„თავისუფალი სავალუტო რეჟიმის შემოღების ინიციატივა უამრავ რისკს შეიცავს“

„თავისუფალი სავალუტო რეჟიმის შემოღების ინიციატივა უამრავ რისკს შეიცავს“

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ქვეყანაში თავისუფალი სავალუტო რეჟიმის არსებობის ინიციატივით გამოდის. მისი ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ახლა ლარს არავინ ენდობა, ამიტომ ქვეყანას სანდო ფული სჭირდება.

„ინვესტორი რომ ჩამოდის და სურს ოპერაციის დოლარში კეთება, ის ამაში არ უნდა შევზღუდოთ. ჯერ ერთი, ტრანზაქციებში ფულს კარგავს და, მეორე, შეიძლება, ლარში ოპერაციები განახორციელო, თუმცა, არ იცი, ეს ლარი გარკვეული პერიოდის შემდეგ რა მდგომარეობაში დაგვხვდება და უცებ აღმოაჩინო, რომ შეიძლება უცებ წაგებაში წახვედი“,-აცხადებს ჯაფარიძე და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს ფიქსირებული კურსი და სავალუტო საბჭო.

პარალელურად, ექსპერტი ეკონიკის საკითხებში რომან გოცირიძე საიმედოს არ პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ვალუტის სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა ფულის მასა ნულამდეა დასული და მას ერთი-ორი გაბრძოლება კიდევ შეუძლია.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბრისას თავისუფალი სავალუტო რეჟიმის შემოღების შესახებ ნაციონალთა მოსაზრებას პოპულისტურს უწოდებს. მისივე განმარტებით, ქვეყანაში თავისუფალი სავალუტო სივრცის შექმნა თავიდანვე ბენდუქიძის იდეა იყო, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, მთავარი პრობლემაა პოლიტიკური ჭრილი და ამას დამატებული გარე ფაქტორები, რამაც გააუფასურა ლარის კურსი.

„პოლიტიკურ პრობლემაში ვგულისხმობ ქადაგიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო კუდის მოქნევას, რომლებიც საფინანსო სექტორში არიან. რაც შეეხება „გირჩის“ მოსაზრებას ფიქსირებული სავალუტო კურსის შესახებ, ვიტყვი, რომ საქართველოში შემოსული ინვესტორი გათვლას აკეთებს არა ქართულ ეროვნულ ვალუტაზე, არამედ - დოლარზე ან ევროზე. ანუ, ინვესტორი ქონების ღირებულებას, ჩასადები თანხის რაოდენობას ითვლის მყარი ვალუტით, დოლარითა და ევროთი. პოლიტიკური კრიზისი როცა მწვავდებოდა, ეს ხელოვნურად განპირობებულ ლარის კურსს უმალვე ეტყობოდა. საგარეო ფაქტორებიც ძალიან დიდია, ნავთობის ფასის დაცემა, დოლარის გამყარება მსოფლიოს ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით. ამიტომ, პირველ რიგში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს ფინანსისტი, აპოლიტიკური ფიგურა და პატრიოტი, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში არ შევა და არ გამოიყენებს ამ ბერკეტებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, - აცხადებს პაატა აროშიძე და რომან გოცირიძის ნათქვამსაც ეხმაურება ფულის მასის ნულამდე დასვლის შესახებ.

ექსპერტის თქმით, გოცირიძე არასოდეს მეცნიერული კუთხით კომენტარს არ აკეთებს და მისი კომენტარები გაჯერებულია ანტისახელმწიფოებრივი აზრით. რეალურად კი, ფულის მასა მართლაც არ არსებობდა, როდესაც გოცირიძე ედგა სათავეში საფინანსო საკითხებს საქართველოში და ნულამდე იყო დასული, როცა ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო. იმ პერიოდში ფინანსური მდგომარეობა ხელოვნურად იყო დაჭერილი გრანტებისა და საგარეო ვალების ხარჯზე, რასაც იმდროინდელი ხელისუფლება იღებდა.

მაკროეკონომიკის სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თავის დროზე დამოუკიდებლობა კი მივიღეთ, მაგრამ მაინც რუსეთის ცენტრალური ბანკის კანტორა იყო საქართველოს ბანკი, რომელსაც არც ემისიის უფლება ჰქონდა და არც დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა რუდუნებით შენდებოდა და ახლა ამ სისტემის დანგრევა და ავანტიურისტული იდეების შემოგდება მიუღებელია.

„მე ვღებულობდი მონაწილეობას ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებაში და შემიძლია ვთქვა, რომ ნაციონალთა მხრიდან თავისუფალი სავალუტო რეჟიმის შემოღების ინიციატივა უამრავ რისკს შეიცავს. სად გვაქვს ჩვენ ათასჯერ და ათიათასჯერ გაზომილი და აწონილი საბანკო სისტემის რისკზე წასვლის ფუფუნება? რომ ჩამოგვემხოს თავზე ეს საბანკო სისტემა, მერე რა უნდა ვქნათ? არ მახსენდება არც ერთი ქვეყნის პოზიტიური გამოცდილება, სადაც ასეთ „რეფორმას“ წარმატება მოეტანოს. სად უნახავთ ვიღაცის ნაჯღაბნის გადმოღება და 5-მილიონიანი ქვეყნის ბედზე შეგდება? გარდა ამისა, ვინ თქვა, რომ ფულის მასა ნულამდეა დასული? ასეთ გამონათქვამებს მხოლოდ საარჩევნო დატვირთვა აქვს. ახლა გამოიყენეს ნოყიერი ნიადაგი, რადგან ლარს გარკვეული პრობლემები აქვს, მაგრამ ლარს რომ პრობლემები აქვს, ესეც ნაციონალების ფულადსაკრედიტო პოლიტიკის, აჟიოტაჟური ფასების დამსახურებაა. ეს ყველაფერი მაოხრებელი გზირის თემას ჰგავს. თავისუფალი სავალუტო რეჟიმი შეუძლია შემოიღოს ისეთმა ქვეყანამ, რომელსაც ჭარბი სავალუტო რეზერვები აქვს. მაგალითად, სლოვენიას ყოველთვის ჭარბი დოლარის შემოდინების პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მათგანაც არ მომისმენია ასეთი ლოზუნგები“, - აღნიშნა ვაჟა კაპანაძემ.