, რომ, თუ არსებობს ჯოჯოხეთი, მას იქიდან ვერც ელისაშვილის შეწყალების კომისია და ვერც ჩვენი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისია ვერ იხსნის. თუმცა ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ლენინი უდანაშაულოა, ვინაიდან 1918 წელს ლენინს საერთოდ არ ეცალა ეროვნული საკითხისთვის, ეროვნული პოლიტიკა იყო ზინოვიევის, კამენევისა და ტროცკის იდეა. მართალია, ეროვნული პოლიტიკა სტალინისთვის „პური“ იყო, მაგრამ სტალინს იმ დროს იმხელა გავლენა არ ჰქონდა. ლენინისა და სტალინისგან განსხვავებით, არც ერთს იმ სამეულიდან ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მსოფლიო რევოლუცია კარზე იყო მომდგარი. თუ მსოფლიო რევოლუცია მოხდებოდა, მაშინ მთელი მსოფლიო კომუნისტური გახდებოდა და რაღა აზრი ექნებოდა ეროვნულ პოლიტიკას?
რაც შეეხება პუტინის წუხილს საბჭოთა რესპუბლიკების კავშირიდან გამოყოფის გამო და ე.წ. ლენინისეულ „ნელი მოქმედების ნაღმს“, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის პირველი ინიციატორი იყო ელცინი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ძალზე შეზღუდული გავლენის მქონე დისიდენტურ ჯგუფებს საქართველოსა და ბალტიისპირეთში.
„ეს იყო ელცინის იდეა, რადგან 90-იან წლებში უკვე არსებობდა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი-მიხეილ გორბაჩოვი და ელცინს გაპრეზიდენტებისთვის სხვა გზა აღარ ჰქონდა. ორპრეზიდენტიანობა რომ გამქრალიყო და ერთპრეზიდენტიანობა დარჩენილიყო, ამისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა. როდესაც ბელოვეჟის ტევრში შეიკრიბნენ უკრაინის, ბელორუსიისა და რუსეთის (ელცინი) ლიდერები, მაშინ გადაწყდა საბჭოთა კავშირის დაშლა და ელცინიც მაშინ გახდა ერთადერთი პრეზიდენტი. ეს ჩვეულებრივ რუსულ სტილში მოხდა, გორბაჩოვს უჯრებიდან თავისი ნაწერებისა და დოკუმენტების გამოღებაც არ აცალეს, ბურბულისი და შახრაი მეორე დღესვე შეუცვივდნენ კაბინეტში, რუსეთის პრეზიდენტს თავისი კაბინეტი სჭირდებაო და გორბაჩოვი გააგდეს კაბინეტიდან. მერე ჩიოდა გორბაჩოვი, ჩემი წიგნებიც არ გამატატინეს იქიდან, არ დამაცადესო.
თუმცა ის, რომ პუტინი ლენინს საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამო ადანაშაულებს, რეალურად სხვა რამით უნდა იყოს განპირობებული. პუტინის განცხადებას უფრო შორს მიმვალი მიზანი აქვს, ქრისტიანულად დაასაფლავონ ნახევრად ებრაელი ლიდერი - ლენინი, რადგან უკვე ყოველგვარ საღ აზრს გადასცდა მავზოლეუმის არსებობა. ამით პუტინს სურს, ლენინის მნიშვნელობა დასწიოს და ის გაუთანაბროს ჩვეულებრივ მოკვდავთ. ამით ტურისტული ნაკადი არ შემცირდება, ისევე, როგორც ჩინეთში მაო ძედუნის მავზოლეუმთან ტურისტები ნაკლებად დადიან. პროვინციებიდან ჩამოყავდათ ხალხი ავტობუსებით, რათა სულ რიგი ყოფილიყო ლენინის მავზოლეუმთან. დაწყებული იმდროინდელი ლენინგრადიდან, ხარკოვიდან, კიევიდან, დამთავრებული ხაბაროვსკით, ერთკვირიან საგზურებს აძლევდნენ ხალხს და სახელმწიფო ამის ფულს იხდიდა. 21-ე საუკუნეში მავზოლეუმი ცივილიზაციისგან შორს მყოფი ნაბიჯია. ჩინელებს ეს ისტორიული ტრადიცია აქვთ, ისევე, როგორც ეგვიპტელებს პირამიდები, მაგრამ რუსეთისთვის ეს მაშინაც უცხო იყო. ამიტომაც განაწყენდნენ ლენინელები, ბოლშევიკები, რადგან მათ იციან, რასაც აპირებს პუტინი.
ალბათ, პუტინის დროს მოხდება ლენინის დასაფლავება ქრისტიანული და არა - კერპთაყვანისმცემლური წესით. თანაც, როგორც ამბობენ, ლენინის სახე და ხელები 85%-ით სანთელია უკვე. ლენინი ქრება, ტანი საერთოდ აღარ აქვს, ახლა კიტელი აცვია და არ ჩანს, სანთლით ავსებენ ხორცს, ესეც მარაზმია, პუტინი ხვდება ამას, პუტინი თავგადაკლული ბოლშევიკი არასოდეს ყოფილა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ის, რომ პუტინი უფრო მეტად აფასებს სტალინს, ამის მიზეზს პოლიტოლოგი სტალინის (და არა ლენინის დროს) შექმნილი ძლიერი სპეცსამსახურებით ხსნის. სპეცსამსახურები იქცა სახელმწიფოში სახელმწიფოდ, ლენინი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ამბობდა, დერჟინსკი დროებითი მოვლენაა, კონტრრევოლუციას რომ გავუსწორდებით, დერჟინსკისა და ნკვდ-ს ადგილი არ უნდა იყოსო. თუმცა სადღა იყო კონტრევოლუცია 1926-27 წლიდან, როცა იაგოდა, ეჟოვი და ბერია სწორედ სტალინის დროს შეიქმნა. ამიტომაც პუტინი სტალინს თვლის თავის პოლიტიკურ ნათლიად და, ალბათ, მსოფლიოში ნომერ პირველი სტალინისტი გოგი თოფაძეა, ნომერ მეორე-პუტინი.
ისტორიკოსი ფარნაოზ ლომაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სტალინის მოხსენებაში „აბ აბრაზოვანიი სოიუზა სავეტსკიხ სოციალისტიჩესკიხ რესპუბლიკ“, ჩაიწერა, რომ ყველა მოკავშირე რესპუბლიკას ჰქონდა საბჭოეთიდან გასვლის უფლება. იმ პერიოდში საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი- ამიერკავკასიის ეს სამი რესპუბლიკა მოკავშირედ ითვლებოდა. დოკუმენტში ოფიციალურად ისიც კი ჩაიწერა, რომ საქართველოსაც ჰქონდა გასვლის უფლება. ამიტომ, როდესაც მოაწერეს ხელი საბჭოთა კავშირის დაშლას, ქართველებმაც ძალიან კარგად ისარგებლეს ამ დოკუმენტით.
„არ მჯერა, რომ ლენინი სტალინზე უფრო გულჩვილი იყო. როგორც მენშევიკი და ბოლშევიკი არ განსხვავდებოდა, ისე ვერ განასხვავებდით ლენინსა და სტალინს. როცა ლენინს მოახსენეს, დაპატიმრებულია სამი ათასი სასულიერო პირიო, ლენინისვე ბრძანებით, ერთ ღამეში დახვრიტეს ეს სამი ათასი მღვდელი. მარტო ჰიტლერს რომ დაბრალდა ბანაკების შექმნა, ჩვენ საერთოდ ვმალავდით, რომ ამგვარი ბანაკები სტალინსაც ჰქონდა, უფრო ადრე კი ლენინმა დაიწყო. ლენინის დროს პატიმრებს ბანაკში ამუშავებდნენ, არაფერს აძლევდნენ, 600 გრამი პურის გარდა. 1918 წელს ბალტიისპირეთში გამოსვლები რომ იყო, რა ქნეს ლენინმა და დერჟინსკიმ? უამრავი სისხლი დაღვარეს. ოქტომბრის რევოლუციის წინა დღეს, ფინეთში რომ იმალებოდა და ვითომ იქ თიბავდა (რათა თავი აერიდებინა დაპატიმრებისთვის), რა გააჩერებდა მაგას უსაქმურად? უზარმაზარი წიგნი დაწერა- „რევოლუცია და სახელმწიფო“, სადაც პირდაპირ თქვა, მარქსისტია მხოლოდ ის, ვინც კლასთა ბრძოლას გაავრცელებს დიქტატურამდეო. იქვე ჩაწერა, ეს დიქტატურა იქნება სისხლიანი და უსისხლოც, სამხედრო და მშვიდობიანიც.
ჯერ კიდევ 1905 წელს მიუხვდა ამას ტოლსტოი. ტოლსტოის როცა ეწვია მუშათა დელეგაცია, რომლებმაც ჰკითხეს, თქვენ რატომ არ გვეხმარებით, რომ სოციალიზმი გავაკეთოთო, ტოლსტოიმ მიუგო, რას აპირებთო? პასუხად მიიღო, ლენინის მიხედვით, დიქტატურას ვამყარებთო. ახ, დიქტატურაო? კარგად იყავით, აუდიენცია დამთავრებულიაო და გამორეკა იქიდან. ლენინის გარეშე ჩხირი არ გადაბრუნდებოდა რუსეთში, სტალინმა კი ეს რეპრესიები გაუგონარ მასშტაბამდე აიყვანა“, - აღნიშნა ფარნაოზ ლომაშვილმა და დაასკვნა, რომ მცდარია თანამედროვე რუსული იმპერიის ხელმძღვანელობის შეფასება, რომ თურმე ლენინი კარგია, ან სტალინი ცუდია, ან პირიქით. სინამდვილეში, ორივე ერთია.